Thumbnail
  • ტიერი ანრი MLS-ის კლუბი დატოვა
  • მონრეალიდან წასვლის ოფიციალური მიზეზი ოჯახურია

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ MLS-ის მონრეალი დატოვა, ოფიციალური მიზეზი ოჯახურია. 43 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციების გამო, დიდი ხნით მოუწია ოჯახთან განშორება, მაგრამ მას მეტი არ შეუძლია. 

ტიერი ანრი: "სინანულით ვადასტურებ, რომ ვტოვებ მონრეალის მწვრთნელობას. გასული წელი ჩემთვის ძალზე რთული იყო. პანდემიის გამო შვილებს ვერ ვნახულობდი. სამწუხაროდ, რეგულაციები ჯერაც ძალაშია და კვლავ დიდი ხნით მოგვიწევდა განშორება. ეს კი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის უკვე შეუძლებელია". 

ტიერი ანრიმ მონრეალი 2019 წლის ნოემბერში ჩაიბარა. შარშან გუნდი 4-წლიანი პაუზის შემდეგ პლეი ოფში გაიყვანა, რაც წარმატებად ჩაითვალა. მონრეალმა კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გააღწია, სადაც ჰონდურასის ოლიმპიასთან დამარცხდა. 

ევროპული მედია ანრის ჩემპიონშიპის ბორნმუთს უკავშირებდნენ, თუმცა ინგლისურმა კლუბმა სეზონის ბოლომდე ჯონათან ვუდგეიტი დანიშნა. ანრიმ სამწვრთნელო კარიერა ბელგიის ნაკრებში ასისტენტად დაიწყო, ამას მოყვა წარუმატებელი დებიუტი მთავარი მწვრთნელის რანგში მონაკოში. 

კომენტარები

ბოლო ამბები