Thumbnail

მამუჩას სუპერ-დუბლით - დინამო ბათუმის დამაჯერებელი გამარჯვება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმი 2:0 ბორაცი | 1:0, 2:0 მამუჩაშვილი 65', 71'
  • გია გეგუჩაძის გუნდმა ბოსნიურ მეტოქეს იოლად აჯობა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება, გუნდი თურქეთშია შეკრებაზე, სადაც მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი ბოსნიურ ბორაცს დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 2:0.

შეხვედრის პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, გუნდებს საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. უფრო მეტად ბოსნიელები აქტიურობდნენ, გოლთან უფრო ახლოსაც ისინი იყვნენ. მათ ორი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, მიხეილ ალავიძის საქმეში ჩართვა საჭირო არ გამხდარა. საპასუხოდ, ბათუმელთა შორის, ყველაზე კარგი შანსი გიორგი ნიქაბაძეს მიეცა, რომლის თავური კარს ასცდა.

მეორე ტაიმის სტარტზე გია გეგუჩაძემ რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა, განსაკუთრებით ერთმა შეცვლამ გაამართლა - ვლადიმერ მამუჩაშვილი მატჩის გმირი გახდა, მან ორი შედევრი შექმნა და დინამოს მიმდინარე თურქულ შეკრებაზე გამარჯვება მოაპოვებინა.

65-ე წუთზე დინამოელთა საყრდენმა ნახევარმცველმა შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა  შეასრულა კარგად, უძლიერესი დარტყმით ბურთი კედელში გააძვრინა და ბორაცის მეკარეს შანსი არ დაუტოვა. კიდევ 6 წუთში მამუჩაშვილმა მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, საჯარიმოს მისადგომებიდან მეტოქის ფეხბურთელს იოლად გაუსწორდა და შორეულ კუთხეში გაიტანა - 2:0.

ირაკლი აზაროვი: "ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა. გუნდს კარგად შევეწყვე, არ გამიჭირდა, ძალიან მეგობრული გარემოა გუნდში. ყველაფერი წინ გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წელს ჩემპიონები გავხდეთ. გია გეგუჩაძის ფილოსოფიასთან შეგუება არ მიჭირს, რადგან დინამო თბილისშიც ბავშვობიდანვე იგივე ფილოსოფიას მივყვებოდით".

ლევან გეგეჭკორი: "საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი, ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და უფრო მეტი ყურადღება ტაქტიკურ მომზადებას ეთმობა. რა თქმა უნდა, თამაშის მოგება ყოველთვის სასიხარულოა, არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგურია თუ ოფიციალური. რაც შემეხება მე, საკმაოდ ბევრი დრო გამიცდა, დაახლოებით 6 თვე და ახლა ნელ-ნელა ვიღდგენ ფორმას და იმედი მაქვს, რომ გუნდს სრულფასოვნად მალე დავუბრუნდები. ამჟამად, ალბათ, 40-50%-ით ვარ მზად".

დინამო ბათუმმა პირველი სპარინგ-მატჩი უკრაინული ლვოვის წინააღმდეგ გამართა და 1:1 ითამაშა (გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა), მომდევნო შეხვედრას ზღვისპირელები 13 თებერვალს, ტულის არსენალთან ჩაატარებენ, ხოლო თურქეთში 20 თებერვლამდე დარჩებიან.

დინამო ბათუმი 2:0 ბორაცი

გოლი: 1:0 მამუჩაშვილი (65), 2:0 მამუჩაშვილი (71)

დინამო ბათუმი (ძირითადი შემადგენლობა): ალავიძე - ჩაბრაძე, მარგველაშვილი, გაგოშიძე, აზაროვი - ტეიდი, მანჯგალაძე - თევდორაძე, ზარია, გროცურეკი - ნიქაბაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: ფანცულაია, ჯიღაური, ჩალაძე, აზაცკი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ჯიჯავაძე, გეგეჭკორი.

კომენტარები

ბოლო ამბები