Thumbnail

21 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NCAA-ში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და სეტონ ჰოლს მე-9 საკონფერენციო გამარჯვება იზეიმა.

სანდროს გუნდი შინაურ Prudential Center-ში დეპოლ ბლუ დემონსს დაუხვდა და წაგებული პირველი ტაიმის (27:31) შემდეგ, მეტოქეს 60:52 სძლია, მამუკელაშვილი კი მოედანზე აშკარად საუკეთესო იყო. მან თითქმის შეუცვლელად – 38 წუთს ითამაშა და 25 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 13-დან 8 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს სეტონ ჰოლურ კარიერაში 1004 ქულა მოუგროვდა და გუნდის ისტორიაში 45-ე მოთამაშე გახდა, ვინც 1000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

სეტონ ჰოლს 10 მოგება და 5 მარცხი აქვს და კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდს 4-მატჩიანი წარმატებული სერია აქვს და მისი გაგრძელება აუცილებელია, რადგანაც პირატებს “მარტის სიგიჟეში” მონაწილეობის მიღება სურთ. სეტონ ჰოლი მომდევნო შეხვედრას 21 თებერვალს სტუმრად ჯოჯრჯთაუნ ჰოიასთან გამართავს.

📺 მამუკელაშვილი დეპოლთან

კომენტარები

ბოლო ამბები