Thumbnail

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 43 წლის ვილი სანიოლის დანიშვნას ნაკრების ფეხბურთელები გამოეხმაურნენ. პოპსპორტთან საუბარში ოთარ კაკაბაძემ და ლევან შენგელიამ ფრანგი სპეციალისტის დანიშვნა დადებითად შეაფასეს და იმედი გამოთქვეს, რომ მის ხელში საქართველოს ნაკრები კარგ შედეგებს მიაღწევს.

ოთარ კაკაბაძე: “სასიხარულოა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს. ეს ნიშნავს, რომ შესარჩევი ციკლის მატჩებს ამაღლებული განწყობით და მოტივირებულები შევხვდებით. მარტში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ შეხვედრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ. პირადად ჩემთვის სანიოლთან მუშაობა ორმაგად საინტერესო იქნება. უდიდესი ფეხბურთელი იყო და თან ჩემს პოზიციაზე თამაშობდა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი”.

ლევან შენგელია: “ის ფაქტი, რომ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ჩემთვის უკვე დადებითი მოვლენაა. იმედგაცრუების შემდეგ, რომელიც ნოემბერში მივიღეთ, ახალი სისხლი აშკარად საჭირო იყო. ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი პლიუსია ის, რომ სანიოლი ახალგაზრდა მწვრთნელია. მისი ასაკის სპეციალისტები თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებში საკმაოდ კარგად ერკვევიან. იმედი მაქვს, ისეთი ფეხბურთის მიმდევარი მწვრთნელია, რომელიც როგორც ჩვენ მოთამაშეებს, ასევე მაყურებელსაც სიამოვნებას მიანიჭებს”.

შეგახსენებთ, რომ სანიოლი ნაკრების დამრიგებლის პოსტზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გუშინ გამართულ აღმასკომის სხდომაზე დაამტკიცეს. ფრანგის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება. საქართველოს ნაკრები 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული უმწვრთნელოდ იყო. ვლადიმირ ვაისმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) მარცხის შემდეგ გუნდიდან წასვლა დააანონსა. სლოვაკმა ნაკრებს ამის შემდეგ სომხეთთან მატჩში უხელმძღვანელა (1:2), მაგრამ წაგების შედეგ პოსტი ვადაზე ერთი თამაშით ადრე დატოვა და ესტონეთთან (1:1) ეროვნული გუნდის დამრიგებელი რამაზ სვანაძე იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები