Thumbnail
  • ორი ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ დინამო ბათუმის მიზანი პირველი ადგილია
  • აჭარული კლუბის ერთ-ერთ ლიდერს ახალ სეზონზე და გეგმებზე ველაპარაკეთ
  • ჯაბა ჯიღაური კლუბში ცვლილებსა და ეროვნულ ნაკრებზეც საუბრობს

შაბათს საქართველოს ჩემპიონატი იწყება. ზედიზედ ორი ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ დინამო ბათუმის ამოცანა ცხადია: გია გეგუჩაძის გუნდის მიზანი პირველი ადგილია. იმისათვის, რომ ოცნება რეალური იყოს, ბათუმელებმა გუნდი ბევრი ახალი ფეხბურთელით გააძლიერეს, თუმცა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და იმედი უცვლელია - ჯაბა ჯიღაური.

ახალი სათამაშო ფორმა [სეზონი 2021]

🌊🏟 ახალი სათამაშო ფორმა [სეზონი 2021] 🟠 europebet | 📰 popsport

Posted by FC Dinamo Batumi on Thursday, February 25, 2021


პოპსპორტი საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა - ჯაბას არა მარტო დინამო ბათუმისა და ეროვნული ლიგის ახალი სეზონის შესახებ, არამედ კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ველაპარაკეთ.

საუბარი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის შეფასებით დაიწყო. ჯიღაური თურქეთში გავლილი შეკრებით კმაყოფილია: "საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ და ჩემპიონატის დასაწყისი საინტერესო იქნება. იმედი მაქვს, ეს უშუალოდ თამაშებშიც გამოჩნდება," - ამბობს დინამოს მარჯვენა გარემარბი.

აჭარულ კლუბს წინა ორ სეზონში ჩემიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. გეგუჩაძის გუნდი წელსაც ფავორიტთა შორისაა, რადგან გუნდმა ძირითადი ბირთვი შეინაჩრუნა და ახალი, საინტერესო ფეხბურთელებიც დაიმატა. ჯიღაურს განსაკუთრებით ის ფაქტი ახარებს, რომ 1 აპრილიდან საქართველოში ფანებს სტადიონებზე მისვლა და საყვარელი გუნდების გულშემატკივრობა შეეძლებათ:

"მაგარი ამბავია, რომ აპრილიდან გულშემატკივრებს თამაშებზე დასწრება შეეძლებათ. ჩვენთვის ცუდია, რომ ჯერჯერობით ბათუმში თამაშს ვერ ვახერხებთ და იმედია, ესეც მალე გამოსწორდება. როგორც ამბობენ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მაისის შუა რიცხვებიდან ბათუმში ვითამაშებთ. სეზონის სტარტი ყოველთვის რთულია, მოლოდინი კი წელსაც იგივეა, რაც აქამდე იყო - ჩემპიონობა. უკვე ამდენი ხანია, პირველ ადგილს ვუმიზნებთ. ძალებს არ დავიშურებთ, რომ დინამო ბათუმმა ამ წარმატებას მიაღწიოს. ყველა ფეხბურთელი მოუთმენლად ელოდება სეზონის დაწყებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება. იმედი მაქვს, კორონავირუსი ხელს აღარ შეგვიშლის," - ოპტიმისტურადაა განწყობილი ჯაბა.

ჯაბა ჯიღაური დინამო ბათუმში 2019 წლიდან თამაშობს

ზემოთაც ვთქვით, რომ დინამო ბათუმმა ბევრი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ჯიღაური მიიჩნევს, რომ გუნდი გაძლიერდა და იმედოვნებს, რომ სეზონის მიმდინარეობა ამას გამოაჩენს: "გუნდი ცოცხალი ორგანიზმია - ყოველთვის მიდიან და მოდიან ფეხბურთელები. ტრანსფერებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ნამდვილად გავძლიერდით. ჩემი აზრით, ეს ცვლილებები გაამართლებს და სეზონი გამოაჩენს, რომ ახლა უფრო ძლიერი გუნდი ვართ. ჩემი მოლოდინი პირადად ეს არის - ისეთ დინამო ბათუმს ვნახავთ, როგორსაც მისი გულშემატკივარი იმსახურებს."

გეგუჩაძის გუნდისთვის ახალი სეზონი ქუთაისის ტორპედოსთან მატჩით იწყება. ჯაბა რთულ თამაშს ელოდება, რადგან მიიჩნევს, რომ ქუთაისში თამაში იოლი არასდროსაა და თანაც, სეზონის სტარტი ყოველთვის ძნელია:

"ამ დროისთვის ტორპედოზე დიდ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ვიცი, რომ ადვილი თამაში არ იქნება. ქუთაისში წარმატების მიღწევა ყოველთვის რთულია. თანაც, ეს სეზონის სტარტია და რთული ბრძოლის მოლოდინში ვართ. ყველა მეტოქეს დაფასება სჭირდება, მაგრამ უნდა დავამტკიცოთ, რომ წელს ჩემპიონობის ღირსეული კანდიდატები ვართ. დარწმუნებული ვარ, გუნდი ამას შეძლებს", - აღნიშნავს ბათუმელთა ლიდერი.

'დინამო ბათუმში ყოფნამ ბევრი მეგობარი შემძინა, ძალიან მაგარი გულშემატკივრებისთვის ვთამაშობ'

ჯაბას გასული სეზონის დასრულების შემდეგ ბათუმიდან წასვლა შეეძლო, რადგან კონტრაქტი ეწურებოდა, მაგრამ კლუბის წინადადებას დათანხმდა და ახალი ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისად, 28 წლის ნახევარმცველი ისევ აჭარელთა ღირსებას დაიცავს და როგორც ინტერვიუში აღნიშნა, სურს, რომ უკეთ ითამაშოს, ვიდრე აქამდე თამაშობდა:

"დინამო ბათუმში წელიწადნახევარი გავატარე. ჩემთვის ეს საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი იყო. მიხარია, რომ რაღაც წვლილი შევიტანე დინამო ბათუმის განვითარებაში - მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეორე ადგილზე გავდიოდით, მაგრამ ამ პერიოდში მე ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებდი. აქ ყოფნამ ბევრი მეგობარი შემძინა, ძალიან მაგარი გულშემატკივრებისთვის ვთამაშობ და მიხარია, რომ მხარდაჭერა არ გვაკლია. იმედი მაქვს, წინ უფრო უკეთესი ამბები გველოდება და მეც უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებ, ვიდრე შარშან ან შარშანწინ ვთამაშობდი," - გვითხრა ჯიღაურმა.

ჯაბა დინამო ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა

საკლუბო თემის გარდა, ჯაბასთან საუბრისას სანაკრებო თემასაც შევეხეთ. როგორც იცით, ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მას ნაკრებში სისტემატურად იძახებდა, ახლა კი ქვეყნის პირველ გუნდს ფრანგი ვილი სანიოლის სახით ახალი დამრიგებელი ჰყავს. ჯიღაური ნაკრებში გამოძახებას ახლაც ელოდება, მაგრამ იცის, რომ მწვრთნელის ნებისმიერი გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს:

"ყველამ იცის, როგორი ფეხბურთელი იყო სანიოლი. ვის გამოიძახებს ნაკრებში, ეს ყოველთვის მწვრთნელის პრეროგატივაა. მე მის გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში პატივს ვცემ და მზად ვარ ყველაფრისთვის. ყველა ფეხბურთელს აქვს მოლოდინი, რომ ნაკრებში გამოიძახებენ, დანარჩენს სანიოლი გადაწყვეტს. რაც შეეხება მის დანიშვნას: ამაზე ჩემი მხრიდან პასუხი არასწორი იქნება. ნამდვილად ვერ ჩავერევი ამ საკითხში, რადგან ეს ჩემი გადასაწყვეტი არ ყოფილა. ფეხბურთის ფედერაციამ ასე გადაწყვიტა და ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ერთად უნდა ვიბრძოლოთ წარმატებისთვის და იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში მოიგოს ნაკრებმა. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ოპტიმისტები უნდა ვიყოთ," - ამბობს ჯიღაური.

