Thumbnail

'უკეთესს ვერც ვინატრებდი' - გორგაძე რეაბილიტაციის პროცესით კმაყოფილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ერთი-ორი მატჩის ჩატარებას აზრი არ აქვს და სჯობს მომავალი სეზონისთვის მოვემზადო'
  • 25 წლის ბორჯღალოსანს ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაგლეჯილი და მენისკი დაზიანებული

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა გორგაძე მძიმე ტრავმის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და მალე მსუბუქად ვარჯიშსაც დაიწყებს. “რეაბილიტაცია ისე კარგად მიდის, რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი და ძალიან გახარებული ვარ“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში გორგაძემ, რომელიც 29 ნოემბერს, “შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან მატჩში დაშავდა.

მორაგბეს, რომელსაც წოტა ხნის წინ 25 წელი შეუსრულდა, ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაგლეჯილი და მენისკი დაზიანებული. ბექას ოპერაცია 9 დეკემბერს ჩაუტარდა და სასიხარულოა, რომ მენისკი ამოსაჭრელი არ გახდა, რაც სამომავლო პერსპექტივისთვის ძალიან კარგია. ბექა სულ მალე ძუნძულს შესძლებს და შესაძლოა, სეზონის ბოლოს სათამაშოდაც მზად იყოს, მაგრამ ის გარისკვას არ აპირებს და ახალ სეზონს დაელოდება:

ბექა გორგაძე ირლანდიასთან მატჩში დაშავდა

“ქირურგმა მითხრა, რომ ოპერაციიდან 6 თვეში თამაში შემეძლება. ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია დაგეგმილზე სწრაფად მიდის, მაგრამ გარისკვას არ ვაპირებ. ერთი-ორი მატჩის ჩატარებას აზრი არ აქვს და სჯობს მომავალი სეზონისთვის 100%-ით მოვემზადო. ზედა ტანის დატვირთვა 4 იანვარს დავიწყე და ნელ-ნელა დატვირთვებს ვზრდი. რეაბილიტაციის ძირითადი ეტაპებიც გავლილი მაქვს და სავარაუდოდ იმ კვირიდან, სპეციალურ დანადგარზე ძუნძულს დავიწყებ, 2-3 კვირაში კი, მოედანზეც შევძლებ ძუნძულს“.

ტრავმას თან ისიც დაერთო, რომ ფრანგულმა ბორდომ ბორჯღალოსანთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა. გორგაძე ადასტურებს, რომ ბაიონიდან რეალური შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა და ახალ გუნდს თვეთვენახევარში ელოდება:

“მომავალი სეზონიდან ბორდოში აღარ ვიქნები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტს ბაიონთან ვაფორმებდი და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ, არ გამოვიდა. არის რაღაც ვარიანტები და ვფიქრობ, მარტის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი რეაბილიტაციაა და სრულად ამაზე ვარ გადართული“.

კომენტარები

ბოლო ამბები