Thumbnail

კაცნაკლულმა ატალანტამ ვერ გაძლო - რეალს ფერლან მენდიმ მოაგებინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბერგამოში ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ატალანტამ მადრიდის რეალს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩის გმირი რეალის ფრანგი მცველი ფერლან მენდი გახდა. 

ჯანპიერო გასპერინის გეგმები ნაადრევად აირია, რადგან უკვე მე-17 წუთზე მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ. არბიტრმა რემო ფროილერის უხეშობა შეტევაში ჩართული ფერლან მენდის წინააღმდეგ ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და შვეიცარიელი ნახევარმცველი მოედნიდან გააძევა.

ატალანტა რეალის წინააღმდეგ კაცნაკლული მალევე დარჩა

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალი ბურთს ფლობდა, კაცნაკლული ბერგამოელები მთელი გუნდით დაცვაში არ ჩამჯდარან. სტუმრებსაც მომენტები სულ თითზე ჩამოსათვლელი ჰქონდათ. განსაკუთრებით მწვავე კი ტაიმის მიწურულს, საჯარიმოდან ლუკა მოდრიჩის ჩაწოდება გამოვიდა, რის შემდეგაც თავით კაზემირო ურტყამდა. ატალანტას კარი პიერლუიჯი გოლინიმ გადაარჩა, რომელიც ბურთს ადგილზე დახვდა.

შესვენების შემდეგ ატალანტამ დიდი ძალებით თავდაცვაზე ზრუნვა მაინც დაიწყო, რეალის იერიშები კი მასიური გახდა, მაგრამ გოლინის კარში ბურთი თითქმის არ მიდიოდა და ეს დიდწილად მადრიდელთა ერთფეროვანი თამაშის ბრალიც იყო. ატალანტა თავს კარგა ხნის განმავლობაში წარმატებით იცავდა.

ლუკა მოდრიჩმა ევროთასებზე მე-100 მატჩი ჩაატარა

მაგრამ ბერგამოელებმა გოლი მატჩის მიწურულს მაინც გაუშვეს. ლუკა მოდრიჩის პასის შემდეგ, შეტევაში ჩართულმა ფერლან მენდიმ საჯარიმოს გარედან ზუსტად გაისროლა. პიერლუიჯი გოლინი უძლური იყო, კარი გადაერჩინა.

მადრიდის რეალმა სტუმრად ბერგამოში მოიგო და საპასუხო დაპირისპირების წინ, რომელიც მადრიდში 16 მარტს ჩატარდება, 1/4-ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა. ჯანპიერო გასპერინი და მისი შეგირდები კი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე - შინ,  ესპანეთის დედაქალაქში სულ უშანსოდ არ მიდიან.  

📺 ატალანტა V რეალი

ატალანტა 0:1 რეალი

გოლი: 0:1 მენდი (86’)
ატალანტა (3-4-1-2): გოლინი - ტოლოი, რომერო, ჯიმშიტი -  მელე (85’ პალომინო), დე რონი, ფროილერი, გოსენსი - პესინა - საპატა (30’ პაშალიჩი ), მურიელი (56’ ილიჩიჩი, 86’ მალინოვსკი).
რეალი (4-3-3): კურტუა - ვასკესი, ვარანი, ნაჩო, მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ასენსიო (76’ არიბასი), ისკო (76’ დურო), ვინისიუსი (57’ დიასი).

კომენტარები

ბოლო ამბები