Thumbnail

'ყველანაირად მართლები ვართ' - აბუსერიძის გუნდის საპროტესტო აქცია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საჯარო რეესტრისგან აბუსერიძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად დარეგისტრირებას ითხოვენ. მათ საჯარო რეესტრს სრული დოკუმენტაცია წარუდგინეს და აცხადებენ, რომ აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევის დროს დარღვევა არ დაფიქსირებულა.

აბუსერიძემ და მისმა ადვოკატმა, დავით კლდიაშვილმა "მთავარ არხთან" კომენტარი გააკეთეს. მათ აღნიშნეს, რომ რაგბის განვითარებას ხელი არ უნდა შეეშალოს და აბუსერიძე კავშირის პრეზიდენტად მალე უნდა დაარეგისტრირონ. პროტესტს ვეტერანი და მოქმედი მორაგბეებიც შეუერთდნენ.

ირაკლი აბუსერიძე: "კიდევ ერთხელ დავადასტურეთ და განვმარტეთ, რომ ბაჩო ხურციძის მხარეს არანაირი არგუმენტაცია არ გააჩნია. იმედი მაქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. სიმართლე და კანონი ჩვენს მხარესაა. ყველანაირი კუთხით მართლები ვართ და ლეგიტიმურად არჩეული ირაკლი აბუსერიძე უნდა დაარეგისტრირონ. 2016 წელს მეც წავაგე არჩევნები, მაგრამ რაგბის განვითარებისთვის ხელი არ შემიშლია. ეს ამბავი მალე უნდა მოგვარდეს, რათა ქართული რაგბი განვითარების გზას მალე დაადგეს."

დავით კლდიაშვილი (ირაკლი აბუსერიძის ადვოკატი): "საჯარო რეესტრში კიდევ ერთხელ წარვადგინეთ ის სამართლებრივი არგუმენტები, რის გამოც ირაკლი აბუსერიძე კავშირის პრეზიდენტად უნდა დარეგისტრირდეს. ჩვენი არგუმენტები წონიანი და ვალიდურია. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართლებრივი პროცესი განხორციელდება და ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტირებენ."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინიტრომ ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაში არ გაატარა. საჯარო რეესტრის განმარტებით, ამის მიზეზი რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარებული ყრილობაა.

ყრილობა 2020 წლის 24 თებერვლის საერთო კრებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ 30 დეკემბერს ჩატარდა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად რეესტრმა რაგბის კავშირს 30 დღის ვადა მისცა. ასე რომ, საჭირო გახდა რაგბის კავშირის ახალი საერთო კრების ჩატარება და შემდეგ არჩევნების გამართვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები