Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სერბეთის ნაკრებთან მატჩისთვის 12-კაციანი განაცხადი დაასახელა და მატჩის წინ კომენტარიც გააკეთა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მოტივაცია არ არსებობს, მისი გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"პირველ რიგში, მინდა კმაყოფილება გამოვთქვა, რომ ე.წ "ბაბლის" მასპინძლები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული გვაქვს, ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და ორივე მატჩში მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. აქამდეც დავამტკიცეთ, რომ მებრძოლი გუნდი გვყავს, იოლად არ ვნებდებით და ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგვიძლია. ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან ვაშენებთ გუნდს და არსებულ კონტიგენტს ვამატებთ ახალგაზრდა კალათბურთელებს, რომლებიც უნდა შემოგვიერთდნენ და 2021 წელს ჩვენთან ერთად იბრძოლონ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის.

რაც შეეხება სერბეთთან მატჩს: ურთულესი ბრძოლა გველის, რადგან სერბეთი არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სამწუხაროდ, რამდენიმე კალათბურთელი გვაკლია, თორნიკე შენგელიას ტრავმა აქვს, ასევე ახალგაზრდა მოთამაშეები ამერიკიდან ვერ ჩამოვიდნენ. თუმცა, შევსებაც გვაქვს - კონერ ფრენკამპი ჩამოვიყვანეთ, რომელიც  ძალიან კარგი კალათბურთელია, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ თუნდაც 3 ვარჯიშით და 1 კვირაში გუნდთან შეწყობა რთულია. გვაქვს ექსპერიმენტების საშუალება, რაც გუნდის ევრობასკეტ 2022-სთვის და გუნდის შენებისთვის აუცილებელი წინაპირობაა," - თქვა ზუროსმა.

📺 სერბეთი 90:94 საქართველო

საქართველოს ნაკრების განაცხადი სერბეთთან: გივი ბაქრაძე, კონერ ფრენკამპი, დუდა სანაძე, საბა ლობჯანიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, გიორგი კორსანტია, გიორგი შერმადინი.

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა კი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობა შეარჩია:

ფილიპ პეტრუშევი, ნემანია დანგუბიჩი, ოგნიენ იარამაცი, მიროსლავ რადულიცა, დრაგან აპიჩი, ლუკა აშჩერიჩი, ბორისა შიმანიჩი, ალეკსა ავრამოვიჩი, მარკო რადოვანოვიჩი, დანილო ანჯუშიჩი, ნიკოლა რებიჩი, მარკო ლუკოვიჩი.

აღსანიშნავია, რომ კოკოშკოვი თბილისში არ იმყოფება, რადგან დღეს ევროლიგაში სტამბოლის ფენერბაჰჩე ბერლინის ალბას წინააღმდეგ თამაშობს და მოგეხსენებათ, სლოვენილი თურქულ გუნდსაც წვრთნის. შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებსაც ავარჯიშებდა.

სერბეთთან მატჩის წინ კომენტარი ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემაც გააკეთა, რომლის განაცხადებით, გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ და ბოლომდე დაიხარჯებიან:

"გუნდში კარგი განწყობაა, რაც მთავარია, ტრავმები არ გვაწუხებს და ყველა მოთამაშე მზადაა. ვიცით, რომ იოლი თამაში არ გვექნება, სერბეთი მოსაგებად გამოვა და ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის. ჩვენს გულშემატკივარს ვპირდებით, რომ ღირსეულად დავხვდებით მეტოქეს და გამარჯვებისთვის ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა სანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სერბეთს დღეს დაუპირისპირდება, ხოლო 21 თებერვალს, ბოლო ტურში ფინეთთან ითამაშებს. ილიას ზუროსის გუნდი 4 ტურის თავზე ჯგუფს ოთხი მოგებით ლიდერობს, თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მასპინძლის სტატუსის გამო ისედაც განაღდებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები