Thumbnail
  • ცსკა-ს ქართველი ფორვარდის ჩატენვა ევროლიგამ იანვარში საუკეთესოდ აღიარა
  • თორნიკე შენგელია ეფექტური მოქმედებით ფენერბაჰჩესთან მატჩში გამოირჩა 

ევროლიგამ იანვრის საუკეთესო დანქების კრებული წარმოადგინა და ათეულის სათავეში თორნიკე შენგელიას ჩატენვა დაასახელა, რომელიც ქართველმა კალათბურთელმა ცსკა-ფენერბაჰჩეს მატჩში შეასრულა.

22 იანვარს, მოსკოვის გუნდმა ევროლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილ ფენერბაჰჩეს უმასპინძლა და ანგარიშით 83:89 დამარცხდა. თორნიკემ იმ მატჩში სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, რითაც თავის გუნდში საუკეთესო იყო. 

ქართველმა ფორვარდმა ეფექტური დანქი კი თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე შეასრულა. თორნიკემ მეტოქის ფარიდან გადმოვარდნილი ბურთი ბრძოლაში მოიპოვა, ორ მოწინააღმდეგეს გასცდა და ნახტომში ჩატენა. საგულისხმოა, რომ შენგელიას ხელი ვერც იქვე მყოფმა ფენერბაჰჩეს 2.13 მ სიმაღლის ჩეხმა ფორვარდმა იან ვესელიმ შეუშალა.


მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში გასული 24 ტურის შემდეგ 16 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩება. ბოლო დროს თორნიკე შენგელია ტურნირის მოქმედ ჩემპიონებს ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები