Thumbnail
  • რომის ლაციო ბაიერნთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია
  • ამის შესახებ იტალიური კლუბის მწვრთნელმა ისაუბრა
  • სიმონე ინძაგის თქმით, მისმა გუნდმა წნეხის გარეშე უნდა ითამაშოს

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ბაიერნმა ბოლო ორი თამაში ჩააგდო (არმინიასთან 3:3, აინტრახტთან 1:2), რომის ლაციოსთან ‘ოლიმპიკოზე’ დაგეგმილ დღევანდელ მატჩში მაინც აბსოლუტურ ფავორიტადაა მიჩნეული. თუმცა რომაელთა მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის, რომელიც ლაციალეს 2016 წლიდან წვრთნის, ეს ამბავი საერთოდ არ აღელვებს. 44 წლის ექს-ფორვარდს სწორედ ის მოსწონს ყველაზე მეტად, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უძლიერესს უპირისპირდება.

სიმონე ინძაგი პირველ რიგში იმითაა ბედნიერი, რომ ლაციომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა შეძლო: “ეს უკვე ძალიან მაგარი ამბავია და ადასტურებს იმას, რომ 5 წლის მანძილზე კარგად ვიმუშავეთ.” - ამბობს ლაციოს მწვრთნელი და ცდილობს, თავის ფეხბურთელებს რეკორდმაისტერთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ წნეხი მოუხსნას.

PREVIEW | მერე რა, რომ პრობლემები აქვს - ბაიერნი რომშიც ფავორიტია

“ჩემმა ფეხბურთელებმა ამ თამაშს უნდა შეხედონ, როგორც ბონუსს. გვინდა, რომ ამ დუელს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე, თავისუფალი და მსუბუქი განწყობით შევხვდეთ, რადგან წლების მანძილზე სწორედ ასეთ დღეებზე ვოცნებობდით, ამისთვის ვშრომობდით. ახლა კი ოცნება ახდენილია, ეს თამაში არის ალუბალი ტორტზე, ბონუსი იმ დიდი შრომისთვის, რაც ამ წლებში გუნდში ჩავდეთ. ბაიერნთან ბრძოლისთვის მზად ვართ!”

სიმონე ინძაგის განსაკუთრებით მიროსლავ კლოზესთან შეხვედრა ახარებს, რომელიც ახლა ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის ასისტენტია. კლოზე 2016 წელს ინძაგის ხელმძღვანელობით თამაშობდა ლაციოში. “ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში მირო ძალიან მეხმარებოდა,” - ამბობს ლაციოს დამრიგებელი.

ლაციოსა და ბაიერნის დაპირისპირება სამშაბათის ტოპ-მატჩია, რომელიც თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები