Thumbnail

იტალიური Oasport 6 ერში იტალიის ეროვნული ნაკრების სუსტ ასპარეზობას გამოეხმაურა და ამ ამბავში საქართველოც ახსენა. თუკი აქამდე იტალიური ვებ-გვერდები “აძურის” ცუდ შედეგებზე საუბარს ერიდებოდნენ და 6 ერიდან გამოთიშვაზე სიტყვის დაძვრაც არ სურდათ, აღნიშნული საიტი კრიტიკას არ მოერიდა და ვარაუდიც კი გამოთქვა, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, ტურნირი ისევ 5 ერის გათამაშებად იქცეს. აი, რა წერია ნახსენებ ვებ-გვერდზე:

“იტალიის ნაკრებისთვის 6 ერის ახალი სეზონი ისევე დაიწყო, როგორც წინები მიმდინარეობდა. საფრანგეთთან და ინგლისთან მატჩებში 91 ქულა იქნა გაშვებული და მხოლოდ 27 გატანილი, ეს კი, ზედიზედ 29 წაგებულ მატჩში გადაიზარდა. ამ ფონზე ინგლისურ და ფრანგულ პრესაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, იმსახურებს თუ არა იტალიის ნაკრები ტურნირზე დარჩენას?. ამ მხრივ ყურადსაღებია ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის მარტინ ჯონსონის კომენტარი:

“იტალიას ადრეც მუდმივად ვუგებდით, თუმცა, ბრძოლა ყოველთვის იყო. ისინი რომ დაგვემარცხებინა, ბევრ ენერგიას ვხარჯავდით, მეტოქე დაცვაში მაგრად თამაშობდა და შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებას გვირთულებდნენ. სხვათა შორის, ბურთის კონტროლიც ეხერხებოდათ, თუმცა, ამ მატჩში ყველაფერი სხვაგვარად იყო”, - განაცხადა მან თამაშზე, რომელიც იტალიამ საფრანგეთთან 10:50 წააგო.

წაიკითხე | დროა! - DAILY MAIL-ის სარაგბო ექსპერტი 6 ერში პლეი ოფის შემოღებას ითხოვს

ცხადია, რომ რაღაც მართლაც შეიცვალა და ეს იტალიის ნაკრების კრიტიკოსებს სულ უფრო მეტ საფუძველს აძლევს, რათა “აძურის” ტურნირიდან დაქვეითებაზე ისაუბრონ. ისე გამოდის, რომ ბოლო პერიოდში იტალიის ნაკრებს სულ რამდენიმე წარმატება ჰქონდა: 2007 წელს 6 ერზე მოპოვებული 2 გამარჯვება, სან სიროზე ოლ ბლექსთან ბრძოლაში წაგებული მატჩი და 2016 წელს სამხრეთ აფრიკასთან მოგებული ტესტი. ამ პერიოდში ნაკრებს ნელ-ნელა გამოაკლდნენ ბორტოლამი, ლო სისერო, კასტროჯოვანი, მასი, პარისე და გირალდინი, მათ შესაცვლელად კი მზად არავინ აღმოჩნდა.

და რაშია გამოსავალი? სპორტული კუთხით უპირატესობა იტალიის მხარესაა, რადგანაც ღირსეული შემცვლელი არ სჩანს. საქართველოს, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებები “აძურის” დონესგან შორს არიან და ვერც თამაშის გაუმჯობესებას ახერხებენ, ამდენად, მათ არავინ მიიღებს. შედეგად, რჩება ერთადერთი ვარიანტი: ტურნირი ისევ 5 ერად უნდა გარდაიქმნას. სხვა საქმეა, რომ ეს ყოველ ტურში მატჩების რაოდენობას ერთით შეამცირებს, ეს კი, კომერციული თვალსაზრისით დამღუპველი იქნება. საერთო ჯამში, სწორედ ესაა, რისი წყალობითაც იტალია ტურნირზე ადგილს ინარჩუნებს და არა – ნაჩვენები შედეგები”.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს 6 ერის პირველობაზე 2015 წლის თებერვლის მერე არ მოუგია, "აძურიმ" ზედიზედ 29 მატჩი წააგო და მედიისა და ექსპერტების კრიტიკა დაიმსახურა. ტურნირის ფორმატის სახეცვლილებას უკვე ბევრი მომხრე ჰყავს ევროპაში, მედიაც დადებითად არის განწყობილი სიახლისადმი, თუმცა ტურნირის ორგანიზატორები უახლოეს მომავალში ცვლილებებს გამორიცხავენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები