Thumbnail

ქართულ რაგბიში დაპირისპირებამ ახალი ძალით იფეთქა მას შემდეგ, რაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდადატად მოულოდნელად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა. გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია და სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერით სარგებლობს. ამ სიახლეს ტელეკომპანია “მთავარ არხთან” საუბარში პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე და მისი გუნდის წევრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კანდიდატი ირაკლი მაჩხანელი გამოეხმაურნენ.

ირაკლი აბუსერიძე: "როდესაც გარე ძალები ერევიან და ასე სარგებლობენ თავისი გავლენებით, ეს ყოველთვის უფრო ხლიჩავს, უფრო ანადგურებს და ნგრევისკენ მიდის ქართული რაგბი. დადის კლუბებთან, ჯერ 600 მილიონი მოჰქონდა, მერე 200 მილიონი, დღეს 20 მილიონზე ჩამოვიდა. ის, რომ კლუბებთან ბიძინა ივანიშვილის სახელს ახსენებს, მე მაგას ვერ დავეთანხმები. უბრალოდ, ამ ადამიანს მეტი სათქმელი არაფერი არ აქვს, იმიტომ, რომ ქართულ რაგბთან არანაირი კავშირი არ ჰქონია”.

ირაკლი მაჩხანელი: “ბაჩო ხურციძისგან სოსო ტყემალაძის განსხვავება ის არის, რომ მან თავის თავზე თვითონ აიღო ზეწოლების ორგანიზება, ბაჩოს კი ირაკლი კობახიძის მამის  გია კობახიძისა და გივი ჭიჭინაძის დახმარება სჭირდებოდა. იმდენჯერ ვახსენეთ, ალბათ, შეწუხდა ის ხალხიც და ეს კანდიდატურა უფრო ხელსაყრელი იყო მათთვის. არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის კადრი? იცით რა არის, ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები მოვისმინეთ თვითონ კლუბებისგან, რომლებთანაც იარა”.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობას 82 დელეგატიდან 43 დაესწრო, რომელთაგანაც 31-მა მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირა. გოჩა სვანიძეს ხმა 10-მა მისცა, ხოლო ორი ხმა გაბათილდა. ამის შემდეგ, საჯარო რეესტრს განცხადებით პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ მიმართა, რომელმაც დეკემბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და პროცესს არც დასწრებია.

საქართველოს იუსტიციის სამინიტრომ აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაში არ გაატარა. საჯარო რეესტრის განმარტებით, ამის მიზეზი რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარებული ყრილობაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვლის საერთო კრებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ 30 დეკემბერს ჩატარდა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად რეესტრმა რაგბის კავშირს 30 დღის ვადა მისცა. ასე რომ, საჭირო გახდა რაგბის კავშირის ახალი საერთო კრების ჩატარება და შემდეგ არჩევნების გამართვა. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები