Thumbnail

რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 16:7. "ბორჯღალოსნებს" ამ მატჩამდეც გარანტირებული ჰქონდათ ჩემპიონის ტიტული. 

მე-11 წუთზე რამილ გაისინს ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, მაგრამ ჯარიმა 40 მეტრიდან სუსტად დაარტყა, ბურთმა მიზნამდე არ უწია. 

📺 საქართველო v რუსეთი [მიმოხილვა]

📹 / რაგბი TV

საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში უპირატესობას არ ფლობდა, შერკინებებში ჯარიმდებოდა, ლელოს გატანის რეალური შანსი არ ჰქონია - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უნიათო ტაიმი "ბორჯღალოსნების" ბოლოდროინდელ ისტორიაში - 0:0.

მეორე ტაიმი განახლდა და რუსებს 43-ე წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ ჯარიმა ააცილეს. საპასუხოდ, 45-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმა ძელს გაარტყა. მალევე საქართველოს ნაკრებმა ლელო გაიტანა - ვასილ ლობჟანიძემ მოულოდნელად შეცვალა შეტევის მიმართულება და ლელო დადო. აბჟანდაძემ გარდასახა - 7:0. 

48-ე წუთზე ჰაერში სახიფათო თამაშისთვის მსაჯმა მირიან მოდებაძე სინბინში გაუშვა, "ბორჯღალოსნები" რიცხობრივ უმცირესობაში 10 წუთით დარჩნენ. 53-ე წუთზე აბჟანდაძემ ჯარიმა ხელსაყრელი პოზიციიდან გაიტანა - 10:0. 

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტული ჩაიბარა

61-ე წუთზე რუსთა შეტევა ბოგდან ფედეტკომ ლელოთი დააგვირგვინა. გაისინმა გარდასახვა გაიტანა - 10:7. მალევე თედო აბჟანდაძემ მეტოქეს ჯარიმის გატანით უპასუხა - 13:7. 68-ე წუთზე დებიუტანტი ნინიაშვილი დაჯარიმდა და გაისინმა შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა. 

75-ე წუთზე ნაკრების მძლავრი შეტევის შემდეგ, რუსები მეორედ დაჯარიმდნენ, თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა - 16:7. ბოლო წუთამდე დაძაბული თამაში ამავე ანგარიშით დასრულდა. ბოლო წამები რუსებმა შეტევაში გაატარეს, თუმცა ლელოს გატანა ვერ შეძლეს.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ტიტული ჩაიბარა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში გაინაღდა პარიზში პორტუგალიის დამარცხებით. 

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების 24-ე დაპირისპირება იყო. "ბორჯღალოსნებმა" 22-ე დუელი (ზედიზედ მე-19) მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთიც (სულ პირველი დუელი 1993 წელს) რუსეთის ნაკრებმა მოიგო. 

საქართველო 16:7 რუსეთი

ლელო: ლობჟანიძე (47), ფედეტკო (61)

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 12. თამაზ მჭედლიძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

რუსეთი: 15. გერმან დავიდოვი, 14. ანდრეი კარზანოვი, 13. ლუკ ბროკა, 12. კირილ გოლოსნიცკი, 11. ვასილი არტემიევი, 10. რამილ გაისინი, 9. კონსტანტინ უზუნოვი; 1. ევგენი მიშეჩკინი, 2. შამილ მაგომედოვი, 3. კირილ გოტოვცევი, 4. გერმან სილენკო, 5. ბოგდან ფედოტკო, 6. ნიკიტა ვავილინი, 7. ტაგირ გაჯიევი, 8. ვიკტორ გრესევი (კაპ.).
სათადარიგოები: 16. სტანისლავ სელსკი, 17. ალეკსეი სკობიოლა, 18. ვლადიმირ პოდრეზოვი, 19. ევგენი ელგინი, 20. ვლადისლავ პერესტიაკი, 21. ალეკსანდრ ბელოსლუდცევი, 22. ალეკსანდრ ბუდიჩენკო, 23. ხეტაგ ძობელოვი.

კომენტარები

ბოლო ამბები