Thumbnail

ნაპოლიში გატუზოს შემცვლელი შეარჩიეს - მისგან უარი ერთხელ უკვე მიიღეს

  • სავარაუდოდ, ნეაპოლის გუნდს მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება
  • გატუზო სეზონს ჩაამთავრებს, შემდეგ კი მის ადგილს მაურიციო სარი დაიკავებს
  • 62 წლის სპეციალისტს ნაპოლიში დაბრუნების დიდი სურვილი აქამდე არ ჰქონდა

ნაპოლი, რომელსაც ჯენარო გატუზო წვრთნის, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მაურიციო სარის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ სარიმ ნეაპოლელებს დაბრუნებაზე უარი ერთხელ უკვე უთხრა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ნეაპოლის კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელსაც თავის დროზე 62 წლის სპეციალისტთან უთანხმოება ჰქონდა, მაურიციოსთვის კიდევ ერთი შეთავაზების გაკეთებას აპირებს. 

მომავალ სეზონში სარიმ გატუზოს ადგილი უნდა დაიკავოს

როგორც ირკვევა, ნაპოლი ჯენარო გატუზოს მიმდინარე სეზონის ბოლომდე არ გაათავისუფლებს, მაგრამ ძალიან საეჭვოა, მომავალ სეზონში ის ისევ გუნდის მთავარ მწვრთნელად დატოვოს. 

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში ნაპოლიმ 22 ტურში 40 ქულის მოპოვება მოახერხა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩებიან. ახლახან იტალიური კლუბი ევროპალიგიდან გამოვარდა, სადაც ორი მატჩის ჯამში გრანადას ბარიერი ვერ დაძლია (0:2, 2:1). 

სარის ნაპოლის ჩემპიონობამდე სულ ცოტა ორჯერ დააკლდა

მაურიციო სარი ნაპოლის მთავარ მწვრთნელად 2015-18 წლებში მუშაობდა და კლუბი იტალიის ვიცე-ჩემპიონი ორჯერ - 2016 და 2018 წლებში გახადა. ნაპოლის შემდეგ სარიმ ლონდონის ჩელსისა და ტურინის იუვენტუსშიც იმუშავა, 2020 წლის ზაფხულის შემდეგ კი დაუსაქმებელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები