Thumbnail

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო იმ ფორმასთან, დროშასა და სახელწოდებასთან დაკავშირებით, რომლითაც რუსი სპორტსმენები ტოკიოს და პეკინის ოლიმპიადებზე წარსდგებიან.

ორივე ოლიმპიადა ემთხვევა პერიოდს, რომელშიც რუსეთთან მიმართებაში მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) სანქციები მოქმედებს.
  
გადაწყდა, რომ რუსი სპორტსმენები მომავალ ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადებზე - 2021 წელს ტიკიოში და 2022 წელს პეკინში, მონაწილეობას რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ინგლისურენოვანი აბრევიატურით (ROC) მიიღებენ. ოღონდ, ამ ქვეყნის ათლეტებს ყველგან აკრძალული ექნებათ სრული სახელწოდება "რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის" გამოყენება. 

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ქვეყნის დროშის ნაცვლად, თეთრ ალამზე გამოსახული რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ემბლემით წარსდგებიან. შესაბამისად, სპორტსმენების ეკიპირებასა თუ აღჭურვილობაზეც, რუსეთის დროშა ROC-ის ემბლემით ჩანაცვლდება. 

რაც შეეხება მუსიკას, რომელსაც რუსეთის ჰიმნის ნაცვლად ამ ქვეყნის სპორტსმენების გამარჯვების შემთხვევაში გააჟღერებენ, მას სოკ-ის აღმასკომი მოგვიანებით დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და რუსი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე ქვეყნის დროშის, ჰიმნისა და გარბის გარეშე დატოვა. სანქციები მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში არსებულ დარღვევებს უკავშირდება.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, პეკინი კი ზამთრის თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები