Thumbnail
  • ამ კლუბების უმეტესობა დღეს თითქმის აღარავის ახსოვს
  • რამდენიმე დიდი წარსულის მქონე გუნდი ევროპის მასშტაბით

შარშან, მარსელო ბიელსამ ლიდს იუნაიტედი 18-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დააბრუნა და კლუბს მეორე სიცოცხლე აჩუქა. ჩემპიონშიპში დაქვეითებამდე, ლიდსის ფეხბურთის ელიტაში გამონათებები სტარტს 60-იანი წლებიდან იღებდა, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული დონ რივი გახლდათ.

ლიდსივით ბევრ გუნდს არ უმართლებს. რამდენიმე მათგანს, ქვემოთ მოცემულ სიაშიც შეხვდებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხბურთის კლუბების კონტრასტული ცხოვრება ჯანსაღი საფეხბურთო კულტურის ნაწილია. ამის დასანახად, ქვედა ლიგებში ბოდიალი სულაც არ არის საჭირო, თანამედროვე ძლევამოსილ გრანდებს გადახედეთ და მათი შედეგების 20-წლიან დინამიკას მიჰყევით...

#1 ნოტინგემ ფორესტი

ფორესტი მსოფლიო ფეხბურთში ერთადერთი კლუბია, რომელსაც ევროპის ჩემპიონთა თასი (2) უფრო მეტჯერ აქვს მოგებული, ვიდრე ქვეყნის შიდა ჩემპიონატი (1). ინგლისის უძველესი პროვინციული გუნდი ბრაიან კლაფმა 70-იან წლებში ევროპის დომინანტ ძალად აქცია, მაგრამ დღეს ნოტინგემის სახელს იშვიათად თუ გაიგონებთ. გუნდი უკვე 22 წელია ჩემპიონშიპში დაცურავს და 2005-08 წლებში საერთოდ რანგით მესამე დივიზიონში იყო დაქვეითებული.

#2 ჯენოა

ლომბარდიის (ინტერი, მილანი) და პიემონტის (იუვენტუსი, ტორინო) გარეთ, ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული იტალიაში ლიგურიის რეგიონს აქვს, სადაც ჯენოა და სამპდორია თამაშობენ. ჯენოა 9 ჩემპიონობით დიდი სამეულის შემდეგ დგას - მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს საზღვაო რესპუბლიკის ქალაქის გუნდს სკუდეტო 1924 წლის შემდეგ არ მოუგია. ჯენოა ყველაზე ძველი იტალიური გუნდია, ვინც დღემდე ცოცხლობს და მისი ისტორია 127 წელს ითვლის.

#3 სენტ-ეტიენი

მარსელი, ლიონი, პსჟ - ბოლო 30 წელია საფრანგეთიდან მხოლოდ ამ გუნდების სახელები გვესმის. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სტატუსს (10 ჩემპიონობა) სენტ-ეტეინი დღემდე ინარჩუნებს, რომელმაც ტიტული ბოლოს 1980-81 წლების სეზონში მოიგო. კლუბს, განვითარების პიკისთვის, 1976 წელს გლაზგოში, ჩემპიონთა თასის ფინალში უნდა მიეღწია, თუმცა ფრანგებმა ბურთი ძელს ორჯერ მოარტყეს და ბაიერნთან მატჩი მინიმალური სხვაობით - 0:1 დათმეს.

#4 ჰიბერნიანი

შოტლანდიის დედაქალაქში, ედინბურგში, ორი კლუბი თამაშობს - ჰიბერნიანი და ჰართსი. ჰიბსი, ქალაქის ირლანდიური კომუნის გუნდია, რომელსაც ოქროს წლები 50-იანებში ჰქონდა, როდესაც გუნდის ღირსებას ‘დიდი ხუთეული’ იცავდა. სმიტი, ჯონსტონი, რაილი, ტურნბული, ორმონდი - ამ ხუთეულით ჰიბერნიანი პირველი ბრიტანული გუნდი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასზე ითამაშა, სადაც ნახევარფინალამდე მივიდნენ და ფინალამდე ერთი ნაბიჯი, ფრანგულ რეიმსთან მარცხის გამო დააკლდათ.

#5 შეფილდი

შეფილდის ფეხბურთის კლუბი (არც უენსდი და არც იუნაიტედი), ფიფას მიერ მსოფლიოში ყველაზე ძველ ფეხბურთის კლუბადაა აღიარებული, რომელიც დღემდე თამაშობს. შეფილდი 1857 წელს დაარსდა და წელს 163 წელი შეუსრულდა. მადრიდის რეალთან ერთად, შეფილდი ერთადერთი გუნდია, რომელიც ფიფას ღირსების ორდენს ფლობს. კლუბის 150 წლისთავისთვის მიძღვნილ იუბილეზე, ქალაქს მილანის ინტერი და თვით ამ სპორტის მეფე - პელე ეწვია. დღეს ყველაზე ძველი კლუბი ინგლისის ჩრდილოეთის პრემიერლიგაში, რანგით მერვე დივიზიონში თამაშობს.

#6 პრო ვერჩელი

ადრეული იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთი გიგანტი, სერია C-ს და B-ს მუდმივი ბინადარი პრო ვერჩელია. როდესაც იტალიაში ფეხბურთით დიდი შესაძლებლობების მქონე ინდუსტრიული ქალაქები და მათი გუნდები დაინტერესდნენ (მილანი, ტურინი და ა.შ.), პრო ვერჩელიმ 7 საჩემპიონო სეზონის (1908-1922 წლებში) შემდეგ, ცხრილის შუაში გაჭედილი გუნდების კატეგორიაში გადაინაცვლა. 1935 წელს კი საერთოდ სერია A-დან გავარდა და მას შემდეგ უმაღლეს დივიზიონში აღარ დაბრუნებულა.

#7 ნიურნბერგი

კლუბის მეტსახელი ‘ლეგენდა’ ალბათ ბევრ რამეზე მეტყველებს. ‘რეკორდმაისტერის’ წოდებას ნიურნბერგი 60 წელი ატარებდა, სანამ ეს ‘ტიტული’ საბოლოოდ მიუნხენის ბაიერნთან არ დათმო. ბავარიელებს ‘მაისტერშალე’ 9-ჯერ აქვთ მოგებული, ბოლოს 1968 წელს და 53 წლის შემდეგაც, ამ მაჩვენებლით ბაიერნის შემდეგ მეორე ადგილს იკავებენ. კლუბში ბევრ დიდ მოთამაშეს უთამაშია, მათ შორის ერთ-ერთი გამოსარჩევი მაქს მორლოკია - 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, რომელმაც ნიურნბერგის მაისურით 24 წელი ითამაშა (1940-64) და ამ პერიოდში 588 გოლის გატანა შეძლო.

#8 ვენის გუნდები

ვენის გუნდები ‘აუსტრია’ და ‘რაპიდი’ შეიძლება დღეს ვერ ბრწყინავენ, მაგრამ სხვადასხვა დროს ევროპული ფეხბურთის რუკაზე საპატიო ადგილს იკავებდნენ. ჯამში 106 შიდა ტიტულის გარდა, ავსტრიელებს უეფას ევროტურნირების წინაპარი - მიტროპას თასი 4-ჯერ აქვთ მოგებული. ვენის აუსტრია ‘ვუნდერტიმის’ ერთ-ერთი საბაზისო გუნდი გახლდათ, მატიას სინდელარის თაოსნობით, რომელიც "ანშლუსის" შემდეგ დაიშალა. თუმცა ოკუპაციას და მესამე რაიხთან ავსტრიის შეერთებას სპორტული წარმატება მაინც მოჰყვა - რაპიდი 1941 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა. ვენურ გუნდებს, ჯამში 3 თასების თასის ფინალი აქვთ წაგებული - 1978 , 1985 და 1996 წლებში.

#9 ანდერლეხტი

ბელგიის ჩემპიონატი ბრიუსელის გუნდს 34-ჯერ აქვს მოგებული, თუმცა, ამაში დიდად გასაკვირი ალბათ არაფერია. მაგრამ ანდერლეხტის შიდა ასპარეზზე წარმატებას ზურგს 6 ევროთასის ფინალი უმაგრებს! ჯამში უეფას სუპერთასების ჩათვლით, ბელგიელებს 5 ევროტურნირი აქვთ მოგებული. კლუბის ყველაზე წარმატებული ეპოქა ჰოლანდიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის - რობ რენსენბრინკის ეპოქას (1971-80) უკავშირდება, სადაც 1978 წლის მუნდიალის სიმბოლომ, კლუბის მაისურით 173 გოლის გატანა შეძლო და ანდერლეხტს არაერთი ტიტული მოაგებინა.

#10 ჰადერსფილდ თაუნი

ჰადერსფილდი 1920-იან წლების ინგლისში ერთი-ერთი დომინანტი კლუბი გახლდათ - სამჯერ ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ორჯერ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. ამ ყველაფრის აქრიტექტორი კი ინგლისური სამწვრთნელო სკოლის პიონერი - ჰერბერტ ჩეპმენი გალხდათ, რომელმაც ფეხბურთში უამრავი სიახლე დანერგა, მაგალითად - მაისურზე ნომერი, მოედნის განათება და უამრავი წვრილი დეტალი, რის გარეშეც დღეს ფეხბურთი წარმოუდგენელია. ასევე, ჰადერსფილდი კიდევ ერთი დიდი მწვრთნელის - ბილ შენკლის კარიერული ტრამპლინი იყო, თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები