Thumbnail
  • დინამო ბათუმი 2:4 ორდაბასი
  • გია გეგუჩაძის გუნდი მზადებას საქართველოში გააგრძელებს

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა თურქული შეკრება დაასრულა და ბოლოს ტესტ-მატჩი ყაზახური ორდაბასის წინააღმდეგ გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი დამარცხდა, რაზეც დიდი გავლენა თამაშის ძალიან ცუდმა დასაწყისმა მოახდინა.

მე-2 წუთზე ყაზახები უკვე იგებდნენ. გოლი პორტუგალიელმა ლეგიონერმა რუბენ ბრიგიდომ გაიტანა, რომელიც საჯარიმოში ადვილად შევიდა და ზუსტად დაარტყა. დინამო ბათუმს მალევე შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ზღვისპირელებმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს, რასაც ისევ ორწუთიანი ჩავარდნა მოჰყვა.

მე-13 და მე-15 წუთებზე ორდაბასიმ თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. ჟოაო პაულომ ლაზარე კუპატაძის კარში ორჯერ გაიტანა და ანგარიში 0:3 გახდა. ბრაზილიელმა ერთ-ერთი გოლის დროს მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ეფექტური გოლი ჩაიწერა. გეგუჩაძის გუნდმა მაინც მოახერხა რეაბილიტაცია და პირველივე ტაიმში თამაში დაიძაბა. 33-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით გაქვითა ერთი ბურთი, ხოლო 10 წუთში თავი ჯაბა ჯიღაურმაც გამოიჩინა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.

მე-2 ტაიმში შედარებით მშვიდი თამაში იყო, რეალური საგოლე მომენტები პრაქტიკულად აღარ შექმნილა. ამის მიუხედავად, გოლი მაინც გავიდა: 86-ე წუთზე ორდაბასის სამხრეთაფრიკელმა შემტევმა მაი მაჰლანგუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:4.

დინამო ბათუმმა თურქეთში საერთო ჯამში 5 ტესტ-მატჩი ჩაატარა. ტულის არსენალთან (0:0) და უკრაინულ ლვოვთან (1:1) ფრედ ითამაშა, ბოსნიური ბორაცი ვლადიმერ მამუჩაშვილის დუბლით (2:0) დაამარცხა, ხოლო როტორთან (1:3) და ორდაბასისთან (2:4) ბოლო ორ სპარინგში დამარცხდა.

ამ თამაშით გეგუჩაძის გუნდმა თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ახალი სეზონისთვის მზადებას საქართველოში გააგრძელებს. ეროვნული ლიგის პირველ ტურში დინამო ბათუმი 27 თებერვალს ქუთაისის ტორპედოს სტუმრად დაუპირისპირდება.

დინამო ბათუმი 2:4 ორდაბასი

გოლები: 0:1 ბრიგიდო (2), 0:2 ჟოაო პაულო (13), 0:3 ჟოაო პაულო (15), 1:2 მამუჩაშვილი (33-პენ), 2:3 ჯიღაური (44), 2:4 მაჰლანგუ (86)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე - ტეიდი, მამუჩაშვილი - ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი - ფანცულაია

კომენტარები

ბოლო ამბები