Thumbnail
  • რუსები წერენ, რომ ქართველი კალათბურთელი მომჯობინების გზას ადგას
  • ჯერაც გაურკვეველია, ის მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში ითამაშებს თუ - ვერა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს, ვარჯიშს მალე განაახლებს, მანამდე კი, მისმა კლუბმა წინა ხაზში სირთულეების აღმოსაფხვრელად ნიგერიელი ცენტრი მაიკლ ერიკი დაიმატა და ამ ტრანსფერის დროს თოკოს აზრიც იქნა გათვალისწინებული.

“ბაზარი საგულდაგულოდ შევისწავლეთ, ყველა ვარიანტი განვიხილეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ მაიკლ ერიკი გამოგვადგება. მას ევროლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, შესაბამისი გაბარიტები და მოტივაცია გააჩნია. იმ კალათბურთელების აზრიც გავითვალისწინეთ, რომელთაც მაიკთან ერთად უთამაშიათ. ამაზე საუბარი თოკოსთან, დარუნთანა და უილთან გვქონდა”, - განაცხადა ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა.

ცნობისთვის, ერიკი შენგელიასთან ერთად ესპანურ ბასკონიაში თამაშობდა და ლიგა ენდესას ჩემპიონიც გახდა, ბოლოს კი, თურქული ტურკ ტელეკომის წევრი იყო და ჩემპიონატის 19 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 24.2 წუთი, 11.0 ქულა, 6.2 მოხსნა და 1.0 დაფარება გახლდათ, ჩემპიონთა ლიგაში კი საშუალოდ 27.6 წუთში 12.2 ქულას, 6.7 მოხსნასა და 1.3 ბლოკ-შოტს აგროვებდა. ტრანსფერის თემა Championat.com-მა განაგრძო და შენგელიასაც შეეხო:

თორნიკე შენგელია და მაიკლ ერიკი (მარჯვნივ) ბასკონიაშიც თანაგუნდელები იყვნენ

“საერთო ჯამში, ერიკმა დარუშაფაკაში თავი საჭირო კალათბურთელად წარმოაჩინა, რომელსაც ზოგჯერ “გასროლაც” შეუძლია. მას ბასკონიაში დიდად წარმატებული პერიოდი არ ჰქონია. ესპანეთის ჩემპიონი კი გახდა, თუმცა, სხვა მაღლებთან – აჩილე პოლონარასთან, იუსუფა ფოლთან, ილიმანე დიოპთანა და თორნიკე შენგელიასთან ჭიდილი უჭირდა. ბასკებმა პირველი 3 დაიტოვეს, შენგელია ცსკა-ში გაუშვეს, ერიკი კი – ტურკ ტელეკომში, თუმცა, ისე გამოვიდა, რომ ნახევარი წლის შემდეგ, ერიკი ისევ თოკოს თანაგუნდელი გახდა. სხვათა შორის, შენგელია და უილ კლაიბერნი მალე უნდა მომჯობინდნენ, მაგრამ სავარაუდოა, რომ წინა ხაზში არსებული პრობლემები ავტომატურად ვერ მოგვარდება”.

ნათელია, რომ ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო ეს ბოლო ფრაზა უნდა იყოს, რადგანაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უახლოეს პერიოდში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩები ელის და ჯერაც უცნობია, შენგელია მათში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს თუ – ვერა. თოკოსა და ცსკა-ს შორის კონტრაქტის გაფორმებისას ითქვა, რომ რუსული გრანდი ქართველ ლეგიონერს სანაკრებო მატჩებზე წამოსვლაში ხელს არ შეუშლიდა, თუმცა, ცხადია, რომ თუკი თორნიკემ ტრავმა ვერ მოიშუშა, ეს ვერ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა და საგზურს სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა. თებერვალში, შესარჩევი ეტაპის დარჩენილ მატჩებს სწორედ საქართველო უმასპინძლებს: E ჯგუფის “ბაბლი” თბილისში შედგება. ქართველი კალათბურთელები 19 თებერვალს სერბეთს უმასპინძლებენ, 21-ში კი – ფინეთს.

კომენტარები

ბოლო ამბები