Thumbnail

ირაკლი აბუსერიძე: ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ მორიგი განცხადება გაავრცელა იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ რაგბშია შექმნილი:

“საბედნიეროდ, გუშინ, საქართველოს რაგბის კავშირი კიდევ 10 დღის ვადით დარჩა რაგბის კავშირად და არ იქცა კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიად. ისევ გვაქვს შანსი და რაც ყველაზე მთავარია, ისევ გვაქვს არჩევანი! 

ქართული რაგბის და ვეტერანი ბორჯღალოსნების სახელით, მე, თავად ბორჯღალოსანი, ირაკლი აბუსერიძე და ჩემი გუნდი, მოგმართავთ ყველას, ვინც 10 დღეში კვლავ დადგებით იგივე არჩევანის წინაშე: არჩევანი რთული არ არის! ან გვექნება რაგბი, ან არა! ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია! როგორც მე ვერ გავხდები 10 დღეში მშენებელი, ისე ვერ გახდება მშენებელი იოსებ ტყემალაძე მორაგბე. 

არჩევანი ნამდვილად არ არის რთული, მაგრამ ვიცი, რომ ეს არჩევანი არის მძიმე. ვიცი რა მუქარებსაც ისმენთ მუნიციპალური კლუბები. ვიცი, რა ხალხიც არის ჩარეული და რამდენს უნდა ეს კავშირი საშოვარ ადგილად აქციოს. გახსოვდეთ, ეგეთი ხალხი მოვა და წავა. აი სტადიონიდან წასული, იმედგაცრუებული გულშემატკივარი უკან აღარ მოვა! ბევრი მაგალითი გვაქვს ამის. გახსოვდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც სპორტი ავირჩიეთ ცხოვრების გზად და რაგბი ცხოვრების წესად, გულშემატკივართან ვართ ანგარიშვალდებული! გაიხსენეთ ხალხით სავსე სტადიონი, გაიხსენეთ ტაშის ხმა, გაიხსენეთ გახარებული სახეები, გაიხსენეთ გამარჯვება და გვერდზე დაგვიდექით, რომ 10 დღეში ისევ ერთად გავიმარჯვოთ!

არჩევანი ასეთია: ან გვექნება რაგბი, ან არა! ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია!”.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც 24 თებერვალს ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე (ყრილობა) უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. ამის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახდა. ქვორუმისთვის საჭირო 50 ხმა და შესაბამისად, ყრილობის ჩატარება, რომელზეც მხოლოდ 44 სუბიექტი გამოცხადდა, ვერ მოხერხდა. შედეგად, ყრილობა გადაიდო და ის 10-30 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. დებულების თანახმად, განმეორებით ყრილობაზე ქვორუმისთვის საკმარისი 38 ხმა იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა იოსებ ტყემალაძე, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ კი, რომელმაც გასული წლის 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, დარღვევების საბაბით, რეგისტრაციაში აღარ გაატარა, 24 თებერვალს ჩანიშნულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები