Thumbnail
  • ოთარ კიტეიშვილი 65-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს
  • ვოლფსბერგერში გიორბელიძემ ითამაშა, ლოჩოშვილი განაცხადში არ იყო

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის ვოლფსბერგერს უმასპინძლა და ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 1:2 წააგო. კიტეიშვილი და გიორბელიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ლოჩოშვილი განაცხადში ვერ მოხვდა (მიზეზი უცნობია, სავარაუდოდ, ლუკა დაასვენეს).

ყურადსაღები ის არის, რომ ამ მატჩში კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო. 65-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. როგორც შტურმის ვებგვერდი წერს, სავარაუდოდ, ოთარი გუნდს რამდენიმე კვირით გამოაკლდა. ამ დროისთვის ტრავმაზე უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, საბოლოო პასუხი სამედიცინო გამოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი.

გურამ გიორბელიძემ ვოლფსბერგერში შანსი მიიღო

ერთ თვეში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს და კიტეიშვილის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება. თუმცა, რასაკვირველია, ჯერ დადგენილი არ არის ზუსტი პერიოდი, რომელიც მას გაუცდება. მოგეხსენებათ, კიტეიშვილს ტრავმა სეზონის პირველ ნაწილშიც ჰქონდა, პლუს კორონავირუსიც, ამის მიუხედავად, ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მაინც მოასწრო 15 მატჩში 5 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება.

რაც შეეხებათ, ვოლფსბერგერის ლეგიონერებს: გიორბელიძემ გრაცელთა წინააღმდეგ 71-ე წუთამდე ითამაშა და ისიც შეცვალეს, მან მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 5 მატჩი ჩაატარა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილის აქტივში ავსტრიის ჩემპიონატში 15 თამაშია, ევროპალიგაზე კი - 7. გრაცის შტურმი 18 ტურის თავზე 31 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო ვოლფსბერგერს 27 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები