Thumbnail

იანის ანტეტოკუნმპომ და ზაიონ უილიამსონმა დიდი ბრძოლა გამართეს! თამაში ბოლომდე დაძაბული იყო, მერე კი ზაიონი ბრუკ ლოპესმა “დაჩაგრა”, რაც იანისმა გამოიყენა - მისი ჩატენვით, საფინალო სირენამდე 79 წამით ადრე ანგარიში 128:125 გახდა.

თუმცა ნიუ ორლეანს მაინც მიეცა რამდენიმე შანსი. ბრენდონ ინგრემმა და ერიკ ბლედსომ სამქულიანები ვერ გამოიყენეს, მერე კი, მილუოკის დაკარგვას მოჰყვა კიდევ ერთი მომენტი, რომელიც პელიკანსმა ვერ გამოიყენა. 2,6 წამით ადრე დივინჩენცომ შეტევაში წესები დაარღვია და იანისმაც ჯარიმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

38 ქულით (14/27) და 10 მოხსნით ბერძენი ყველაზე პროდუქტიული გახლდათ. თუმცა მეოთხე პერიოდში კრის მიდლტონი გამოირჩა, რომელმაც თავისი 31 ქულიდან 13 სწორედ ბოლო მეოთხედში ჩააგდო. დივინჩენცოს 24 ქულა და 9 პასი ჰქონდა.

პელიკანსიდან ზაიონი დომინირებდა - 20 წლის უილიამსონმა 34 ქულა (15/26), 8 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა, თუმცა ბოლო ფაზაში ბევრი ვერაფერი მოახერხა. ლონზო ბოლმა (20 ქულა, 8 პასი) 6 სამქულიანი ჩააგდო, ინგრემის აქტივში 23 ქულა იყო.

33 მატჩის შემდეგ, 20 გამარჯვებითა და 13 მარცხით მილუოკი ბაქსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. პელიკანსს 14 მოგება და 18 წაგება აქვს - ზაიონის გუნდი დასავლეთში მე-11 პოზიციაზეა. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები