Thumbnail

სეტონ ჰოლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NCAA-ში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და გუნდს პროვიდენსთან მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა. მეტიც, სეტონ ჰოლის მთავარი მწვრთნელი კევინ ვილარდი (მან პირატებთან ერთად, კარიერაში მე-200 გამარჯვება იზეიმა) თვლის, რომ მამუკელაშვილს მიმდინარე სეზონში ასე მაგრად არც უთამაშია. აღნიშნულის შესახებ მან მატჩის შემდგომ ისაუბრა:

“ვთვლი, რომ სანდროსთვის სეზონში საუკეთესო მატჩი იყო. ის დაცვაში ძალიან კონცენტრირებული გამოვიდა და უბრალოდ ფენომენალურად ითამაშა. რამდენჯერაც საჭირო ზონაში ბურთის სანდრომდე მიტანა მოვახერხეთ, მას ბურთის ჩაგდება არ გასჭირვებია. ამან მთელი თამაშის მიმდინარეობა შეცვალა”.

შეგახსენებთ, რომ სეტონ ჰოლმა პროვიდენსს სტუმრად 60:43 სძლია, მამუკელაშვილმა კი 36 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 6 ორქულიანის, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოს ჩაგდება მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ის ქულებისა და მოხსნების რაოდენობით საუკეთესო იყო. მიმდინარე სეზონში სანდროს საშუალო მონაგარი 17.6 ქულა, 7.1 მოხსნა, 3.2 პასი და 1.1 დაფარებაა.

სეტონ ჰოლმა ამ გამარჯვებით 3-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და Big East-ის კონფერენციაში 7 მოგება და 5 წაგება აქვს, ხოლო მთლიანად სეზონში 10 გამარჯვება და 8 მარცხი დაუგროვდა. სეტონ ჰოლი მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს სტუმრად კონეკტიკუტ ჰასკისის წინააღმდეგ ჩაატარებს.

📺 პროვიდენსი V სეტონ ჰოლი

კომენტარები

ბოლო ამბები