Thumbnail

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე კარიერას სავარაუდოდ დინამო ბათუმში გააგრძელებს. 30 წლის ფორვარდი, რომელიც ბოლო პერიოდში უგუნდოდ იყო და ინდივიდუალურად ემზადებოდა, გია გეგუჩაძის გუნდს თურქეთში დღეს შეუერთდება. 

მჭედლიძე ბოლოს დინამო თბილისის ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 2019 წელს 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის ერთადერთი ბურთი ლევანმა 'ანგისაზე', სწორედ დინამო ბათუმის კარში გაიტანა და მაშინ პრაქტიკულად ჩემპიონობის ბედიც გადაწყვიტა.

📺 მჭედლიძის გოლი დინამო ბათუმთან

ლევან მჭედლიძის სავარაუდო ტრანსფერი დინამოს კიდევ ერთი ახალწვეულის, ვამარა სანოგოს ტრავმითაა განპირობებული. ფრანგი ფორვარდი უკრაინული ლვოვის წინააღმდეგ მატჩში დაშავდა და როგორც კლუბის ექიმი ზურა ხარხელაური ამბობს, მას გარკვეული პერიოდის გამოტოვება და შემდეგ ინდივიდუალური პროგრამით მომზადება მოუწევს.

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი)
"თურქეთში დღეს მიფრინავს და გუნდს შეუერთდება. ალბათ დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ. ვფიქრობ, რომ ლევანისთვისაც და დინამო ბათუმისთვისაც ეს ტრანსფერი პლუსია და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. კონტრაქტის ვადის ხანგრძლივობას ამ ეტაპზე ვაზუსტებთ. ეს ბიჭი ტრავმებმა დატანჯა, თორემ ლევანის თვისებები და შესაძლებლობები ყველამ ვიცით. მჯერა, რომ შეძლებს და მაღალ დონეზე დაბრუნდება. ჩვენი და ლევანის მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებში ისევ ითამაშოს და დარწმუნებული ვარ, დინამო ბათუმსაც წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ასეთი შესაძლებლობების მქონე ქართველი ფეხბურთელი არცისე ბევრია და ასე ვიტყოდი, რომ მეორედ იწყებს კარიერას და ეს წარმატებული იქნება მისთვის, ჩვენთვის და საქართველოს ნაკრებისთვისაც".

30 წლის ქართველმა ფორვარდმა გუშინ, პირველი არხის სპორტულ გადაცემა ტაიმ აუტში განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს იტალიის სერია B-ს ლიდერ ემპოლისთან აწარმოებდა, მაგრამ ვინაიდან იტალიაში ცხოვრების უფლება გაუუქმდა და ტოსკანურ გუნდს უკვე დამატებული ჰყავს სამი არაევროკავშირელი ფეხბურთელი, ტრანსფერი არ შედგა. მან ისიც თქვა, რომ ამჟამად ფიზიკური მომზადების კურსის დასრულებამდე 20 დღე დარჩა და შემდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

მჭედლიძის კარიერის უმეტესი ნაწილი ემპოლიში აქვს გატარებული

ლევან მჭედლიძეს კარიერის უდიდესი ნაწილი ემპოლიში აქვს გატარებული, რომლის რიგებში სერია A-ში 75 მატჩში 11 გოლი გაიტანა (მათ შორის, იუვენტუსთან, ინტერთან და მილანთან), სერია B-ში 86 თამაშში თავი 5-ჯერ გამოიჩინა, ხოლო იტალიის თასზე 8 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა. 2008-2010 წლებში კიდევ ერთი იტალიური კლუბის, პალერმოს რიგებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მჭედლიძეს 32 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

დინამო ბათუმმა ლევან მჭედლიძემდე ოფიციალურად დაადასტურა: გაგი მარგველაშვილის, ლაზარე კუპატაძის, ლუკაშ გროცურეკის, ოლეკსანდრ აზაცკის, ვამარა სანოგოს, გიორგი ზარიას, რაფაელ ჩუკვურას, სანდრო ალთუნაშვილის, გრიგოლ ჩაბრაძის, გიორგი ფანცულაიას და ირაკლი აზაროვის ტრანსფერები.

კომენტარები

ბოლო ამბები