Thumbnail
  • დალას მავერიკსი 118:121 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
  • ლუკა დონჩიჩმა 44 ქულა დააგროვა
  • გადამწყყვეტი სამქულიანი მატჩის ბოლოს დემიენ ლილარდმა ჩააგდო

ლუკა დონჩიჩის დალასი პორტლენდს ხვდებოდა. ორივე ამ გუნდს პლეიოფში თამაშის ამბიცია აქვს და შესაბამისად, მატჩსაც პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. დამატებით ინტრიგას შეხვედრას ის ფაქტი სძენდა, რომ ლიგის ორი გამორჩეული ჩამყრელი, ლუკა დონჩიჩი და დემიენ ლილარდი, ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.

დონჩიჩმა ორიოდე დღის წინ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი - 46 ქულა ჩააგდო. პორტლენდთან ის ამ შედეგის გაუმჯობესებასთან ახლოს იყო - 20-დან 14 ზუსტი სროლა, 8-დან 5 ზუსტი სამიანი და საბოლოოდ 44 ქულა. ლუკას მხოლოდ ერთი პასი დააკლდა ორმაგ დუბლამდე - მას 9 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. სწორედ დონჩიჩის წყალობით, დალასი მეოთხე მეოთხედში პორტლენდს 13-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ დაეწია.

დონჩიჩის შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, მატჩის მთავარი სროლა მაინც დემიენ ლილარდმა შეასრულა. მას მერე, რაც დორიან ფინი-სმიტმა ლუკას პასის შემდეგ ზუსტი სამქულიანით ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ლილარდის დრო დადგა. პორტლენდის ლიდერმა გადამწყვეტი სამიანი თავისთვის საყვარელ ბოლო წამებზე ჩააგდო და თავის გუნდს მოაგებინა. ბოლო შეტევაში ლუკას გათანაბრება შეეძლო, თუმცა მისი სამქულიანი მიზანს სულ ცოტათი ასცდა.


ლილარდს 34 ქულა და 11 პასი ჰქონდა. მასთან ერთად გატარებული მონაკვეთი პორტლენდმა 11 ქულით მოიგო. დონჩიჩისგან განსხვავებით ის უფრო ცუდად ისროდა. თუკი ლუკას 44 ქულისთვის მხოლოდ 20 სროლა ეყო, ლილარდმა 34 ქულას 26 სროლა მოანდომა. 

პორტლენდიდან 17 ქულა დააგროვა გარი ტრენტ-ჯუნიორმა, 15-15 კი - კარმელო ენტონიმ და რობერტ კოვინგტონმა. დალასიდან დონჩიჩის შემდეგ საუკეთესო კრისტაპს პორზინგისი იყო 18 ქულით. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეო-მიმოხილვაში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები