Thumbnail

სერბეთის საკალათბურთო ნაკრები თბილისში იმყოფება და მზადებას განაგრძობს ევრობასკეტის მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩებისთვის. შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის შეგირდებს 19 თებერვალს საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება ელით, 21-ში კი შვეიცარიასთან მატჩი ჩატარდება. თბილისური “ბაბლის” ეგიდით დაგეგმილი თამაშების წინ კომენტარები სერბეთის ნაკრების წევრებმა ოგნიენ იარამაზმა (პარტიზანი) და დანილო ანჯუშიჩმა (ბურჟი, საფრანგეთი) გააკეთეს.

ოგნიენ იარამაზი: “საქართველოს ძალიან კარგი, გამოცდილი და შეკრული ნაკრები ჰყავს. გუნდის ბირთვს ის კალათბურთელები შეადგენენ, რომლებიც ერთად დიდი ხანია მოდიან და ეს, მათი უპირატესობაა იგივე ჩვენთან, რადგანაც საკვალიფიკაციო მატჩებისთვის სასურველი შემადგენლობის შეკრებას ვერ ვახერხებთ. პირველ მატჩში კარგად დავიწყეთ, თუმცა, მათ ჩვენივე ქომაგის თვალწინ მაინც მოგვიგეს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა და მჯერა, რომ შესაბამისი თავდადების შემთხვევაში, მომავალ შეხვედრაში გამარჯვებას შევძლებთ”.

დანილო ანჯუშიჩი: “შემიძლია ვთქვა, რომ უხერხული მეტოქის წინააღმდეგ თამაში გველის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ევრობასკეტზე თამაში განაღდებული ჰქონდა, ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და პირველ ადგილზეა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძლიერი ხასიათი გააჩნიათ და ყველაფრის მიუხედავად, პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძვიან. ჩვენც ვიცით, აქ რისთვის ჩამოვედით და რა შედეგი გვსურს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა როგორც საქართველოსთან, ასევე შვეიცარიასთან ვიმარჯვოთ და საკვალიფიკაციო ტურნირი კარგ ხასიათზე დავასრულოთ”.

დანილო ანჯუშიჩი

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებმა მიმდინარე ციკლში ერთხელ უკვე ითამაშეს და გასული წლის თებერვალში ბელგრადში გამართულ მატჩში ილიას ზუროსის შეგირდებმა 94:90 მოიგეს. მაშინ შეხვედრის გმირი თად მაკფადენი გახდა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, გიორგი შერმადინმა კი 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა და საგზურს სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა. თავის მხრივ, სერბეთს 2-2 მოგება-წაგება გააჩნია და მთავარი მიზანი ჯერაც გადასაწყვეტი აქვს. თბილისში დაგეგმილი E ჯგუფის "ბაბლის" ეგიდით, 19 თებერვალს საქართველოს სერბეთს დაუხვდება, ხოლო ფინეთი შვეიცარიას ეთამაშება. 21 თებერვლის კალენდარი ასეთია: სერბეთი-შვეიცარია, საქართველო-ფინეთი.

კომენტარები

ბოლო ამბები