Thumbnail
  • ვილი სანიოლი 2014-2016 წლებში ბორდოს მთავარი მწვრთნელი იყო
  • პოპსპორტი მის ყოფილ შეგირდს დაუკავშირდა და აზრი ჰკითხა

24 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ვალენტინ ვადა ესპანურ ტენერიფეში ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელია. 2015-16 წლების სეზონში იგი ბორდოში იმ დროს თამაშობდა, როცა ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იყო.

ვადა ბორდოში 2014–2019 წლებში თამაშობდა

სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს კაკაბაძის მეშვეობით დავუკავშირდით და საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე აზრი ვკითხეთ. პირველ რიგში ვადასგან ის, გვაინტერესებდა რა სტილის ფეხბურთს ანიჭებს ვილი სანიოლი უპირატესობას და რამდენად მრავალმხრივია მისი ხედვები.

“ვილი სანიოლი ჩემთვის ის მწვრთნელია, რომელმაც ბორდოს პირველ გუნდში თამაშის საშუალება მომცა. ამიტომ მისი და მთლიანად მაშინდელი სამწვრთნელო შტაბის ძალიან მადლიერი ვარ. მისი დადებითი მხარეებიდან პირველ რიგში გამოვყოფ იმას, რომ შეუძლია, ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობის დამყარება. სანიოლი ცდილობს, გუნდს კარგი ფეხბურთი ათამაშოს და ამავე დროს, აქვს უნარი, რომ ნებისმიერ სიტუაციას მოერგოს და ალღო აუღოს,” - აღნიშნა ვადამ პოპსპორტთან საუბრისას.

არგენტინელი ამბობს, რომ სანიოლი გუნდს სხვადასხვანაირ ფეხბურთს ათამაშებს საჭიროებიდან გამომდინარე: “შეუძლია, გუნდის სათამაშო სქემა ცვალოს. რაც მთავარია, სანიოლმა ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა. მე მასზე მხოლოდ დადებით კონტექსტში შემიძლია ვისაუბრო, რადგანაც სწორედ სანიოლი იყო ის, ვინც დიდ ფეხბურთში გზა გამიხსნა და საკუთარი ძალების რწმენა ჩამინერგა. იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი ბევრს მუშაობს, სანიოლს მისთვის ამ შრომის დაფასება შეუძლია - ასეთ მოთამაშეებს იგი ნდობას უცხადებს და ეს მისი ის თვისებაა, რომელსაც მე ყველაზე მეტად ვაფასებ.”

📋 მეტი ამ თემაზე

2015-16 წლების სეზონი ვილი სანიოლისთვის ბორდოში უკანასკნელი აღმოჩნდა. 2016 წლის მარტში იგი ტულუზთან დერბიში 0:4 წაგების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ვალენტინ ვადას ცუდი შედეგების მიზეზებზეც ვკითხეთ: “საფრანგეთის ჩემპიონატში, რაღაც მომენტში, ცუდი შედეგები გვქონდა და კლუბის ხელმძღვანელობამ მისი შეცვლა გადაწყვიტა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია და იმას არ ნიშნავს, რომ სანიოლი სუსტი სპეციალისტია. მე პირიქით ვიტყოდი: ბორდოს ისტორიაში მან თავისი კვალი დატოვა.”

ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 25 მარტს შედგება

2021 წლის 15 თებერვალს ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. სფფ-მ ფრანგ სპეციალისტთან 2+2 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 25 მარტს შვედეთში გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები