Thumbnail

13 თებერვალს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება, პირველობის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციაა, ტურნირში მონაწილეობას 30 სპორტსმენი მიიღებს. ჩემპიონატის პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე იქნება. ბრძოლები 13 თებერვალს 19:00-საათზე დაიწყება.

ჩემპიონატის მონაწილეებმა ბრძოლების წინ წონა ჩააბარეს. 30-ივე მებრძოლი ჩემპიონატის პირველი ტურისთვის სრულ მზადყოფნაშია. პოპსპორტი აწონვას დაესწრო და საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი კაბულაშვილს, MAIN CARD-ის მთავარი ბრძოლის მონაწილეს ოთარ თანზილოვსა და ქართველ მებრძოლს, ACA-ს ორგანიზაციის წევრს, ლევან მაყაშვილს ესაუბრა.

ოთარ თანზილოვი: "საქართველოს ჩემპიონატი პირველად ტარდება. მოხარული ვარ, რომ MAIN CARD-ის მთავარ ბრძოლაში ვმონაწილეობ. ამ ბრძოლისთვის ორი თვის განმავლობაში ვემზადებოდი. მეტოქე ძალიან ძლიერია და მაგარ ბრძოლას ველი."

გიორგი კაბულაშვილი: "MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ამ სპორტის განვითარებისთვის. ყველა ბრძოლა ძალიან კარგი იქნება. ამდენი ხანია, ბიჭებს არ უჩხუბიათ და ტურნირისთვის დიდი მონდომებით ემზადებოდნენ. ჩატარდება 5 ტური. მეხუთე ტური იქნება ფინალური, სადაც ქამარი გათამაშდება, რომელსაც მსოფლიო ფედერაციიდან გამოგვიგზავნიან. საქართველოს ჩემპიონებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ორგანიზაციაში ჩხუბი შეეძლებათ, რაც არამარტო სპორტსმენის წინსვლაა, არამედ ქვეყნის წარმატებაცაა."

ლევან მაყაშვილი: "ცხადია, საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება ძალიან საჭირო ამბავია. ეს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია. ისინი აქ დაიხვეწებიან და შემდეგ უცხოეთში სხვადასხვა ორგანიზაციებში იჩხუბებენ. 10 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატზე მეც ვიჩხუბე. მაშინ დიდი გამოცდილება მივიღე. ყველას უნდა ჰქონდეს შანსი, რომ ბრძოლის ხშირად ჩატარების შემდეგ გამოცდილება დაუგროვდეს. ეს იქნება ტრამპლინი უცხოურ ორგანიზაციებში წასვლისთვის. ყველა მებრძოლს წარმატებას ვუსურვებ."

კომენტარები

ბოლო ამბები