Thumbnail
  • რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის სავარაუდო კალენდარი
  • ლევან მაისაშვილის გუნდი ტურნირს 6/7 მარტს იწყებს

რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი დასრულებულია, წინ 2021 წლის პირველობაა, რომელსაც სხვა დატვირთვაც აქვს - მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს თასის საგზური ჯერ მოპოვებული არ აქვთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან ორი საუკეთესო საფრანგეთში მიდის, მე-3 ადგილოსანს კი საგზურის მოპოვების შანსი რჩება. 

საქართველოს ნაკრებმა 2020 წლის ტურნირის ყველა თამაში მოიგო

რაგბი ევროპის ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ახალი ტურნირის კალენდარი ცნობილი მას მერე გახდებოდა, რაც 2020 წლის ტურნირი დასრულდებოდა. ტურნირი, როგორც იქნა, დასრულდა, მაგრამ ოფიციალური კალენდარი ჯერ არსად ჩანს. ბოლო ინფორმაციით, მას "უახლოეს კვირებში" შემოგვთავაზებენ! არადა, სტარტამდე 25 დღე, სამ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება.

ეს ორგანიზაცია ისედაც არ გამოირჩეოდა მოწესრიგებული საქმიანობით, მსოფლიო პანდემიამ კი მთლად აურია გეგმები. საკმარისია ითქვას, რომ შარშან პანდემიის გამო მხოლოდ ერთი ტურის ჩატარება გახდა პრობლემური და ისიც ვერ მოახერხეს. მეტიც, სამი მატჩიდან მხოლოდ ორი გაიმართა წლეულს და ბელგიამ ბოლო ადგილი არც მთლად სპორტული პრინციპით დაიკავა. 

ოფიციალურად ნათქვამია, რომ 2021 წლის ტურნირი 6/7 მარტს დაიწყება, მარტის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ პაუზა იქნება და ივლისის საერთაშორისო ფანჯრის დროს დასრულდება. უფრო ზუსტად, უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერ დასრულდება! 

📺 საქართველო v რუსეთი [მიმოხილვა]

საქმე ისაა, რომ ბელგიამ და მე-2 დივიზიონის გამარჯვებულმა ნიდერლანდებმა ელიტის საგზურისთვის პლეი ოფი უნდა ითამაშონ, რომელიც 13 ივნისამდე (!) უნდა გაიმართოს. ანუ ტურნირი ლამის დასრულდება, როცა მისი მე-6 მონაწილე გაირკვევა. აი, ასეთ აბსურდულ სიტუაციამდე მივიდა რაგბი ევროპის ორგანიზაცია. პლეი ოფის გამარჯვებული რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ივლისში და ნოემბერში (!) ითამაშებს. ასე რომ, უკვე გარანტირებულია, რომ ეს ტურნირიც გაიწელება. თუკი პანდემიის მხრივ სიტუაცია გაუარესდა, შეიძლება ეს "დალაგებული" გეგმებიც აირიოს. მოკლედ, საქართველოს ნაკრები თამაშობს ტურნირში, რომელიც მას არც სპორტული და აღარც ორგანიზაციული თვალსაზრისით შეეფერება. 

წაიკითხე | 'ყელში ამოვიდა' - უელსის ექს-კაპიტანი 6 ერზე საქართველოსთვის შანსის მიცემას ითხოვს

ესპანურმა მედიამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების სავარაუდო კალენდარიც გამოაქვეყნა, კალენდარი (სავარაუდო) ჩვენი გუნდისთვისაც ცნობილია, თუ რაგბი ევროპა არსებულ ფორმულას არ შეცვლის. 

მაშ ასე, საქართველოს ნაკრებმა შესაძლოა, პირველ ტურში სტუმრად პორტუგალიასთან ითამაშოს (6/7 მარტი), მეორე ტურში "ბორჯღალოსნებს" "დასვენება" მოუწევთ, მე-3 ტური (21 მარტი) რუსეთი v საქართველო, მე-4 ტური (სავარაუდოდ, მარტის ბოლოს ან ივლისში): საქართველო v რუმინეთი, მე-5 ტური (ივლისში) ესპანეთი v საქართველო. ნიდერლანდებთან ან ბელგიასთან მატჩი "ბორჯღალოსნებმა", შესაძლოა, გამართონ 25/26 ივნისს (სარეზერვო დღე), ან ივლისში ან ნოემბერში (შინ).
როგორც ხედავთ, სამ კონკურენტთან სტუმრად ვთამაშობთ და მხოლოდ ერთთან შინ, თუმცა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 2022 წლის ტურნირის ჩათვლით გრძელდება.  

კომენტარები

ბოლო ამბები