Thumbnail

წინა სეზონის კონფერენციის ფინალის ‘რიმეიქი’ ისევ ლეიკერსმა მოიგო. ლებრონ ჯეიმსიც ისევ მოვლენების განვითარების მთავარი შემოქმედი გახლდათ - როგორც შეუძლია. მან 27 ქულით, 10 მოხსნითა და 10 პასით მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. ლოსანჯელესელებმა ბრწყინვალე მეორე ტაიმი ჩაატარეს, გადამწყვეტი უპირატესობა კი მესამე პერიოდში მოიპოვეს, რომელიც ლებრონის გუნდმა 37:17 მოიგო.

ნაგეთსი მატჩის პირველ ნახევარში იდგა მოწოდების სიმაღლეზე. შეტევაში 10-მა მოხსნამ სტუმრებს 13 ქულა მოუტანა. პირველი ტაიმი დენვერმა 58:46 მოიგო და იმ დროისთვის, 9 გამოყენებული კალათბურთელიდან ნაგეთსის 8 მოთამაშეს ჰქონდა ბურთი ჩაგდებული.

ლებრონის შემდეგ ყველაზე გამორჩეული დენის შრიოდერი გახლდათ, რომელსაც ორივე ტაიმში ჰქონდა ძალიან კარგი მომენტები და თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მეორე ტაიმში ლეიკერსის დაცვა გაცილებით უკეთესი გახდა.

დენვერის ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა თავისი საუკეთესო თამაშ ვერ აჩვენა (13 ქულა, 6/16, 10 მოხსნა, 6 პასი), ნაგეთსიდან საუკეთესო ჯამალ მარი გახლდათ 20 ქულით, მეორე კი მონტე მორისი იყო (16).

თამაშიდან ჩაგდებული ბურთებით ლებრონ ჯეიმსმა ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაასწრო და ამ კატეგორიის ყველა დროის რეიტინგში მე-3 ადგილზე აღზევდა. ჩემბერლენს კარიერაში 12 681 “Field Goal” ჰქონდა, 36 წლის ლებრონს კი უკვე 12 691 აქვს და ახლა მხოლოდ ქარიმ-აბდულ ჯაბარს (15 837) და კარლ მელოუნს (13 528) ჩამორჩება.

23 თამაშის შემდეგ, 17 გამარჯვებითა და 6 მარცხით ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ იუტა ჯაზს ჩამორჩება (17-5). დენვერს 12 მოგება და 9 წაგება აქვს - ნაგეთსი იმავე კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები