Thumbnail
  • იუვენტუსი ნაპოლისთან 0:1 დამარცხდა
  • ანდრეა პირლო მსაჯობით უკმაყოფილოა
  • ჯენარო გატუზომ შვებით ამოისუნთქა

ინტერთან მარცხის (17 იანვარს 0:2) იუვენტუსს მოგებათა სერია ჰქონდა და ტურინული გრანდი თითქოს ფორმაში შევიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის წინ (ოთხშაბათს პორტუს სტუმრობს) ანდრეა პირლოს გუნდი ნეაპოლში 0:1 დამარცხდა. იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ეს იუვესთვის მორიგი დარტყმაა, ნაპოლისთვის კი - დიდი წარმატება, რამაც ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს პოსტი შეუნარჩუნა.

თამაშის ბედი ლორენცო ინსინიეს მიერ გატანილმა პენალტმა გადაწყვიტა და მატჩის შემდეგ პირლო სწორედ თერთმეტმეტრიანის გამო იყო უკმაყოფილო.

“თუ ამაზე პენალტს ნიშნავენ, მაშინ საჯარიმოში ნებისმიერ კონტაქტზე თერთმეტმეტრიანი უნდა დაიდოს. ასეთი პენალტი ჩვენთვის რომ მოეცათ, ბევრი დისკუსია და წუწუნი იქნებოდა. მოკლედ: ეს საეჭვო გადაწყვეტილება იყო!” - განაცხადა იუვენტუსის დამრიგებელმა თამაშის შემდეგ და დასძინა: “როცა ამდენ მატჩს ვთამაშობთ, ლოგიკურია, რომ ყოველთვის იდეალურად არ გამოვიყურებით, მაგრამ ეს კარგი თამაში იყო და ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, გოლია. ბევრი მომენტი შევქმენით, ნაპოლის მეკარე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ახლა მხოლოდ თებერვალია და თუ ასეთ დონეზე თამაშს გავაგრძელებთ, ყველაფერი კარგად იქნება.”

“დიდი სითამამე გამოვიჩინეთ. იუვე მეტს იმსახურებდა, მაგრამ ჩემი გუნდი წნეხის ქვეშ იყო და მაგრად იბრძოლა. ამ გუნდის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს მეპარებოდა - წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა ბარგი უკვე ჩალაგებული მექნებოდა. მწვრთნელს უნდა სჯეროდეს ფეხბურთელების, სხვანაირად არ შეიძლება.” - ეს გატუზოს სიტყვებია.

პორტუსთან უმნიშვნელოვანესი თამაშის შემდეგ, იუვენტუსი სერია A-ში 22 თებერვალს კროტონეს უმასპინძლებს, ნაპოლი კი მომდევნო ტურში, 21 თებერვალს ატალანტას ბერგამოში ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები