Thumbnail
  • მარკო ვან ბასტენმა ერლინგ ჰაალანდზე ისაუბრა
  • ლეგენდარულ ფორვარდს ნორვეგიელი ძალიან მოსწონს

დუბლი ჩემპიონთა ლიგაში, სევილიასთან; დუბლი რურის დიდ დერბიში, შალკესთან - დორტმუნდის ბორუსიას 20 წლის გოლეადორი ერლინგ ჰაალანდი ყველა თამაშში ამტკიცებს, რომ ძალიან მაგარია და მისი ფასიც მუდმივად იზრდება. 

ნორვეგიელის კარგი თამაში შეუმჩნეველი არავის რჩება - არც ტოპ-კლუბებს და არც ისეთ ლეგენდარულ გოლეადორს, როგორიც ნიდერლანდელი მარკო ვან ბასტენია, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გოლეადორად.

“ვფიქრობ, მას გაცილებით მეტიც შეუძლია. არადა, ახლაც კი საუკეთესოა,” - განაცხადა ლეგენდარულმა ვან ბასტენმა ტელეკომპანია Ziggo Sport-თან ინტერვიუში.

მსოფლიოს 1992 წლის საუკეთესო ფეხბურთელს ჰაალანდზე საინტერესო მოსაზრება აქვს. ნიდერლანდელი დორტმუნდის ფორვარდს მხოლოდ საჯარიმოს თავდამსხმელად არ მიიჩნევს. “ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. აქვს ძალიან კარგი ტექნიკა და გააქვს ბევრი გოლი. ამრიგად, ჰაალანდი ერთ-ერთი საუკეთესო ცხრიანია, მაგრამ მე იმასაც ვხედავ, რომ ძალიან კარგ პასებს აკეთებს და ლამაზ კომბინაციებშიც მონაწილეობს. მოკლედ, ერლინგი განსაკუთრებული ბიჭია.” - მიაჩნია ვან ბასტენს.

ჰაალანდს BVB-ს ფორმით 43 მატჩში 43 გოლი აქვს

შედეგებიდან გამომდინარე მას ხშირად ადარებენ ბაიერნის პოლონელ გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის. კითხვაზე, მიაჩნია თუ არა ჰაალანდი ახალ ლევანდოვსკიდ, ნიდერლანდელი ასე პასუხობს: “უფრო მეტიც! ჩემი აზრით, ჰაალანდი უკეთესიცაა!”

ევროპის 1988 წლის ჩემპიონმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ჰაალანდი 20 წლის ასაკშიც კი უკვე ძალიან დომინანტი თავდამსხმელია: “დარწმუნებული ვარ, რომ ყოველმხრივ განვითარდება და ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს!”

ერლინ ჰაალანდის შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. დორტმუნდელთა ფორმით ჩატარებულ 43 ოფიციალურ მატჩში მან 43 გოლის გატანა შეძლო. და ჯერ მხოლოდ 20 წლისაა…

კომენტარები

ბოლო ამბები