ჯიღაურს საქართველოს ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული

ჯაბას სანიოლთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს და ფიქრობს, რომ ფრანგი სპეციალისტისგან ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი ბევრს ისწავლის, რაც თავისთავად ეროვნულ ნაკრებს გამოადგება:

"ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი იქნება მასთან ერთად მუშაობა. ძალიან გამიხარდება, თუ ბევრ საინტერესოს ვისწავლი მისგან. არა მარტო მე, დარწმუნებული ვარ, სხვა ფეხბურთელებიც ბევრს ისწავლიან, რაც მთლიანობაში მომავლისთვის ეროვნულ ნაკრებს წაადგება," - ფიქრობს ჯაბა.

'საქართველოს ნაკრებს ძალიან რთული მეტოქეები ჰყავს, მაგრამ თამაში ყველასთან შეიძლება, მთავარია, არავისი გვეშინოდეს!'

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 25 მარტს, შვედეთში მატჩით დაიწყებს, რასაც ესპანეთთან და საბერძნეთთან შეხვედრები მოყვება - ეს ყველაფერი 6-დღიან ინტერვალში. წინ რთული თამაშებია, მაგრამ ჯიღაურის თქმით, წინასწარ წაგებასთან შეგუება არ შეიძლება: "ურთულესი მატჩები გველის, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ბევრჯერ დამტკიცებულა და მტკიცდება, რომ თამაში ყველასთან შეიძლება. დონე უფრო გათანაბრებულია. გრაფიკი ძალიან მჭიდროა, ძალიან რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ: თამაში ყველასთან შეიძლება. მთავარია, არავისი გვეშინოდეს. ფსიქოლოგიურად მოსაგებად მზად უნდა ვიყოთ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება."

ჯიღაურს საქართველოს ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია, მაგრამ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 12 თამაშში თავი 3-ჯერ გამოიჩინა. მათ შორის, 2014 წლის 4 სექტემბერს, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებთან და ამ გოლით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1:0 მოიგო. ნიდერლანდების იმ ნაკრებში ნათან აკე, მარკო ვან გინკელი, კარიმ რეკიკი, ჟან-პოლ ბოეტიუსი, ტონი ვილენა თამაშობდნენ.

📺 U21: ჯიღაურის გოლი ნიდერლანდების ნაკრებთან [2014]

ვაისი ჯიღაურს ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის იწვევდა, მაგრამ თავის პოზიციაზე თითქმის არასდროს იყენებდა და ძირითადად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ათამაშებდა. უფრო მეტიც: ერთხელ მარცხენა მცველის როლიც მოარგო. ჯაბა მიიჩნევს, რომ რთულია, როდესაც კლუბში შეტევაში თამაშობ და უცებ დაცვით ფუნქციებზე გადაწყობა გიწევს, მაგრამ ეროვნულ გუნდში თამაში უდიდესი ბედნიერებაა და მზადაა, ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს:

"ბოლო პერიოდში უნივერსალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. თითქმის ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში. ნაკრებში ყოფნა ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა და სადაც არ უნდა დაგაყენონ, უნდა გახვიდე მოედანზე და ყველაფერი გააკეთო წარმატებისთვის. ესტონეთთან მარცხენა მცველის პოზიციაზე ვითამაშე. ეს ნაკრებია და ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო, მაგრამ აქ სხვა საკითხიცაა - მაქსიმუმი რომ გააკეთო, უნდა შეგეძლოს კიდეც. მარტივი ნამდვილად არ არის, როდესაც კლუბში შემტევად გიწევს თამაში, ორიენტირებული ხარ შეტევაზე, გოლებზე, საგოლე პასებზე და მერე უცებ ნაკრებში 1-2 კვირის განმავლობაში დაცვაზე გიწევს გადაწყობა, შემდეგ ისევ კლუბში გადაერთვები და უნდა შეუტიო... ნამდვილად რთულია და ამას ნებისყოფა სჭირდება, საკუთარი თავის მოტივირება და ფსიქოლოგიური მზადყოფნა, რომ შენს თავს უთხრა - დღეს თუ ნაკრებში მცველი ვარ, მცველი უნდა ვიყო... ამას ძალა სჭირდება." - მიაჩნია ჯიღაურს.

'ყველა მწვრთნელს თუ ფეხბურთელს საკუთარი მინუსები გაგვაჩნია და არ შეიძლება, რომ ერთი მინუსის გამო ადამიანს ხაზი გადაუსვა'

28 წლის ნახევარმცველი ვაისის გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებს, თუმცა სლოვაკი სპეციალისტის მინუსზეც გვესაუბრა - დაგვიანებული ცვლილებები, რასაც ბევრი ამჩნევდა. მიუხედავად ამისა, ჯიღაურის თმით, სუსტი მხარეები ყველას აქვს და ამის გამო ადამიანზე ხაზის გადასმა არ შეიძლება:

"ვაისის მუშაობას საბოლოო ჯამში საკმაოდ ნორმალურად შევაფასებდი. რაც უნდა იყოს, ფინალამდე მივედით და ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, რაც მანამდე არასდროს მომხდარა. არ აქვს მნიშვნელობა, რა დონის ტურნირი იყო და რა დონის გუნდებს ვეთამაშებოდით. ისტორიაში ყველაზე მეტად ალბათ ასეთ ნაკრებებთან, საშუალო დონის მეტოქეებთან გვიჭირდა თამაში და ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება, ერთ მუშტად შეკვრა და ასეთი ნაკრებების დამარცხებაც ვისწავლეთ. აღარ ვიყავით ყველა თამაშზე აუტსაიდერები და პირველ ნომრადაც ვთამაშობდით, გამარჯვების მოლოდინი იყო და ეს ნამდვილად შეძლო ვაისმა. იმედი მაქვს, რომ ნაკრებში ეს მუხტი შენარჩუნება. რაც შეეხება მინუსებს: გარედანაც კარგად ჩანს, რომ შეცვლებს აგვიანებდა, ცვლილებებს ყოველთვის ბოლოსკენ აკეთებდა და ეს შეიძლება მინუსად ჩავთვალოთ. მთლიანობაში, ყველა მწვრთნელს თუ ფეხბურთელს, საკუთარი მინუსები გაგვაჩნია და არ შეიძლება, რომ ერთი მინუსის გამო ადამიანს ხაზი გადაუსვა, ან პატივი არ სცე. მითუმეტეს, ნაკრებმა წარმატების მიღწევა ისწავლა. ერთი სიტყვით, საბოლოო ჯამში, მის მუშაობას დადებითად ვაფასებ", - ამბობს ქართველი შემტევი.

ვაისი ჯიღაურს ნაკრებში უმეტესად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ათამაშებდა

ჯიღაური 2016-2018 წლებში სკოპიეს ვარდარში თამაშობდა. შესაბამისად, ასე თუ ისე, მაკედონიურ ფეხბურთს კარგად იცნობს და მისგან კიდევ უფრო საინტერესო იყო იმის მოსმენა, თუ რის ხარჯზე მოახერხა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა 3 თვის წინ თბილისში გამარჯვება:

"მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიური მომზადება იყო. გამოჩნდა, რომ ამ კუთხით ცოტა მზად არ ვიყავით ასეთი დონის თამაშისთვის. ძალიან დიდი წნეხი იყო და ფაქტია, ვერ გავუძელით. ჩვენი გუნდი ასეთ თამაშებს მიჩვეული არ არის. ამ მხრივ არც მაკედონიაა განებივრებული, მაგრამ უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავდათ. მაგალითად, მარტო გორან პანდევის გამოცდილება ალბათ მთელი ჩვენი ნაკრების გამოცდილებას აღემატებოდა. თუმცა ეს ფინალი იყო და ერთი თამაშის მოგება ყველასთან შეიძლება. თუნდაც ერთი კონკრეტული 90 წუთი ესპანეთს ნაკრებსაც კი მოვუგეთ და ახლაც შეიძლებოდა, ოღონდ ფსიქოლოგიური მზადყოფნა გადამწყვეტი იყო. ვერ ვიტყვით, რომ მაკედონიამ თამაშში ძალიან გვაჯობა, ერთი მომენტის თამაში იყო, რომელიც პანდევმა გამოიყენა. ჩვენც გვქონდა შანსი, პირველ ტაიმში იყო რამდენიმე მომენტი, რომელიც დღესაც ძალიან კარგად მახსოვს და შეიძლებოდა გამოყენება, გოლის გატანა. ეს არის ზუსტად გამოუცდელობა, ემოციური დამოკიდებულება. გარდა ამისა, ზედმეტადაც ვღელავდით," - ასე აფასებს ჯიღაური ფინალში მარცხს.

ზაფხულში დინამო ბათუმს უეფას ახალ ევროტურნირზე თამაში მოუწევს  და მიზანი კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება. ჯიღაურს ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება აქვს და გუნდში მისი ამ თვალსაზრისითაც ეიმედებათ. ჯაბამ 2017/18 წლების სეზონში ვარდართან ერთად ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და პლეი ოფში სკოპიელებმა სტამბოლის ფენერბაჰჩეს 2:0, 2:1 აჯობეს. თურქეთში ერთი გოლი სწორედ ჯაბამ გაიტანა.

📺 ჯიღაურის გოლი ფენერბაჰჩესთან [2017]

მას საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონის ჩემპიონატის დონეებიც შევადარებინეთ და ამასთან, გვიპასუხა კითხვაზე, რას უკავშირება, რომ ევროპის ტოპჩემპიონატებში მაკედონიელი ფეხბურთელები სისტემატურად ხვდებიან, ქართველები კი - ვეღარ:

"რომ ვთქვა, მაკედონიის ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატზე უკეთესია, მოვიტყუები. პირიქით, საქართველოში უკეთესი დონეა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით - მე რომ ვთამაშობდი მაკედონიაში, იმ დროს კიდევ უკეთესი დონე იყო და ვარდარი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპაზეც გავიდა. სწორედ იმ გუნდიდან მაკედონიის ნაკრებში ახლა 6-7 ფეხბურთელი თამაშობს - ჩემი ყოფილი გუნდელები, რომელთაგან ზოგი ფერენცვაროშში წავიდა, ზოგი ფეჰერვარში და ლეჩეში. ახლა ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდნენ, ევროპული კლუბებიდან დაინტერესება უფრო გაიზრდებოდა და ჩვენც რომ გავსულიყავით, ჩვენს ფეხბურთელებზეც მეტი მოთხოვნა იქნებოდა. რაც შეეხება ტოპლიგებში მაკედონიელთა სიმრავლეს: რატომღაც მაკედონიას ყველა ევროპულ ქვეყნად აღიქვამს, საქართველოს კი სამწუხაროდ, ასე არ უყურებენ და ესეც ერთ-ერთი მიზეზია", - დასძინა ჯაბამ.

ჯაბა ჯიღაური დინამო ბათუმის რიგებში 2019 წლიდან თამაშობს და 34 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. მანამდე, ქართველ ფეხბურთელს დინამო თბილისში, საჩხერის ჩიხურაში, მაკედონიურ ვარდარში, ყაზახურ ორდაბასსა და ფრანგულ გრენობლში უთამაშია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 19 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები