Thumbnail

NBA | გაკვეთილი დონჩიჩს და დალასს - ფილადელფიამ მავერიკსს არაფერი გააბედვინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ორი დღის წინ, ლუკა დონჩიჩმა ბოსტონთან ფანტასტიკურად ითამაშა და დალასს სამქულიანი ბაზერბითერით მოაგებინა, ახლა კი, მავერიკსი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ფილადელფიასთან ჩაიძირა! პენსილვანიელებმა დონჩიჩიც გააჩერეს და დანარჩენებიც, ბენ სიმონსს კი შესანიშნავი დღე ჰქონდა - 111:97 ფილას სასარგებლოდ.

სიმონსისა და ემბიიდის წინააღმდეგ დონჩიჩმა ვერაფერი გააწყო

სიქსერსთან ლუკამ თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ გამოავლინა, რასაც მისი საბოლოო შედეგი ადასტურებს: 19 ქულა, 4 პასი და 7 დაკარგვა. სიმონსთან ერთად (15 ქულა, 7 პასი), ფილადელფიელთა წარმატების მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ჯოელ ემბიიდი გახლდათ, რომელიც ყველაზე პროდუქტიული იყო - 23 ქულა, 9 მოხსნა. შთამბეჭდავი თამაში ჰქონდა სეტ კარისაც (15 ქულა), რომელმაც ყოფილ გუნდს სამივე სამიანი ჩაუგდო. დალასელებს ჯამში 22 დაკარგვა (!) ჰქონდათ, რაც ამ სეზონში ნეგატიური რეკორდია.

33 მატჩის შემდეგ, 22 გამარჯვებითა და 11 მარცხით ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციას კვლავ ლიდერობს და ბრუკლინ ნეტსს, რომელმაც ორლანდო 129:92 დაამარცხა და მოგებათა 8-მატჩიანი სერია აქვს, პირველ ადგილზე გადასვლის შანსს არ უტოვებს. დალასი კი დასავლეთში 15 მოგებითა და 16 მარცხით მე-10 ადგილზეა და პლეი ოფის ზონას 2 მოგებით ჩამორჩება. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები