Thumbnail

'თამაშის მერე მორატამ გონება დაკარგა' - პირლომ პრობლემებზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იუვენტუსს პრობლემები აქვს. ანდრეა პირლოს გუნდმა პორტუსთან უფერული და უფანტაზიო ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულად წააგო. უფრო მეტიც: იღბალს უნდა უმადლოდეს, რომ სხვაობა მხოლოდ ერთბურთიანია - 1:2. იტალიელმა სპეციალისტმა თამაშს შემდეგ პრობლემებზე ილაპარაკა. მან ისიც თქვა, რომ ალვარო მორატა ცუდად იყო და თამაშის მერე გონება დაკარგა.

"ამდენი თამაშის შემდეგ დაღლილობა ნორმალურია, ადვილი არ არის ერთი და იმავე ტემპის და კონცენტრაციის შენარჩუნება, მაგრამ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშობ, ეს არ უნდა მოხდეს. საბედნიეროდ, კიეზას გოლით საპასუხო მატჩისთვის ბრძოლაში დავრჩით," - განაცხადა პირლომ.

იუვეს მწვრთნელმა ახსნა, რატომ იყო ძირითად შემადგენლობაში კულუშევსკი: "მორატა კარგად არ არის, რამდენიმე დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა კარგ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც გრიპი ჰქონდა. თუმცა, თამაშში მაინც ჩაერთო, რადგან ეს აუცილებელი გახდა. თამაშის შემდეგ საერთოდ გონებაც დაკარგა."

ფედერიკო კიეზა ამ სეზონში იუვეს ერთადერთი ნათელი წერტილია

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსისა და პორტუს საპასუხო მატჩი 9 მარტს გაიმართება. ანდრეა პირლოს გუნდი ცუდ ფორმაშია, ბოლო ორი მატჩი წააგო, უკანასკნელ სამ შეხვედრაში კი ვერ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტურინულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე პირველი მატჩი ზედიზედ ოთხი სეზონია არ მოუგია (ტოტენჰემთან 2:2, ატლეტიკოსთან 0:2, ლიონთან 0:1, პორტუსთან 1:2). ბოლოს ამ ეტაპის საწყისი თამაში იუვემ 2017 წლის თებერვალში, სწორედ პორტუსთან სტუმრად მოიგო (2:0).

კრიშტიანო რონალდოს თუ არ ჩავთვლით, ფედერიკო კიეზა იუვენტუსის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის სტადიაზე 2018 წლის აპრილის შემდეგ გოლი გაიტანა (მაშინ ბლეზ მატუიდიმ რეალს გაუტანა). იმ დღიდან იუვეს პლეი ოფში 7 გოლი ჰქონდა გატანილი და შვიდივე პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე იყო.

📺 პორტუ V იუვენტუსი

კომენტარები

ბოლო ამბები