Thumbnail
  • ჯეიმს ჰარდენი ბრუკლინში უფრო მეტად გამთამაშებელია
  • ის უფრო ხშირად ფლობს ბურთს, ვიდრე წინა წლებში, თუმცა იშვიათად ისვრის
  • ჰარდენი ბრუკლინის თამაშს ლებრონის სტილში უძღვება

როდესაც ჯეიმს ჰარდენი ბრუკლინში გადავიდა, ყველა აღიარებდა, რომ ამ მასშტაბის შემტევი ტალანტი NBA-ს არცერთ გუნდს არ ჰქონდა, თუმცა კითხვები და სკეპტიციზმიც ბევრი იყო: უცნობი იყო, როგორ ჩაჯდებოდა ბრუკლინის თამაშში ჰარდენი, რომელიც მანამდე ძალიან ეგოისტური თამაშის სტილის გამო ჰიუსტონში კრის პოლს და რასელ ვესტბრუკს ვერ მოერგო. როგორ გაინაწილებდა ბურთს პერიმეტრის სამი ვარსკვლავი; რამდენად თანახმა იქნებოდა ჰარდენი, უარი ეთქვა სროლებსა და ქულებზე...

ახლა ჯეიმს ჰარდენი თავისი გუნდელების, ირვინგის და დურანტისგან განსხვავებით, ოლ სტარზე ძირითად ხუთეულში მიწვეული არ არის, თუმცა ძალიან მოკლე დროში სწორედ ის არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ გამოსდის ბრუკლინის სამეულს ერთად საჩემპიონო დონეზე თამაში.

რა შეცვალა ჰარდენმა თამაშში?

მთავარი კითხვა ბრუკლინის გარშემი ის იყო, თუ როგორ გაინაწილებდა ნეტსის სამეული სროლებს და ბურთს. ბევრი იმასაც ფიქრობდა, რომ ჰარდენი უფრო მეტად ‘მსროლელის’ პოზიციაზე გადაიწეოდა, ბურთს ირვინგს დაუთმობდა და თავად უბურთოდ მოუწევდა თამაში. პირიქით მოხდა: ჰარდენს ამ სეზონში თამაშში 95 შეხება აქვს ბურთთან. ბურთი მას საშუალოდ თამაშში 8.7 წუთის მანძილზე აქვს - ანუ, უფრო მეტი შეხება და ბურთის ფლობა, ვიდრე შარშან ჰიუსტონში ჰქონდა. თუმცა, ჰიუსტონისგან განსხვავებით, ჰარდენი, როცა ბურთს იღებს, შეტევას სროლით აღარ ამთავრებს. თამაშში მას ამ სეზონში 15.9 სროლა აქვს, ყველაზე ცოტა 2012 წლის შემდეგ, თუმცა მის ანგარიშზეა კარიერაში საუკეთესო მაჩვენებლი პასებში - თამაშში 11.4 პასი. ჰარდენი ნეტსის ფაქტობრივი გამთამაშებელია.

ბურთს, თამაშის ტემპსა და რიტმს ის განკარგავს, სამაგიეროდ დურანტს და ირვინგს სროლები და ქულები რჩებათ. ჰარდენი თამაშში 24.9 ქულას აკეთებს, უფრო ცოტას, ვიდრე დურანტი (თამაშში 29 ქულა) და ირვინგი (თამაშში 27.7 ქულა).

შედარებისთვის: ამ სეზონში, როდესაც ჰარდენი დრიბლინგით ფარისკენ მიდის 42.9 პროცენტი ამ შესვლას პასით ასრულებს, ირვინგი ამ სიტუაციაში პასს მხოლოდ 22.8 პროცენტში გასცემს, დურანტი კი - 22.4 პროცენტში.

ლებრონის როლში

ამ სეზონში ჯეიმს ჰარდენმა ლებრონ ჯეიმსის როლი მოირგო, ის ე.წ. ‘პარკეტის გენერალია’. მისი სათამაშო ინტელექტიდან გამომდინარე ჰარდენისთვის ეს იოლი ამოცანაა, რადგან იგი იოლად მიხვდა, რომ ცუდი და რთული სროლებით გუნდის სათამაშო ბალანსის დარღვევას სჯობია, ამ გუნდს უბრალოდ უხელმძღვანელო, ბურთი გაანაწილო და შენს გუნდში ორი ჩამყრელი სუპერვარსკვლავი საჭირო მომენტებში ბურთით მოამარაგო. მით უმეტეს, რომ ბრუკლინში დურანტსაც და განსაკუთრებით ირვინგსაც, ძალიან კარგად ეხერხებათ რთული სროლების ჩაგდება.

ამ დუეტთან (და მსროლელ ჯო ჰარისთან ერთად) ერთად ვერცერთი გუნდი ვერ რისკავს, ჰარდენს ორმაგი დაცვა ეთამაშოს. მიუხედავად იმისა, რომ ის რეკორდულად ხშირად ფლობს ბურთს და აკეთებს პასებს (აქტივობა, რომელიც ხშირად სრულდება ბურთის დაკარგვით), მას დაკარგვების ყველაზე მცირე მაჩვენებელი აქვს 2014 წლის შემდეგ.

ამ როლში თამაშს ირვინგიც მიჩვეულია. კლივლენდში ის და ლებრონი ფუნქციებს სწორედ ასე ინაწილებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კაირი ნომინალური გამთამაშებელია თავისი ხასიათით, ‘სქილებითა’ და ფუნქციით მას უფრო მეტად ჩამყრელი გარდის სტილში თამაში უყვარს და არანაირი პრობლემა არ აქვს, თუკი თამაშის გაძღოლას ლებრონის, ან ჰარდენის ტიპის მოთამაშეს მიანდობს.

როცა ბრუკლინს ჩაყრა სჭირდება, ჰარდენი ამას ძველებურად იოლად აკეთებს. მაგალითად, დასავლეთ კონფერენციაში ჩატარებული ხუთთამაშიანი ტურის დროს ბრუკლინს დურანტი აკლდა და ჰარდენმაც ჩაყრის დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო. ის სიტუაციის მიხედვით აფასებს, თუ რა სჭირდება გუნდს: ლეიკერსთან მან 11 შედეგიანი გადაცემით და მხოლოდ 1 დაკარგვით დაასრულა თამაშში, კლიპერსთან კი 37 ქულა ჩააგდო, როცა გუნდს მისგან ქულები სჭირდებოდა.

მოკლედ, პირველი ტესტი ჩაბარებულია: ჰარდენმა ბრუკლინში თავისი როლი იოლად იპოვა. სტატისტიკურად ის ლიგის საუკეთესო ჩამყრელი აღარ არის, თუმცა ლიგის ყველაზე მრისხანე შეტევას უძღვება. ჰარდენის ამ როლთან ერთად ბრუკლინი კიდევ უფრო სახიფათოდ გამოიყურება.

კომენტარები

ბოლო ამბები