Thumbnail

'გაშვება სანაკრებო პაუზის წინ ითხოვა' - ბურჯანაძეს გრან კანარიას დატოვება სურს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და ესპანური გრან კანარიას წევრი ბექა ბურჯანაძე კანარელთა რიგების დატოვებასა და ახალი კლუბის მოძებნას ცდილობს. ამის შესახებ Canarias7 წერს:

“გრან კანარიას, რომელსაც პორფი ფისაკი წვრთნის, დასვენების კვირა აქვს, მარტიდან კი უმნიშვნელოვანესი კვირა ელის. გუნდი ევროთასის ეგიდით მონტენეგროულ მორნარ ბარსა და რუსულ უნიკსს ეთამაშება, ლიგა ენდესაში კი ესტუდიანტესს, უნიკახას, გიპუზკოასა და ბასკონიას დაუპირისპირდება, თუმცა, ამ შეხვედრებში, დიდი ალბათობით, ჯეიკობ ვილისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე ითამაშებს. ვილი, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, სავარაუდოდ, კარიერას სარაგოსაში განაგრძობს, რაც შეეხება ბურჯანაძეს, მან გუნდიდან გაშვება ჯერ კიდევ სანაკრებო პაუზის წინ ითხოვა, თუმცა, უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ გრან კანარია მას მაინც დაემშვიდობება და ბურჯანაძეს იმ გზის გავლა მოუწევს, რაც დელა ვალემა და ფერარიმ გაიარეს”.

ცნობისთვის, იტალიელი ამედეო დელა ვალე კანარელთა რიგებში გასული წლის ივლისში ჩაირიცხა, თუმცა, იქ მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, ოქტომბერში კი მონტენეგროს საუკეთესო გუნდ ბუდუჩნოსტში ჩაირიცხა. თავის მხრივ, ამერიკელი ფრენკი ფერარიმ გრან კანარიაში ასევე ზაფხულში გამოჩნდა, დეკემბერში კი მალაგის უნიკახას მიაშურა.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ბურჯანაძეს გრან კანარიას შემადგენლობაში დამკვიდრება უჭირს და კარგი თვალით არც გუნდის მთავარი მწვრთნელი უყურებს. ამ დროისთვის, ქართველი ფორვარდის საშუალო მონაგარი ასე გამოიყურება: 16:33 წუთი, 5.7 ქულა, 3.1 მოხსნა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 6.9.

კომენტარები

ბოლო ამბები