Thumbnail

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოის ფაითინგ ილინიმ შინაურ State Farm Center-ში ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი ვისკონსინ ბადჯერსი მიიღო და 75:60 სძლია, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

საინტერესოა, რომ ილინოისელებს ვისკონსინელებთან ბოლო 7 მატჩი ჰქონდათ წაგებული, შინ კი, ბადჯერსი 2011 წლიდან არ დაემარცხებინათ, ამჯერად კი, წარმატებას საკმაოდ იოლად მიაღწიეს. ფაითინგ ილინიმ პირველი ტაიმი 13 ქულის სხვაობით (36:23) მოიგო და მეტოქე ახლოს არც მერე მიუშვია.

გიორგი ბეჟანიშვილმა ბადჯერსთან მატჩში მაგრად იბრძოლა

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17 წუთი გაატარა და 7 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ბეჟანიშვილმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, პასივში კი თითო დაკარგვა და პერსონალური ფოლი ჰქონდა.

ილინოისელთა რიგებში ორმა კალათბურთელმა გაიბრწყინა: აიო დოსუნმუმ სამმაგი დუბლი (21 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი) შეასრულა, კოფი კოკბერნს კი დაბლ-დაბლი (23 ქულა, 14 მოხსნა) ჰქონდა. ილინოისმა 9 მოგებითა და 3 მარცხით NCAA-ს კონფერენცია Big Ten-ში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი მხოლოდ 16 თებერვალს ჩაატარებს ნორსვესტერნ ვაილდქეთსთან.

კომენტარები

ბოლო ამბები