Thumbnail
  • ჟორჟ მიქაუტაძის საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვეტილია
  • ამის შესახებ ზურაბ ხიზანიშვილმა პირველ არხზე ისაუბრა
  • ვილი სანიოლის ასისტენტმა სერენის ფორვარდი დაახასიათა

ბელგიური სერენის 20 წლის თავდამსხმელი ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძე, რომელიც საფრანგეთშია დაბადებული და ამ ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრმა, ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ისაუბრა.

კითხვაზე, გვექნება თუ არა მიქაუტაძის იმედი უახლოეს სანაკრებო მატჩებში, ხიზანიშვილმა ასე უპასუხა: "ბოლო ინფორმაციით, ყველაფერი მოგვარებულია - მოქალაქეობაც. ასე რომ, თუ სხვა რამემ ხელი არ შეგვიშალა, მიქაუტაძე, რა თქმა უნდა, განიხილება. მეც მახარებს ეს ფაქტი, რადგან ახალი ფეხბურთელია ჩვენთვის. მის რამდენიმე თამაშს ვუყურე - შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ცოტა ისეთ გუნდში თამაშობს, მაგრამ როცა ამდენ გოლს იტანს, არ შეიძლება, რომ ვინმემ ყურადღება არ მიაქციოს.

'არატიპიური ქართული მენტალიტეტის მქონე თავდამსხმელია და ვფიქრობ, ძალიან კარგი მიქსი გამოვა' - ზურაბ ხიზანიშვილი

ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია: მიქაუტაძე არატიპიური ქართული მენტალიტეტის მქონე თავდამსხმელია და ვფიქრობ, ძალიან კარგი მიქსი გამოვა. მნიშვნელოვანია, როგორ გაიხსნება ეროვნულ ნაკრებში. ვიცით რამდენიმე კარგი ფეხბურთელი, რომლებიც ნაკრებებში ვერ თამაშობენ. მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი. რაც შეეხება იმას თუ, როგორ უნდა მოვიხსენიოთ - ჟორჟი თუ გიორგი - ეს მას უნდა ჰკითხოთ."

18 გოლი 18 მატჩში - მიქაუტაძე ძალიან კარგ ფორმაშია

მიქაუტაძე ლიონის აკადამიის აღზრდილია, საიდანაც მეცში აღმოჩნდა და 2019 წლის დეკემბერში მას ლიგა 1-შიც ჰქონდა დებიუტი. მაშინ ჟორჟმა კლუბთან 2023 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, შარშან ზაფხულში კი ის ბელგიის რანგით მეორე ლიგის კლუბში გაანათხოვრეს. ჟორჟი სირენში სუპერშედეგიანობით გამოირჩევა - ფორვარდმა პროქსიმუს ლიგის 18 მატჩში უკვე 18 გოლი გაიტანა და ყურადღების ცენტრშია.

მიქაუტაძეს საქართველოს ეროვნულ გუნდში მუშაობა ფრანგ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან მოუწევს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრები ცოტა ხნის წინ ჩააბარა. საქართველოს ნაკრები მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს და ახალგაზრდა ფორვარდის დებიუტიც სავარაუდოდ სწორედ ამ დროისთვის შედგება.

📺 მიქაუტაძის გოლი და პასი მოლენბეკთან 

კომენტარები

ბოლო ამბები