Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:5, 6:2, 6:2 დანიილ მედვედევი
  • სერბის უპირატესობა აშკარა იყო, რუსმა ჩოგანი დაამტვრია

ნოვაკ ჯოკოვიჩი როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის სუპერრეკორდს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა!

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერბმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუსი დანიილ მედვედევი (4) სამ სეტში, 7:5, 6:2, 6:2 გაანადგურა და წლის პირველი დიდი სლემი ჯამში მეცხრედ მოიგო, საერთო ჯამში კი ჯოკოვიჩს უკვე 18 დიდი სლემი აქვს მოგებული და ფედერერ-ნადალის რეკორდამდე (20-20) ახლა უკვე ორი ტიტული აშორებს.

ნოვაკ ჯოკოვიჩს უკვე 18 დიდი სლემი აქვს მოგებული

ნოლემ ფინალი გრანდიოზულად დაიწყო და სამი გეიმის შემდეგ უკვე 3:0-ს იგებდა, რადგან მედვედევმა პირველივე საკუთარი მოწოდება დათმო. თუმცა რუსმა მაშინვე შეძლო თამაშის გამოსწორება და ანგარიში გაათანაბრა. პირველი სეტის გადამწყვეტ ფაზაში ჯოკოვიჩმა მაინც შეძლო უპირატესობის მოპოვება და მეორე ბრეიკით სეტი 7:5 მოიგო.

მეორე სეტში რუსი უკვე უშანსოდ იყო. მართალია, მედვედევმა პირველივე გეიმში აიღო ბრეიკი, მაგრამ ჯოკოვიჩმა მეორე გეიმშივე გაათანაბრა ანგარიში და მერე ბოლომდე დომინირებდა. როცა ანგარიში 5:2 გახდა სერბის სასარგებლოდ, გაბრაზებულმა მედვედევმა საკუთარი ჩოგანი დალეწა და უკვე ცხადი იყო, რომ ფინალს თავის სასარგებლოდ ვეღარ შეატრიალებდა.

მედვედევმა ჩოგანი მეორე სეტში, 2:5-ზე დალეწა

მესამე სეტში ჯოკოვიჩმა საქმე უკვე მარტივად მიიყვანა გამარჯვებამდე. სულ რაღაც 22 წუთის შემდეგ ანგარიში უკვე 4:1 იყო სერბის სასარგებლოდ. არადა, მედვედევს ნოლესთან ფინალამდე ზედიზედ 20 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ყველა ელოდა, რომ ფინალში ჯოკოვიჩს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა.

📺 ვიდეო: ფინალის მიმოხილვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები