Thumbnail

ვილი სანიოლი: ესპანეთს და შვედეთს ჯგუფიდან გასვლა უნდა გავურთულოთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სპორტულ გადაცემაში “ტაიმ აუტი” და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის აზრით, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში რთულ ჯგუფში კი მოხვდა, თუმცა, უიმედობა მაინც არ უნდა იყოს:

“საქართველო ნამდვილად რთულ ჯგუფში მოხვდა – ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო. მაგრამ ჩვენ ამბიციაზე ვსაუბრობთ. ვხედავდი, რომ საქართველოს ნაკრებში გარკვეული ხარისხი იყო. ვიცნობდი საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ადრე მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ახლა ჩვენ ვთანამშრომლობთ, რადგან ვგრძნობ, მაფასებენ და ფეხბურთის განვითარება სურთ. მე აქ შედეგის მისაღწევად ჩამოვედი. ესპანეთი და შვედეთი შესარჩევი ჯგუფებიდან სულ გადიან, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ მათ გასვლა გავურთულოთ. გვსურს, რომ ამ ჯგუფში რთული ოპონენტები ვიყოთ. მთავარია, იცოდე ადგილობრივი კულტურა, რომ გაიგო, მოთამაშეებთან თანამშრომლობა როგორ ააწყო. მე უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებს უფრო ვიცნობ. მთავარი ამოცანაა, საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს დავაკვირდე. მე და ჩემი ასისტენტი ფუნქციებს გადავინაწილებთ, რომ ყველა საინტერესო მატჩს დავესწროთ”.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 15 თებერვალს დაინიშნა. მან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 2 წლის გახანგრძლივების შესაძლებლობით. 43 წლის ფრანგ მწვრთნელს საქართველოს ნაკრებში პირველი მატჩი ზუსტად ერთ თვეში, 25 მარტს, სტუმრად შვედეთის ნაკრებთან ელის. მარტში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის ეგიდით 6-დღიან მონაკვეთში სამ მატჩს ჩაატარებს – შვედეთის გარდა, ესპანეთსა (შინ) და საბერძნეთს შეხვდება (სტუმრად).

კომენტარები

ბოლო ამბები