Thumbnail

TOP 5 | მსახიობები, რომლებმაც ლეგენდარულ ვიდეოთამაშებში როლზე უარი თქვეს 

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

ვიდეოთამაშების ინდუსტრია დღესდღეობით პოპ-კულტურის განუყოფელი ნაწილია. დროთა განმავლობაში, ფილმებისა და თამაშების მედიუმს შორის ზღვარი სულ უფრო და უფრო იშლება და ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად ირგებენ ვიდეოთამაშების პერსონაჟების როლებს. ახლა, როდესაც მაღალბიუჯეტიანი თამაშებისთვის პერსონაჟების ემოციებისა და მოძრაობების აღბეჭდვა კამერების საშუალებით ხდება, ვიდეოთამაშის პერსონაჟის განსახიერება მხოლოდ გახმოვანება აღარაა და ის იმავე შრომას მოითხოვს, რასაც ფილმის პერსონაჟის როლის მორგება.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავების ვიდეოთამაშების პერსონაჟებად ქცევა სულ უფრო პოპულარული ხდება და მსახიობთა უმეტესობა სიხარულით თანხმდება ასეთ პროექტებს, არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც ჯერაც არ აფასებენ ამ ახალ მედიუმს. ზოგიერთი ანაზაუღების გამო ამბობს უარს, ზოგს პრინციპული მიზეზი აქვს, ზოგი კი - ვიდეოთამაშებს უბრალოდ უინტერესოდ მიიჩნევს.

ამ სტატიაში გაგაცნობთ ჰოლივუდის 5 მსახიობს, რომლებმაც ლეგენდარულ ვიდეოთამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

1. ტროი ბეიქერი და Borderlands 3

ტროი ბეიქერმა რაისის როლზე თქვა უარი

ტროი ბეიქერის სახელი ვიდეოთამაშების მოყვარულებისთვის კარგადაა ცნობილი: მას ისეთ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა The Last of Us, BioShock Infinite, Batman: Arkham Knight და Uncharted 4. წესით, მასთან თანამშრომლობაზე უარი არცერთ სტუდიას არ უნდა ეთქვა. 

მეორე მხრივ, სტუდია Telltale Games-იც წარმატებული და პოპულარულია, თავისი გამორჩეულად საინტერესო სიუჟეტის და კარგად განვითარებული პერსონაჟების მქონე თამაშების წყალობით. სწორედ ამიტომ, როდესაც ტროი ბეიქერმა, რომელიც Borderlands-ს რაის როლს ასრულებდა, განაცხადა, რომ თამაშის მესამე ნაწილში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებდა, ამან ფანები დააბნია და გაანაწყენა.

Gearbox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რენდი პიჩფორდმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ბეიქერმა თვითონ თქვა უარი Borderlands 3-ში მონაწილეობაზე, ხოლო თავად მსახიობი ამას უარყოფს და ამტკიცებს, რომ რაის როლზე უარი საკუთარი ნებით არ უთქვამს.

გამოცემა VG247-ის ინტერვიუში ბეიქერი ამბობს, რომ თამაშის მესამე ნაწილში რაის როლს ისევ განასახიერებს და მოუთმენლად ელის მუშაობის დაწყებას, რაც იმას ამტკიცებს, რომ ბეიქერს რაის როლი ნამდვილად შესთავაზეს. მოგვიანებით, მსახიობმა განაცხადა, რომ Gearbox-თან თანამშრომლობას აღარ აპირებდა, რადგან კორპორაცია მსახიობთა პროფესიული კავშირის საწინააღმდეგო პოზიციას იკავებდა, თავად ბეიქერი კი ამ გაერთიანების აქტიური წევრი გახლავთ. 

2. დევიდ ედინგსი და Borderlands 3

დევიდ ედინგსმა რობოტ ქლაპტრაპის გახმოვანება აღარ ისურვა

Borderlands-ის ფრენჩაიზის მესამე ნაწილში თავდაპირველ ქასთს კიდევ ერთი პოპულარული მსახიობი, დევიდ ედინგსი გამოაკლდა, რომელმაც ქლაპტრაპის როლზე თქვა უარი. მისი მიზეზი კიდევ უფრო უცნაური იყო, ვიდრე ტროი ბეიქერისა: ედინგსის მტკიცებით, ქლაპტრაფის როლის განსახიერებაში Gearbox-მა არავითარი თანხა არ გადაუხადა.

დევიდ ედინგსი Gearbox-ის კომპანიაში 12 წელი მუშაობდა და ბიზნეს დეველოპმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაც კი დაიკავა. მან განმარტა, რომ სწორედ ამიტომ დათანხმდა დამატებითი კომპენსაციის გარეშე მუშაობას. თამაშის პირველი და მეორე ნაწილის დეველოპმენტისას დევიდი Gearbox-ის თანამშრომელი იყო, თუმცა კომპანია Borderlands 3-ზე მუშაობის დაწყებამდე დატოვა. ედინგსმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ კომპანიას სურდა, მას უფასოდ გაეგრძელებინა მუშაობა. Gearbox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რენდი პიჩფორდმა ეს ბრალდებაც უარყო და ამტკიცებდა, რომ ედინგსს იმავე რაოდენობის ანაზღაურება შესთავაზეს, რასაც სხვა მსახიობები იღებდნენ. ამის შემდეგ, ედინგსმა განაცხადა, რომ ვიდეოთამაშების პერსონაჟების გამხოვანებას საერთოდ აღარ აპირებდა და ''გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევისთვის დაუშვებდა, თუ თავად, ან მისი მეგობრები იქნებოდნენ დეველოპმენტში ჩართული.''

დღემდე გაუგებარია, რა გახდა დიდი ხნის მეგობრებსა და კოლეგებს შორის ამგვარი უთანხმოების მიზეზი, ან რატომ უნდა გასჭირდებოდა Gearbox-ის მსგავს კომპანიას მსახიობისთვის ანაზღაურების გადახდა. თუმცა, ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ პიჩფორდი და ედინგსი, ამის შემდეგ, მეგობრებად არ დარჩენილან.

3. ეშლი ბარჩი და Life is Strange

ეშლი ბარჩს ქლოეს როლზე უარის თქმა მოუხდა

მსახიობები ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ განსაკუთრებული სულიერი კავშირი იგრძნეს ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ, მათთან დამშვიდობება რთულია. ეს კარგად იცის ეშლი ბარჩმა, რომელმაც თამაშ Life is Strange-ში ქლოეს როლი შეასრულა.

Life is Strange-ის პირველი ნაწილი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ეშლის შესთავაზეს, მეორე ნაწილშიც მოერგო ქლოეს როლი, თუმცა ასე არ მოხდა. თამაშის მეორე ნაწილზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, სწორედ იმ დროს, როცა მსახიობთა პროფესიულმა კავშირმა გაფიცვა გამოაცხადა. რადგანაც Life is Strange-ის ავტორი სტუდია Square Enix-ის კავშირის მოთხოვნებს მხარს არ უჭერდა, ბარჩი რთული არჩევანის წინაშე აღმონჩდა: ან საკუთარი პრინციპებისა და კოლეგებისთვის ეღალატა, ან საყვარელ პროექტსა და პერსონაჟზე ეთქვა უარი. 

საბოლოოდ, მსახიობმა საყვარელი პერსონაჟის როლზე უარი თქვა. გამოცემა Kotaku-სთან ინტერვიუში ბარჩმა აღნიშნა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მაინც მოხარულია, რომ ქლოეს პერსონაჟის განვითარებაში გარკვეული წვლილის შეტანა მოახერხა: იმ დროისათვის, როცა გაფიცვა დასრულდა, თამაშზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდებოდა. რასაკვირველია, ასე გვიან ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებელს ვეღარ შეცვლიდნენ, თუმცა ბარჩმა კონსულტანტის როლი შეითავსა და რამდენიმე სცენაც კი დაწერა ქლოესთვის.

