Thumbnail
  • 📅 7 თებერვალი | ⌚ 15:00 | 🏉 საქართველო V რუსეთი | 📺 TV იმედი
  • საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან მატჩამდე ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 7 თებერვალს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი, ორჯერ გადადებული მატჩი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შაბათს, 15:00 საათზე დაიწყება.

''ბორჯღალოსნებმა'' მატჩამდე 3 დღით ადრე ღია ვარჯიში გამართეს, რომელსაც მხოლოდ მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ნაკრების რიგებში ზურაბ ჟვანიამ ივარჯიშა, რომელმაც ბოლოს ეროვნულ გუნდში 2 წლის წინ ითამაშა.

''ბორჯღალოსნებმა'' მატჩამდე 3 დღით ადრე ღია ვარჯიში გამართეს

შეგახსენებთ, რომ ნაკრების რიგებში უშანგი ჭეიშვილი, გიორგი ნუცუბიძე, იოსებ გუშარაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ირაკლი ცხადაძე, ნიკა სუხაშვილი, ლუკა მატკავა, გიორგი ბაბუნაშვილი, ოთარ ლაშხი, თემურ კოხოძე გამოჩნდნენ – ეს ის მორაგბეები არიან, რომელთაც ნაკრების კეპი ჯერ არ მოუხვეჭიათ. მაისაშვილის თქმით, ნაკრებში ახალი მორაგბეების ინტეგრირება ეტაპობრივად მოხდება.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კომენტარი თორნიკე ჯალაღონიამ, ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი: "მზადებით კმაყოფილი ვარ. მოსამზადებელი პერიოდი ორ ნაწილად გავყავით. დიდი ჯგუფი შემოვიყვანეთ ვარჯიშზე. 37 მორაგბეს მივეცით ბოლო კვირაში შანსი. ახლა ვემზადებით რაგბი ევროპის ამ მატჩისთვის და მომავალი სეზონის მატჩებისთვისაც. ყველა კომპონენტზე გავაკეთეთ ორგანიზება. სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილი ვართ მომზადებით. ამ ბიჭების უმეტესობა 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. მათ კარგი უნარები აქვთ და ნაკრებს ალღო მარტივად აუღეს."

ლევან მაისაშვილი გუნდის მომზადებით კმაყოფილია

მერაბ შარიქაძე: "როგორც ყოველ წელს, რუსეთი ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდება. ფიქრობენ, რომ მატჩის მოგება უნდათ, მაგრამ იმედი მაქვს, ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩვენ მოვიგებთ. მუხტი სხვანაირია, როცა ხალხი სტადიონს ავსებს, მაგრამ ახლა მაყურებლის არყოფნამ თამაშზე გავლენა არ უნდა იქონიოს, ამის უფლება არ გვაქვს."

თორნიკე ჯალაღონია: "რუსეთის ნაკრების წინააღდეგ თამაში პირველად მიწევს. როგორც ჩემთვის, ისე მთელი ნაკრებისთვის, ძალიან ემოციური და პრინციპული მატჩია."

კომენტარები

ბოლო ამბები