Thumbnail
  • 📅 19 თებერვალი | ⌚ 19:00 | 🏀 საქართველო V სერბეთი | 📺 პირველი არხი
  • კომენტარები თბილისური 'ბაბლის' ერთ-ერთი ცენტრალური მატჩის წინ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, რომელსაც მომავალ ევრობასკეტზე თამაში ერთ-ერთი მასპინძლის რანგში თამაში ისედაც გარანტირებული აქვს, საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი 2 მატჩისთვის ემზადება. მათგან უახლოესი 19 თებერვალს შედგება, მეტოქე კი ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გრანდი სერბეთი იქნება, რომელიც თბილისურ “ბაბლში” სათამაშოდ ისე ჩამოვიდა, რომ ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული ჯერაც არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებმა მიმდინარე ციკლში ერთხელ უკვე ითამაშეს და გასული წლის თებერვალში ბელგრადში გამართულ მატჩში ილიას ზუროსის შეგირდებმა 94:90 მოიგეს. მაშინ შეხვედრის გმირი თად მაკფადენი გახდა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, გიორგი შერმადინმა კი 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. სერბების რიგებში საუკეთესოები ალეკსა ავრამოვიჩი (27) და ოგნიენ იარამაზი (22) იყვნენ, რომელთაც ჯამში 49 ქულა ჩააგდეს. ორივე ეს კალათბურთელი თბილისშია და ქართველთა წინააღმდეგ ახლაც ითამაშებს.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მეტოქეები მომავალ მატჩსაც არაოპტიმალური შემადგენლობებით ხვდებიან. სხვადასხვა მიზეზთა გამო, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი, სამაგიეროდ, წინა “ბაბლისგან” განსხვავებით, გუნდში არიან დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და მიხეილ ბერიშვილი. ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს საკალათბურთო კლუბ რუსთავის 22 წლის ცენტრი გიორგი თვალაბეიშვილი, ხოლო ოლიმპის ლიდერი კახა ჯინჭარაძე გუნდს 5-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.

📺 სერბეთი 90:94 საქართველო

მნიშვნელოვანი სიახლეა ნაკრებში ახალი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის კონერ ფრენკამპის გამოჩენა, რომელმაც მოახლოებული ფანჯრის მატჩებში ხსენებული მაკფადენი უნდა შეცვალოს. ფრენკამპი კარიერას კოლეჯების დონეზე კანზასსა და ვიჩიტა სტეიტში იწყებდა. საინტერესოა, რომ ის აშშ-ს 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც 2012 წელს ლიეტუვაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მაშინ ფინალში ამერიკელებმა ავსტრალია 95:62 გაანადგურეს, ფრენკამპმა კი ყველაზე მეტი 22 ქულა ჩააგდო.

ევროპაში კონერის პირველი კლუბი ბულგარულ ბეროე იყო, საუკეთესოდ კი თავი ბერძნულ რეტიმონში წარმოაჩინა, რომლის მაისურითაც საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო მექულე გახდა და ოლ სტარსა და სამქულიანების კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა. შემდეგ ის ესპანურმა მურსიამ აიყვანა, რომელსაც ასევე კარგად მოერგო. მიმდინარე სეზონში კონერმა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია: 26:47 წუთი, 16.9 ქულა, 2.3 მოხსნა, 3.6 პასი, ორქულიანები 48.7%, სამქულიანები 37.9%.

კონერ ფრენკამპი საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო მატჩისთვის ემზადება
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ცხადია, იმ კალათბურთელების ჩამოთვლა, რომლებიც ამჟამად სერბებს აკლიათ, შორს წაგვიყვანს. უბრალოდ ვთქვათ, რომ თბილისში მომავალ შემადგენლობას ბოლო წამს გამოაკლდა ბელგრადის FMP-ს მძიმე ფორვარდი სტეფან ჯორჯევიჩი. ცნობილი გახდა ისიც, რომ სერბეთი საქართველოსთან თავდაპირველ შემადგენლობაში დასახელებული 2 მთავარი ვარსკვლავის გარეშე ითამაშებს. 25 წლის მცველი ვასილიე მიციჩი და 27 წლის მსუბუქი ფორვარდი მარკო გუდურიჩი ეროვნულ ნაკრებს მოგვიანებით შეურთდებიან, კონკრეტულად კი, კვირას, შვეიცარიასთან მატჩის წინ.

შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვი ყველანაირად ცდილობდა, რომ ხსენებული კალათბურთელები თავიდანვე მის განკარგულებაში ყოფილიყვნენ, თუმცა, როგორც სჩანს, თავისი ვერ გაიტანა. საინტერესო ისაა, რომ 25 წლის გუდურიჩი (საშუალოდ 12.2 ქულა, 4.0 მოხსნა, 3.4 პასი ევროლიგაში) სწორედ იმ ფენერბაჰჩეს წევრია, რომელსაც სერბი სპეციალისტი წვრთნის, 27 წლის მიციჩი (საშუალოდ 15.5 ქულა, 5.0 პასი) კი სტამბოლშივე, ანადოლუ ეფესის ღირსებას იცავს. ევროლიგაში მორიგი ტური სწორედ ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებს ემთხვევა, ამდენად, თურქული კლუბების პრინციპული პოზიცია სრულიად გასაგებია.

ილიას ზუროსი სერბების დასახვედრად ემზადება
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “უახლოეს ორ მატჩში ჩვენი მიზანია, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიყოთ, ჩვენი თამაში დავხვეწოთ და შანსი მივცეთ ახალგაზრდებს. ევრობასკეტის მასპინძლები ვართ და ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ადგილზე გავალთ. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დარჩენილ მატჩებში ვიპოვოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებენ. როდესაც კარგად თამაშობ, ამას შედეგიც ყოველთვის მოაქვს. როგორც იცით, კონერ ფრენკამპის სახით ახალი მოთამაშე გვყავს. კარგ კალათბურთელს შესაბამისი ხასიათიც უნდა ჰქონდეს და ის სწორედ ამ კუთხითაა შერჩეული. ფრენკამპი თად მაკფადენს შეცვლის, რომელსაც ბოლო პერიოდში ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მან ლიგა ენდესას გარდა ესპანეთის თასზე ითამაშა, ასევე იყო არგენტინაში საკონტინენტთაშორისო თასზე და ცვლილება ამან განაპირობა. ცუდი ისაა, რომ ფრენკამპს გუნდთან შესათამაშებლად მხოლოდ 3-4 ვარჯიში ჰქონდა. სერბეთთან ურთულესი მატჩი გველის, რადგანაც მათ არათუ ჩვენს ჯგუფსა და ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავთ".

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “ვიცით, როგორ უყვარს ქართველ გულშემატკივარს კალათბურთი. როდესაც ნაკრები თბილისში თამაშობს, სპორტის სასახლე ყოველთვის გადატენილია და მატჩებს ათი ათასი ადამიანი ესწრება ხოლმე. მაგრამ ეს მატჩები გამონაკლისია და სამწუხაროდ, ქომაგი გვერდში ვერ დაგვიდგება. პირველ მატჩს სერბეთის ნაკრებთან ვთამაშობთ, რომელიც საქართველოში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოვიდა, თუმცა, ვვარჯიშობთ, ყოველდღიურად ვემზადებით და როგორც ყოველთვის, მაქსიმუმს გავიღებთ. იმედია, ეს მატჩები ჩვენთვის კარგად ჩაივლის. სერბეთთან ბელგრადში გამარჯვება დაუვიწყარი იყო და ამ თამაშს ჩვენც და გულშემატკივრებიც ყოველთვის გავიხსენებთ. თავიდან ძალიან ცუდად დავიწყეთ, 15 ქულასაც ვაგებდით, მაგრამ გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა. ეს ყველაფერი დაუჯერებელი იყო. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს. ყველამ ვიცით რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩები ჩვენთვის – მოთამაშეებისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გვინდა, მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ”.

იგორ კოკოშკოვი თბილისში ამჯერად მეტოქის რანგში ჩამოვიდა

იგორ კოკოშკოვი (სერბეთის ნაკრების მწვრთნელი): “ყველამ ვიცით, საქართველოში რისთვის ჩამოვედით. ზედმეტ გათვლებს არ ვაკეთებთ, უბრალოდ, ყოველ ვარჯიშზე ვცდილობთ, უკეთესები გავხდეთ. ჯერ საქართველოსთან მატჩი გველის, შემდეგ კი – შვეიცარიასთან. მათ უკვე ვეთამაშეთ და ორივეს კარგად ვიცნობთ. ცხადია, პირველ ეტაპზე საქართველოსთან მატჩისთვის ვემზადებით და შემიძლია გითხრათ საკითხზე, რომელიც ფაქტობრივად მუდმივად გვაწუხებს. საუბარი მაქვს იმ ფაქტზე, რომ ევროლიგასა და NBA-ში მოთამაშე კალათბურთელებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ყველა მატჩზე სხვადასხვა შემადგენლობით გასვლა გვიწევს. ამ ფონზე შეხედეთ იგივე საქართველოს: გიორგი შერმადინი იქ უკვე 10 წელია თამაშობს. დიახ, ამერიკელ კალათბურთელს ისინიც ცვლიან, თუმცა, სხვები კვლავაც იგივენი არიან. ერთი შეხედვით, ტოპ-ლიგებში გაცილებით მეტი მოთამაშე გვყავს, თუმცა, მათ სათანადოდ თუ ვერ გამოვიყენებთ, ამას აზრი ეკარგება. თავის გამართლებას არ ვცდილობ, უბრალოდ რეალობაზე ვსაუბრობ. ახლა, ჩვენ სამ-ოთხ ვარჯიშს ჩავატარებთ, მეტოქედ კი დაგვხვდება გუნდი, რომელიც 10 წელია ერთადაა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმეს დათმობას ვაპირებთ, მოტივაცია ძალიან დიდი გვაქვს”.

დანილო ანჯუშიჩი (სერბეთის ნაკრების კალათბურთელი): “შემიძლია ვთქვა, რომ უხერხული მეტოქის წინააღმდეგ თამაში გველის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ევრობასკეტზე თამაში განაღდებული ჰქონდა, ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და პირველ ადგილზეა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძლიერი ხასიათი გააჩნიათ და ყველაფრის მიუხედავად, პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძვიან. ჩვენც ვიცით, აქ რისთვის ჩამოვედით და რა შედეგი გვსურს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა როგორც საქართველოსთან, ასევე შვეიცარიასთან ვიმარჯვოთ და საკვალიფიკაციო ტურნირი კარგ ხასიათზე დავასრულოთ”.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა და საგზურს სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა. თავის მხრივ, სერბეთს 2-2 მოგება-წაგება გააჩნია და დარჩენილ თამაშებში მაქსიმალური ყურადღება მართებს. თბილისში დაგეგმილი E ჯგუფის "ბაბლის" ეგიდით, 19 თებერვალს საქართველოს სერბეთს დაუხვდება, ხოლო ფინეთი შვეიცარიას ეთამაშება. 21 თებერვლის კალენდარი ასეთია: სერბეთი-შვეიცარია, საქართველო-ფინეთი. შეგახსენებთ, რომ ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

საქართველო V სერბეთი

საქართველო: გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), დუდა სანაძე (ბორაცი, სერბეთი), ბექა ბურჯანაძე (გრან კანარია, ესპანეთი), კონერ მაიკლ ფრენკამპი (მურსია, ესპანეთი), მიხეილ ბერიშვილი (ალ შამალი, ყატარი), ლუკა ზაქრაძე, საბა ლობჯანიძე (ორივე – თსუ), გივი ბაქრაძე (ვერა), მერაბ ბოქოლიშვილი, გიორგი თვალაბეიშვილი (ორივე – რუსთავი), ალექსანდრე ფევაძე (ცხუმ-აფხაზეთი), ბექა ბექაური (ბათუმი), გიორგი კორსანტია (კაენი, საფრანგეთი), ილია ლონდარიძე (ქუთაისი), კახაბერ ჯინჭარაძე (ოლიმპი).

სერბეთი: ოგნიენ იარამაზი, ნემანია დანგუბიჩი (ორივე – პარტიზანი), ნიკოლა რებიჩი (ნანტერი, საფრანგეთი), ნემანია ნენადიჩი, მარკო რადოვანოვიჩი, სტეფან ჯორჯევიჩი (ყველა – FMP), ალეკსა ავრამოვიჩი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), დანილო ანჯუშიჩი, ლუკა ასჩერიჩი (ორივე – ბურჟი, საფრანგეთი), მარკო ლუკოვიჩი (სპლიტი, ხორვატია), დალიბორ ილიჩი (იგოკეა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), მიროსლავ რადულიცა (ზეჟიანგი, ჩინეთი), ფილიპ პეტრუშევი (მეგა), დრაგან აპიჩი (ბუდუჩნოსტი, მონტენეგრო), ბორისა სიმანიჩი (ცრვენა ზვეზდა).

კომენტარები

ბოლო ამბები