Thumbnail

სეტონ ჰოლის მთავარი მწვრთნელი კევინ ვილარდი სანდრო მამუკელაშვილის მორიგ წარმატებას გამოეხმაურა და მის მიზეზებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი კალათბურთელი NCAA-ს კონფერენცია BIG EAST-ის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რასაც წინ მისი შედეგიანი მატჩები უძღოდა.

კევინ ვილარდი: “ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც სანდროსთან ვსაუბრობთ ხოლმე, მისი ახლანდელი როლის გათავისებაა. ვფიქრობ, ის ნელ-ნელა ხვდება გუნდში მასზე რამდენი რამაა დამოკიდებული. ბიჭები სწორედ მას შეჰყურებენ, კომბინაციები მასზე ეწყობა, სანდრო უნდა ხვდებოდეს, გუნდისთვის რაოდენ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და დატვირთვაც შესაბამისი ექნება. მამუს ჩინებული სეზონი აქვს, თუმცა, ბოლო მატჩებში ის შეტევაში კიდევ უფრო აგრესიული გახდა, ეს კი, სხვებსაც ეხმარება, რომ უფრო თამამად შეუტიონ”.

ეს ამ სეზონში (და კარიერაშიც) მეორე შემთხვევაა, როცა ქართველი ფორვარდი კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მას სტუმრად ორი ფანტასტიკური მატჩი დაუფასდა პროვიდენსთან და კონექტიკუტთან. სანდრო გასულ კვირაში საშუალოდ 21.0 ქულას, 7.0 მოხსნას, 2.5 პასსა და 1.5 ჩაჭრას აკეთებდა, სეტონ ჰოლმა კი ორივე მატჩი მოიგო და NCAA-ს ჩემპიონშიპში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. მამუკელაშვილი 50%-იანი სიზუსტით ისროდა, როგორც ორქულიანებს, ისე 3-ქულიანებს (!), საჯარიმო ხაზიდან კი 14-დან 12 ჩააგდო (86%). პროვიდენსთან მატჩში ის სეტონ ჰოლს შემოტრიალების მოწყობაში დაეხმარა - 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. კონექტიკუტთან მეორე ტაიმში სამი უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო, ჯამში კი 22 ქულა მიითვალა. 

საინტერესოა, რომ ფაქტობრივად ყველა ავტორიტეტული გამოცემის გათვლებით, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს NBA-ს 2021 წლის დრაფტის მე-2 რაუნდში აირჩევენ. მას NbaDraft 55-ე ადგილზე (ოკლაჰომა სიტი) აყენებს, ESPN – 52-ეზე (დეტროიტი), ხოლო Bleacher Report – 46-ეზე (ნიუ იორკი). სანდროს სეტონ ჰოლი მომდევნო მატჩს 15 თებერვალს მარკეტ გოლდენ იგლსთან გამართავს.

📺 FOX-ის სიუჟეტი სანდრო მამუკელაშვილზე

კომენტარები

ბოლო ამბები