2. კურტ რასელი და Metal Gear Solid 

კურტ რასელს სნეიქის როლი ორჯერ შესთავაზეს

Metal Gear Solid თუ გითამაშიათ, შეუძლებელია, მის მთავარ გმირს, სოლიდ სნეიქსა და ფილმის 'გაქცევა ნიუ იორკიდან' პროტაგონისტ სნეიკ პლისკენს შორის მსგავსება არ შეგენიშნათ, თუმცა ფრენჩაიზის ავტორი ჰიდეო კოჯიმა ამ ორ პერსონაჟს შორის ნებისმიერი ტიპის კავშირს უარყობს. მაგრამ როცა გაიგებთ, რომ, Metal Gear Solid 3-ში, კოჯიმას დევიდ ჰეიტერის ჩანაცვლება სურდა და სნეიქის როლი კურტ რასელს შესთვაზა, ამ ორ გმირს შორის კავშირის არსებობა უფრო დამაჯერებელი ხდება.

ის ფაქტი, რომ კოჯიმა როლს რასელს სთავაზობდა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დევიდ ჰეიტერი MGS 5-ში აღარ დაბრუნდა. ამ ამბავმა ფანები განაცვიფრა. IGN-თან ინტერვიუში კოჯიმამ განაცხადა, რომ მას აქამდეც სურდა ჰეიტერის შეცვლა და არ მიიჩნევდა, რომ ეს ცვლილება თამაშზე ცუდად იმოქმედებმდა. როგორც აღმოჩნდა, კურტ რასელმა კოჯიმას სნეიქის როლზე ორჯერ უთხრა. სამწუხაროდ, უცნობია, რატომ არ დაინტერესდა რასელი ასეთ პოპულარულ ფრენჩაიზში მონაწილეობით. მსახიობს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

1. ჟან-კლოდ ვან დამი და Mortal Kombat

ვან დამმა ჯონი ქეიჯის თამაში არ ისურვა

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გეიმერებმა პირველი Mortal Kombat გამოსცადეს და მისით მოიხიბლნენ. თამაშის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი ჯონი ქეიჯი ყველას ახსოვს, როგორც თავმომწონე, მხიარული საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, რომელიც თამაშის სამყაროში ჰოლივუდის მსახიობია. შეუძლებელია, ჯონიმ მისი გარეგობით, ბრძოლის სტილით და ხასიათით 90-იანი წლების ჰოლივუდის ლეგენდა, ჟან-კლოდ ვან დამი არ მოგაგონოთ. თუმცა, შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ თავდაპირველად, ვან დამი მხოლოდ შთაგონების წყარო არ გახლდათ ამ პერსონაჟის შექმნისას: თამაშის ავტორებმა მსახიობს შესთავაზეს, თავად განესახიერებინა ქეიჯის როლი. 

მაშინ, როცა სტუდია Midway-მ ქეიჯის როლი ვან დამს შესთავაზა, Mortal Kombat-ის ფრენჩაიზი ჯერ არ არსებობდა. თამაშის ავტორებს სურდათ, ''რაიმე street fighter-ის მსგავსი'' შეექმნათ. ვან დამმა ისინი მწარე უარით გაისტუმრა და პროექტს უინტერესო და უღიმღამოც უწოდა. ამგვარი მოპყრობით გაბრაზებულმა გუნდმა ძალისხმევა გააორმაგა და შექმნა ფრენჩაიზი, რომელსაც დღეს Mortal Kombat-ის სახელით ვიცნობთ.

მიუხედავად იმისა, რომ Midway-სა და ვან დამს შორის კონფლიქტი 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, როგორც ჩანს, თამაშის ავტორები დღემდე განაწყენებული არიან მსახიობის სიტყვებით. MEL Magazine-თან ინტერვიუში დენიელ პესინამ, რომელმაც ვან დამის ნაცვლად ითამაშა ქეიჯის როლი, განაცხადა, რომ პერსონაჟს ვან დამთან საერთო არაფერი ჰქონდა და მისი ინსპირაცია სუპერგმირ აირონ ფისტის ალტერ-ეგო, დენი რანდი გახლდათ. ხოლო იმ კითხვაზე, თუ რატომ ჰქონდა ქეიჯის პერსონაჟს ვან დამის ერთ-ერთი სახასიათო საბრძოლო მანევრი, უბეში მუშტის ქვემოდან ამორტყმა, პესინამ უპასუხა, რომ ეს ილეთი ვან დამს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს მსახიობი ვერ დაიჩემებდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები