Thumbnail

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი სტუმრად იმყოფებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში “ტაიმ აუტი” და თბილისური “ბაბლის” ეგიდით გამართულ ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა გასულ დღეებში ორივე მატჩი წააგეს: სერბეთთან – 66:92, ხოლო ფინეთთან – 70:78.

ილიას ზუროსი: “სერბეთთან თამაშით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ და ამას თავისი მიზეზები აქვს. დაგვიშავდა ჩვენი ახალი კალათბურთელი კონერ ფრენკამპი, რომელმაც მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა. ის ძალიან დაგვაკლდა. ამას გარდა, თამაშის მიწურულისკენ სხვაობა ძალიან თვალსაჩინო გახდა, ისე გამოვიდა, რომ ნაადრევად დავნებდით და ეს ძალიან არ მომეწონა. იცით რა არის? მე არ ვამბობ, რომ წაგება არ შეიძლება. ეს სპორტია და მარცხიც ხშირად ხდება, თუმცა, დანებება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აი, ფინეთთან მატჩის შემთხვევაში კი, მე-2 ტაიმი კარგი გამოგვივიდა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა გუნდმა თამაშში 200% ჩადო და ყველას აჩვენა, რა არის ქართული მებრძოლი სული. სხვა საქმეა, რომ ამ ტაიმში ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯეთ და ბოლოსკენ სწორი გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება.

კონკრეტულ კალათბურთელებზე საუბარს ყოველთვის ვერიდები, თუმცა უნდა გამოვარჩიო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა და ნამდვილად გამაოცა. ის პირველად ნაკრებში 5 წლის წინა გამოვიძახე, როდესაც მე აქ მუშაობა დავიწყე და შემიძლია ვთქვა, რომ მან დიდი პროგრესი განიცადა. კახამ დაამტკიცა, რომ ეროვნულ გუნდში ყოფნას იმსახურებს. მისი ფიზიკური მონაცემები ძალიან კარგია, თუმცა, ამავდროულად უშუალოდ თამაშის მხრივ არის რაღაც ნიუანსები, სადაც ის გაუმჯობესებას საჭიროებს. გიორგი კორსანტია მენტალურად და ფიზიკურად არ იყო მზად და ამას თავისი მიზეზები აქვს. ის ბოლო პერიოდში გუნდში ცოტას თამაშობდა და ეს მის მდგომარეობაზეც აისახა. ალექსანდრე ფევაძე ბევრს მუშაობს და სამომავლოდ მისგან სულ უფრო მეტს ველით. საერთო ჯამში, მოხარული ვარ, რომ გვაქვს შანსი სულ უფრო მეტი ახალგაზრდა კალათბურთელი დავტვირთოთ”. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის E საკვალიფიკაციო ჯგუფში თამაში 4 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა: სერბეთთან (94:90, 66:92), ფინეთთან (91:85, 70:78), შვეიცარიასთან (96:88, 91:84). ქართველ კალათბურთელებს ევრობასკეტზე ერთ-ერთი მასპინძლის რანგში თამაში ისედაც განაღდებული ჰქონდათ, თუმცა, ამ შედეგით აღნიშნულ უფლებას ისედაც მოიპოვებდნენ. ჩვენი ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე სერბეთი და ფინეთიც ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები