Thumbnail

'ფეხბურთი მის გარეშე უკეთესია' - უეინ რუნის VAR არ მოსწონს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ვიდეოგამეორების სისტემას აკრიტიკებს
  • დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელის აზრით, VAR ფეხბურთს ემოციას უკარგავს

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ, რომელიც ამჟამად დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელია, ვიდეოგამეორების სისტემა გააკრიტიკა, რომელსაც არბიტრები სადავო ეპიზოდების განსასჯელად იყენებენ.

"პრემიერლიგაში VAR-ით მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება მაშფოთებს. ვერ გამიგია, როგორ მივიდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე მსაჯები. ვფიქრობ, რომ ფეხბურთი VAR-ის გარეშე უკეთესი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენების გარეშე, ზოგიერთი მატჩის შემდეგ იმედგაცრუებულები ვრჩებით, უნდა ვენდობოდეთ არბიტრებს, რათა მათ თავიანთი საქმე შეასრულონ. შესაძლოა, ზოგიერთ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ კონკრეტულ ეპიზოდში მსაჯის აზრს პატივისცემა სჭირდება.

VAR-ის გამოყენება ფეხბურთში ოფიციალურად 2018 წლიდან დაიწყეს

ახლა VAR-ის გამო ფეხბურთი უემოციო გახდა. მახსოვს ის დრო, როდესაც ვიტანდი გოლებს იმ ვითარებაში, როდესაც შესაძლოა თამაშგარეში ვყოფილიყავი. მაშინვე გვერდითი მსაჯისკენ უნდა გაგეხედა და თუკი დაინახავდი, რომ ალამი დახრილი იყო, აგრძელებდი ზეიმს. 

იმის გამო, რომ მოთამაშეები იძულებულნი არიან, წუთი ან ზოგჯერ ორი წუთიც ელოდონ, ჩაითვალა თუ არა გოლი, უბრალოდ სისულელეა. გოლის აღნიშვნა არის ის მომენტი, როდესაც გულშემატკივრები გრძნობენ კლუბსა და ფეხბურთელებთან კავშირს. ამას თუ გამოვაკლებთ, კავშირიც დაიკარგება", - აქვეყნებს რუნის ნათქვამს ბრიტანული მედია. 

რუნი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

35 წლის უეინ რუნი ამჟამად დერბის მთავარი მწვრთნელია, რომელშიც ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ინგლისელს ასევე უთამაშია ევერტონში, მანჩესტერ იუნაიტედსა და ამერიკულ DC იუნაიტედში. რუნის კარიერის საუკეთესო პერიოდი მანჩესტერში ჰქონდა, რომელთან ერთადაც 2004-17 წლებში პრემიერლიგა 5-ჯერ მოიგო, ასევე თითოჯერ გაიმარჯვა უეფას ჩემპიონთა ლიგასა (2008) და ევროპალიგაში (2017).

უეინ რუნიმ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა, რომლის მაისურით ჩატარებულ 120 მატჩში 53 გოლი გაიტანა, 2018 წელს დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები