Thumbnail

'რამდენს მოითხოვს მეცი?' - მიქაუტაძე ბელგიური ლიგის საუკეთესოებში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ბელგიურმა Voetbalnieuws-მა პროქსიმუს ლიგის (მე-2 დივიზიონი) 11 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომლებიც დღესვე მზად არიან ქვეყნის პირველ დივიზიონში ითამაშონ. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ჩამონათვალში სერენის 20 წლის თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძეც მოხვდა, რომელიც ლიგის ბომბარდირთა შორის იმყოფება. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი ახალგაზრდა შემტევის შესახებ:

“დიდი ხნის განმავლობაში, მიქაუტაძე პროქსიმუს ლიგის მთავარი მეგოლე იყო: მას სასტარტო 10 მატჩში 15 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა. მას შემდეგ, იძულებითი პაუზის გამო, ჟორჟმა ტემპი მცირედით დააგდო და აქტივს მხოლოდ 1 გოლი შემატა. მიუხედავად ამისა, 20 წლის ფრანგს (სტატიაში სწორედ ასეა მოხსენიებული) საშუალოდ 80 წუთში გააქვს და შეუძლებელია, ეს ინტერესს არ იწვევდეს. ახლა, იმას უნდა დავაკვირდეთ, ისურვებს თუ არა მასთან გამოთხოვებას ფრანგული მეცი, რომელთანაც ჟორჟს კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და თუ ისურვებს, მის სანაცვლოდ რამდენს მოითხოვს”.

ნახსენებ საიტზე გამოკითხვაც მიმდინარეობს, რომელმაც პროქსიმუს ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოავლინოს. ამ დროისთვის, მიქაუტაძეს ხმების 13% აქვს და ის მხოლოდ სენ ჟილუას 22 წლის თავდამსხმელ დანტე ვანზიეს ჩამორჩება, რომელსაც 20 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. 

20 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში 16 გოლი აქვს გატანილი

ცნობისთვის, სერენი ბელგიის პროქსიმუს ლიგაში მე-2 ადგილზეა და ლიერსთან მატჩისთვის (28 თებერვალს) ემზადება. ჟორჟს 16 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა. წლეულს მან მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი გამართა, რაც დისკვალიფიკაციით და თამაშის გადადებით იყო გამოწვეული.

მიმდინარე წელს მიქაუტაძეს ჩემპიონატში გოლი არ აქვს, თუმცა, ამხანაგურ თამაშებში ლოკერენსა და გენკს გაუტანა. ბოლო პერიოდში აქტიური საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ ჟორჟი ქართულ პასპორტს მიიღებს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები