Thumbnail
  • დენვერ ნაგეთსი 122:105 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ენტონი დევისმა ტრავმის გამო პარკეტი პირველ ნახევარშივე დატოვა
  • ნიკოლა იოკიჩმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა

გუშინდელი დღის მთავარ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსის ლეიკერსი ამბიციურ დენვერს ხვდებოდა. ორივე გუნდი დასავლეთ კონფერენციის მოგებას უმიზნებს და მატჩსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

შეხვედრაში ბრძოლა ნაკლებად შედგა - დენვერმა პირველი ნახევარი 12 ქულით მოიგო და მთელ თამაშს დამაჯერებლად აკონტროლებდა. განსაკუთრებით კარგი კოლორადოელების დაცვა იყო, რომელმაც მეტოქეს მხოლოდ 105 ქულა ჩააგდებინა.

გადამწყვეტი უპირატესობა დენვერმა პერიმეტრიდან მოიპოვა. როცა ლეიკერსმა 28-დან მხოლოდ 6 სამქულიანი ჩააგდო (ზუსტი სროლების 21 პროცენტი), დენვერმა 47 (!) სამქულიანი ისროლა, საიდანაც 19 გამოიყენა (ზუსტი სროლების 40 პროცენტი). აღსანიშნავია, რომ დენვერმა უფრო მეტი სამიანი ისროლა, ვიდრე ორქულიანი (47-38).

თამაში არ წაუვიდათ ლეიკერსის ლიდერებს: ლებრონ ჯეიმსმა 18-დან 9 სროლა ჩააგდო, თუმცა 5-დან ყველა სამქულიანი ააცილა და -17 ჰქონდა. მის ანგარიშზე 10 მოხსნა და 9 პასიც იყო. ლებრონს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 პასი დააკლდა. ენტონი დევისი მხოლოდ 15 ქულას დასჯერდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ AD-მ პირველსავე ნახევარში ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია. წინასწარი მონაცემით მან აქილევსი გაიმიზეზა. ტრავმის ზუსტ სიმძიმეს დღევანდელი კვლევები დაადგენს.

დენვერმა კოლექტიური კალათბურთით მოიგო: 25 ქულა დააგროვა ჯამალ მარიმ, რომელსაც 34 წუთში +27 ჰქონდა. ძალიან კარგი იყო ნიკოლა იოკიჩი, რომელმაც სამმაგი დუბლი გააკეთა - 23 ქულა, 10 პასი და 16 მოხსნა. მათ გარდა დენვერის კიდევ 4 მოთამაშე გადაცდა 10 ქულიან მაჩვენებელს, მათ შორის რეალის ყოფილი გამთამაშებელი ფაკუნდო კამპასო, რომელმაც 15 ქულა დაგროვა. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები