Thumbnail

'ტყუილიც აღარ არის, მამაძაღლობაა' - აბუსერიძე ბრძოლას არ წყვეტს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა
  • აბუსერიძე აცხადებს, რომ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა რაგბის კავშირის პრეზიდენტად დარეგისტრირებაზე.

''არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს წესდებით მოთხოვნილი ხმების რაოდენობა არ მიგიღიათო. ეს ტყუილიც აღარ არის. მამაძაღლობაა! არ მეგონა აქამდე თუ მოვიდოდით! დღითიდღე უფრო და უფრო სირცხვილია! დღითიდღე უფრო და უფრო მრცხვენია! მარტო სიმართლეა ჩვენ მხარეს! სამართალი, როგორც ვხედავთ ჯიბეში აქვთ. უკანონობის დაკანონებაზე ერთი პასუხი გვაქვს: ძალა ჯერ კიდევ ხნავს აღმართს და აბა კარგად შემოგვხედეთ!'', - წერს აბუსერიძე სოციალურ ქსელში.

აბუსერიძემ რაგბი XV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამართლებრივად აპირებს ბრძოლის გაგრძელებას და უახლოეს დღეებში შეიტანს სარჩელს სასამართლოში. მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ მისმა მხარდამჭერმა, მოქმედმა და ვეტერანმა მორაგბეებმა კვლავ გამართონ საპროტესტო აქცია და ამან პერმანენტული ხასიათიც კი მიიღოს.

ირაკლი აბუსერიძე ხაზს უსვამს, რომ მასსა და მის გუნდს ხელების გადაგრეხვით და ძალადობით ვერ დააშინებენ. ის აპირებს, რომ ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს 31 ხმით აირჩიეს, 10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ, ბაჩო ხურციძემ კი არჩევნებში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო. 2021 წლის მორიგი საერთო კრება 24 თებერვალს ჩატარდება, სადაც მთავარი საკითხი კვლავაც ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები