Thumbnail

„ნიუ იორკი კალათბურთის მექაა, მედისონ სკვერ გარდენი კი მისი მთავარი სამკაული“ - მაიკლ რაპაპორტი, ნიუ იორკელი კომიკოსი, წიგნის 'This Book Has Balls' ავტორი

დღეს ეს ფრაზა ახალი თაობის გულშემატკივარს მხოლოდ ღიმილს თუ მოჰგვრის - ნიუ იორკ ნიქსი ახალი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გუნდია, მაგრამ ერთ დროს ნიქსი ისევე ახლოს იყო ჩემპიონობასთან, როგორც სტეიტენ აილენდი ქვემო მანჰეტენის სანაპიროდან. ეს იყო 90-იანებში, ნიუ იორკ ნიქსი 20-წლიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონობას აპირებდა და მათ გზაზე ახლადშექმნილი მაიამი ჰიტი იდგა. ნიუ იორკი და მაიამი ერთმანეთს პლეი ოფში ზედიზედ ოთხჯერ დაუპირისპირდნენ.

ნიუ იორკი - კალათბურთის მექა

1959-დან 1967 წლამდე ბოსტონ სელტიკსმა NBA-ს ყველა ჩემპიონატი მოიგო ერთის გარდა - თუმცა ამას ამერიკისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. ამ წლებში NBA არ იყო ის, რაც დღესაა - სპორტული და კომერციული თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ლიგა საუკეთესო TV-დაფარვით, გულშემატკივართა მრავალმილიონიანი არმიითა და სავსე სტადიონებით. ბოსტონის ჩემპიონობას მნიშვნელობა მხოლოდ ბოსტონელთათვის ჰქონდა, ამერიკის დანარჩენი ნაწილისთვის კი კალათბურთი მეორეხარისხოვან გასართობთა რიგებში შედიოდა.

ეს იყო მანამდე, სანამ დიდმა კალათბურთმა ნიუ იორკამდე არ მიაღწია. 1969 წლების ფინალმა და ნიუ იორკის დრამატულმა გამარჯვებამ ლოს ანჯელეს ლეიკერსთან კალათბურთის პოპულარობა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ნიუ იორკმა დაიჯერა, რომ „ბასკეტი“ მათი თამაში იყო. ამ წლების ნიქსი იქცა ნიუ იორკის ყველაზე ძვირფას, ყველაზე საყვარელ გუნდად, საუკეთესო გასართობად და სიმბოლოდ, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავდა ნიუ იორკის სულს. ეს იყო ხისტი და მებრძოლი გუნდი, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ვარსკვლავური ლეიკერსი თავისი ტრამვირებული კაპიტანი ვილის რიდით დაამარცხა.

‘Here comes Willis! Here comes Willis!’ - ამ შეძახილით შეხვდა მარვ ალბერტი ვილისის გამოჩენას.


ამ თამაშის შემდეგ ვილის რიდი სამუდამოდ იქცა ამერიკული ფოლკლორის ნაწილად.

...და მას შემდეგ, რაც ნიუ იორკმა კალათბურთი თავის თამაშად აღიარა, მისი პოპულარობაც საოცარი მასშტაბით გაიზარდა - არავინაა ნიუიორკელებზე ხმაურიანი, არავის ეხერხება მათზე მეტად, მთელ ქვეყანას და მსოფლიოს მიაწვდინოს ხმა. ნიუ იორკსაც სურდა, რომ იმ თამაშის შესახებ, რომელშიც ისინი ყველაზე მაგრები იყვნენ, ყველას სცოდნოდა. ამ წლებში 'მედისონ სკვერ გარდენში' ყველაზე მეტი ცნობილი სახე იყრიდა თავს - ბარბარა სტრეიზანდი, ფრენკ სინატრა და ვუდი ალენი ამ სიის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ნიქსის ორმა ტრიუმფმა (1969, 1972) კალათბურთი მთელი ამერიკის თამაშად აქცია.

კრიზისის წლები და პატ რაილი

70-იანებში არავის სჯეროდა, რომ ნიუ იორკს ჩემპიონობის ლოდინი კიდევ ბევრი წელი მოუწევდა. უოლტ ფრეიზერის და ვილის რიდის ლეგენდარული გუნდი დაიშალა, უიღბლო 70-იანებს 80-იანი წლები მოყვა, როდესაც 'მედისონ სკვერ გარდენში' იმ წლების ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ჩამყრელი ბერნარდ კინგი თამაშობდა. 80-იანების კალათბურთი ლოს ანჯელესის და ბოსტონის, მეჯიქ ჯონსონის და ლარი ბერდის დაპირისპირების ეპოქაა, მათ გვერდით ისტორიაში თავისი ადგილისთვის იბრძოდნენ დეტროიტელი „Bad Boys”, ნიუ იორკი კი მხოლოდ კარგი გუნდი იყო.

80-იანების ნიქსი მხოლოდ ლეგენდარული კომენტატორის, მარვ ალბერტის შეძახილით დარჩა - Here comes The KING, The Bernard KING, Threee.

ჩემპიონობის ნიუ იორკში დასაბრუნებლად ნიქსმა ამერიკული სპორტული სამყაროს ყველაზე წარმატებული მენეჯერი, პატ რაილი გადაიბირა. კაცი, რომელმაც ლოს ანჯელესში მეჯიქის და ქარიმის ეპოქა შექმნა - უფრო მარტივად რომ ვთქვათ, SHOWTIME. თუ არ იცით, რა არის SHOWTIME, აუცილებლად ნახეთ იუთუბში - ეს არის მეჯიქ ჯონსონი სწრაფ გარღვევაზე, მზერა მარჯვნივ, პასი მარცხნივ, ჯეიმს უორტი მიფრინავს და ტენის, ტრიბუნებზე კი რომელიმე ჯეკ ნიკოლსონი ბედნიერია.


პატ რაილიმ, კაცმა, რომელიც კალათბურთის მწვრთნელს კი არა, სკორსეზეს განგსტერული ფილმების პერსონაჟს გავს, ნიუ იორკში ისეთი გუნდი შექმნა, როგორიც ნიუ იორკს სურდა - ბრძოლას და სისხლს მოწყურებული, დაცვაზე და ბრძოლაზე ორიენტირებული. როგორ ებრძოდა ნიქსი მაიკლ ჯორდანის ლეგენდარულ ჩიკაგოს შვიდთამაშიან სერიაში, ესეც იუთუბში უნდა ნახოთ.

მაიკ ვაისი (ნიუ იორკ თაიმსი): „რაილის ნიქსი იყო ხულიგნების ნაკრები, რომელიც მძიმე დღეში ჩაგაგდებდათ!“

პატ რაილის ნიუ იორკი ჯორდანის ჩიკაგოს და რეჯი მილერის ინდიანას წინააღმდეგ NBA-ს ფოლკლორის ნაწილია.

1994 წელს ნიქსმა ფინალში ჰიუსტონთან შვიდთამაშიანი დრამა წააგო და მაშინ, როდესაც ყველას სჯეროდა, რომ ჩემპიონობა მხოლოდ დროის ამბავი იყო, პატ რაილიმ გუნდი დატოვა.

მაიამი ჰიტი

მაიამი ამერიკის სპორტული ცხოვრებისთვის ყოველთვის terra incognita იყო. საკალათბურთო გუნდიც მაიამის არასოდეს ჰყოლია მანამდე, სანამ 1988 წელს NBA-ში ადგილი არ მოიპოვეს. მიკი არიზონმა, მაიამის მფლობელმა ახლადშექმნილი გუნდის წარმატების აუცილებელ პირობად პატ რაილის გადმობირება მიიჩნია. ბევრი მცდელობისა და იმ წინადადების შემდეგ, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია, პატ რაილი მაიამის მწვრთნელი გახდა. ამასთან ერთად, მის ხელში სრულად აღმოჩნდა გუნდის მენეჯმენტი. რაილი მაიამის ბედს ერთპიროვნულად განკარგავდა.

რაილი თავის ჩვეულ ამპლუაში

დეივ ჩეკეტი (მედისონ სკვერ გარდენის პრეზიდენტი): „მას სურდა, გუნდის მფლობელიც ყოფილიყო, დამოუკიდებლად ემართა გუნდი, მას სურდა ისეთი რაღაცები, რისი მიცემაც ჩვენ არ შეგვეძლო.“

პატ რაილი: „დავიღალე, რადგან მიყენებდნენ და მანიპულირებდენ ჩემით, მპირდებოდნენ და არ ასრულებდნენ მოცემულ სიტყვას.“

დიდი სიძულვილის ისტორია

რაილის წასვლა დიდი სკანდალი იყო. ნიქსის ხელმძღვანელობა მაიამის ბრალს დებდა, რომ მათ ნიქსის მწვრთნელთან მოლაპარაკება მაშინ დაიწყეს, როდესაც მას ნიუიორკელებთან კონტრაქტი აკავშირებდა. ნიუ იორკში არავის შეეძლო გაეგო, თუ როგორ და რატომ წავიდა რაილი ნიუ იორკიდან, უდიდესი სპორტული ისტორიის ქალაქიდან და გუნდიდან, რომელსაც ჩემპიონობამდე სულ ერთი ნაბიჯი აშორებდა. და წავიდა ახლადშექმნილ გუნდში, რომელსაც არანაირი ტრადიცია არ ჰქოდა. ნიუ იორკში არავის სჯეროდა მაიამის სპორტული წარმატების. რაილი ნომერ პირველ მოღალატედ იქცა.

„დაუსტვინეთ ვირთხა პეტს -“Boo Pat the Rat” - ნიუიორკული გაზეთი რაილის ნიუ იორკში პირველი დაბრუნების წინ.

სპორტული შუღლის გარდა, ნიუ იორკს მაიამი ისედაც არ უყვარდა. ამის მიზეზი აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების სტილი და მენტალიტეტია. ნიუ იორკი მკაცრი ქალაქია, ხისტი - აი, ამერიკულად tough რომ ქვია, ისეთი ხალხით. ქალაქი თავისი მკაცრი და დაუნდობელი სამუშაო ეთიკით და ამ ქალაქისთვის საკურორტო მაიამი, ბევრი გართობით, მზით, ზღვით და დუნე ცხოვრების წესით, არაფერ კარგთან არ ასოცირდებოდა. ‘მაიამელები ზედაპირულები არიან’ - მსმენია რამდენჯერმე, როდესაც ნიუიორკელებს ფლორიდასა და მაიამის შესახებ ვეკითხებოდი.

რაილის პირველი წარმატებები

რაილიმ თავისი ხელი მაიამის მალევე დაატყო. მის პირველსავე სეზონში მაიამიში გადავიდნენ ალონზო მორნინგი, თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი და ტიმ ჰარდევეი.

ტონი ფიორენტინო (მაიამის მეორე მწვრთნელი): „ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც მხოლოდ არსებობდა. ჩვენ არ ვვითარდებოდით და არანაირი მიზნები არ გვქონდა. რაილიმ კი გუნდს თავისი სახე მისცა."

რაილიმ მაიამი თავის ყოფილ გუნდს, ნიუ იორკს დაამსგავსა - სამხედრო დისციპლინა, ბრძოლის სურვილი, მანიაკალური ორგანიზაცია და ხულიგნურ-ქუჩისბიჭური მენტალიტეტი პარკეტზე - ის, რაც წლების მანძილზე ნიუ იორკის სახასიათო ნიშანი იყო, მაიამის სახედ იქცა.

რაილის მეორე სეზონში მაიამიმ, გუნდმა, რომელსაც ერთ სეზონში არასოდეს მოეგო 50 თამაშზე მეტი, რეგულარული ჩემპიონატი 61 გამარჯვებით და 21 მარცხით დაასრულა.

ნიუ იორკი ჩიკაგოს უმიზნებს

ნიუ იორკში მაიამი თავიდან კონკურენტად არც განუხილავთ. იქ ჩიკაგოს უმიზნებდნენ, ჯორდანის ლეგენდარულ გუნდს, რომელიც ამ დროისთვის უკვე ოთხგზის ჩემპიონი იყო. ნიუ იორკში სჯეროდათ, რომ თუკი ისინი თავის სუპერვარსკვლავ პატრიკ იუინგს კარგ მოთამაშეებს დაახმარებდნენ, მათ გუნდს ჩიკაგოს დამარცხება შეეძლო. ზაფხულში ნიქსს სამი მოთამაშე დაემატა - ალან ჰიუსტონი, კრის ჩაილდსი და ლარი ჯონსონი. ლეგენდარული 70-იანების შემდეგ ნიუ იორკს ასეთი ძლიერი გუნდი აღარ ჰყოლია.

ჯორდანი ნიქსის წინააღმდეგ

1996-1997 წლების სეზონში მაიამი და ნიუ იორკი ერთმანეთს კონფერენციის ნახევარფინალში შეხვდნენ. გამარჯვებულს ფინალში ჩიკაგო ელოდა. ნიუ იორკში არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მაიამის დამარცხების შემდეგ გადამწყვეტი თამაში მათ მაიკლ ჯორდანთან ელოდათ და მაიამის დამარცხებაში ეჭვი, რა თქმა უნდა, არავის ეპარებოდა.

პატრიკ იუინგი და ალონზო მორნინგი

ამ წლების ნიუ იორკი-მაიამის დაპირისპირებას კიდევ ერთი ქვეტექსტი ჰქონდა. ორივე გუნდის საუკეთესო მოთამაშეები მათი ცენტრები - ალონზო მორნინგი და პატრიკ იუინგი იყვნენ. იმ წლებში, როდესაც შაკი ჯერ კიდევ არ იყო ასე ერთპიროვნულად დომინანტი, ორივე მათგანს ჰქონდა ამბიცია, რომ სწორედ ის იყო საუკეთესო ცენტრი ლიგაში.

პატრიკ იუინგი ნიუ იორკისთვის სიმბოლოდ ქცეული კაცია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიქსი, ვისაც კი ეს ლურჯი ფორმა უტარებია. დღეს მხოლოდ „დაგუგლვით“ და იუინგის სტატისტიკის ძებნით ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს ეს კაცი ნიუ იორკისთვის. მოკლედ რომ გითხრათ: 'მედისონ სკვერ გარდენის' ერთი შეხედვით უბრალო შენობას, გარშემო ბანერები აქვს, სადაც უცნობილესი ხალხი - მომღერლები, სპორტსმენები და სხვები მოკლედ გიყვებიან, თუ რას ნიშნავს და რას გრძობენ ამ არენაზე გამოსვლის დროს. უეინ გრეცკი და ტეილორ სვიფტი მხოლოდ ერთი მაგალითია, რაც ასე უცებ გამახსენდა. მათ შორის კალათბურთელი მხოლოდ ორია - ვილის რიდი, 70-იანების ჩემპიონი ნიქსის ლეგენდარული კაპიტანი და პატრიკ იუინგი.

კიდევ ერთი მაგალითი: ნიუ იორკის ქუჩებში დღესაც ყველაზე ხშირად ნიქსის ფორმით მოსიარულე ხალხში არც კრისტაპს პორზინგისი შეგხვდებათ და ორიოდე წლის წინ ოკლაჰომაში გადაბარგებული კარმელო ენტონი. დღესაც, 20 წლის შემდეგ, ყველაზე ხშირად ნიუ იორკელები პატრიკ იუინგის ფორმით დადიან.

პატრიკ იუინგი - კაცი, რომელიც ნიუ იორკის სიმბოლოდ მიიჩნევა

ბილ სიმონსი (ბოსტონელი ჟურნალისტი და მწერალი, კაცი, რომელსაც არ უყვარს ნიუ იორკი): "ნიუ იორკში ყველას სჯეროდა, რომ პატრიკ იუინგი იყო ბილ რასელის თანამედროვე ვარიანტი, დაცვის საუკეთესო სპეციალისტი, რომელიც ლიგაში თავისი გავლენის ქვეშ მოაქცევდა."

ორივე მათგანი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის აღზრდილი იყო - უნივერსიტეტის, რომელიც წლების მანძილზე საუკეთესო ცენტრებს ამზადებს. მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ორივე მათგანს სურდა, ეჩვენებინა, რომ სწორედ ის იყო საუკეთესო.

ნიუ იორკში ყველა დარწმუნებული იყო, რომ პატრიკი ალონზო მორნინგს ჭკუას ასწავლიდა.

თამაში

ამ წლების თამაშს დღევანდელ კალათბურთთან ცოტა რამ აქვს საერთო. სამქულიანების წვიმას, სივრცის შექმნას და მსგავს თანამედროვე რაღაცეებს ამ ლიგაში ვერ შეხვდებოდით.

ეს იყო ლიგა, სადაც (თუ არ ჩავთვლით ჯორდანს), ყველაზე მეტს და ყველაზე მაგრად ცენტრები და დიდი ფორვარდები ყრიდნენ - პატრიკ იუინგი, ალონზო მორნინგი, შაკილ ონილი, „ადმირალ“ რობინსონი, კარლ მელოუნი. პასი ცენტრზე და ცენტრი თავისი ფიზიკურობითა და ათლეტიზმით ორი ქულისთვის იბრძოდა. დაცვაში თამაში, სიხისტე, აგრესია, ტრამვები - თამაში, რომელშიც 90 ქულას იშვიათად თუ გადაცდებოდა რომელიმე გუნდი.

ნიუ იორკი-მაიამის სერიებიც ამ თამაშის ნაწილი იყო და ამ ტიპის თამაშის სიმბოლოდ იქცა.

ვალტერ მაკკარტი (ნიუ იორკ ნიქსი): „ტექნიკური ფოლები და ჯარიმები იმ წლებში სხვანაირად იყო. როგორც ჩარლზ ოუკლი (ნიქსის ცენტრი) და სხვები, წესებს არღვევდნენ, დღეს ამისთვის მოედნიდან გააძევებდნენ და ხუთთამაშიან დისკვალიფიკაციას მისცემდნენ.“

1997 წლის სერიის წინ

1997 წელს ნიუ იორკმა უახლეს ისტორიაში ყველაზე მაგარი გუნდი შეკრიბა. პატრიკ იუინგი ფორმის პიკში იყო, ალან ჰიუსტონი თავისი სამქულიანებით ეხმარებოდა, ჯონ სტარკსი, ლარი ჯონსონი და სხვები ნიქსს ბევრ ოპციას აძლევდნენ. ნიქსმა რეგულარულ სეზონში 82-დან 57 მატჩი მოიგო, ჯონ სტარკსი საუკეთესო სათადარიგო მოთამაშედ აღიარეს, პატრიკ იუინგი თამაშში საშუალოდ 22-ზე მეტ ქულას და 10-ზე მეტ მოხსნას აკეთებდა.

ნიუ იორკი ჩიკაგოსთან გადამწყვეტი სერიისთვის ემზადებოდა. ყველა თანხმდებოდა, რომ სწორედ ამ წელს ნიქსი ჩიკაგოსთან ბრძოლისთვის ყველაზე უკეთ იყო მომზადებული.

მაიკ ვაისი (სპორტული მიმომხილველი, ნიუ იორკ თაიმსი): „თუკი მაიკლ ჯორდანს ოდესმე ეწერა დამარცხება, ეს 1997 წელს, ნიუ იორკთან სერიაში უნდა მომხდარიყო.“

ჩიკაგომდე ნიუ იორკი კონფერენციის ნახევარფინალში მაიამის გადაეყარა.

„ძმების“ დაპირისპირება

პატ რაილი ნიუ იორკში ბრუნდებოდა. ნიუ იორკს მისი ყოფილი თანაშემწე ჯეფ ვან განდი წვრთნიდა, ვან განდის ძმა სტენი კი რაილის თანაშემწე გახლდათ. ჯეფ ვან განდის სურდა, თავისი მასწავლებლისთვის დაემტკიცებინა, რომ მის გარეშეც კარგი მწვრთნელი იყო.

პატ რაილის ხელი ორივე გუნდს ეტყობოდა. რაილის სიხისტე, ბრძოლის წყურვილი, პარკეტზე ქცევის „ქუჩისბიჭური“ სტილი და დისციპლინა ორივე გუნდს ერთ დონეზე ჰქონდა. ეს არ იყო განსხვავებული იდეების დაპირისპირება - ეს იყო ორი მსგავსი იდეის, ორი მსგავსი კონცეფციის ბრძოლა ერთი ადგილისთვის.

ჯონ უოლასი (ნიუ იორკ ნიქსი): 'ეს იყო თამაში, როდესაც თითქოს შენ ძმას ებრძვი, რომელმაც შენი ყველა მოძრაობა იცის.'

სერია

სერიის პირველივე თამაშები უკიდურესად დაძაბული იყო. გუნდებს ერთმანეთი ჯერ კიდევ რეგულარული სეზონიდან არ მოსწონდათ.

ფი ჯეი ბრაუნი (მაიამი ჰიტი, რეგულარულ სეზონში ნიუ იორკთან მატჩის შემდეგ): „მე ისინი (ნიქსი) მთელ ლიგაში ყველაზე მეტად მეზიზღებიან. ჩვენთან გუნდში ყველა იგივეს გრძნობს. ჩვენ ისინი მათი ამპარტავნების და ქედმაღლობის გამო გვძულს. მათ თავი ისე უჭირავთ, თითქოს ღმერთები იყვნენ, თითქოს უკვე მოიგეს ჩემპიონატი, არადა ჯერ არაფერი მოუგიათ.“

პირველსავე მატჩში მაიამიში ნიუ იორკმა 88:79 გაიმარჯვა. მატჩის ყველაზე დრამატული მომენტი პატრიკ იუინგის დანქი იყო, პატრიკმა ბურთი თავის ვიზავის, ალონზო მორნინგს, დემონსტრაციულად თავზე გადაატენა. გამარჯვების შემდეგ ნიუიორკელთა თავდაჯერების ხარისხმა კიდევ უფრო მოიმატა.

მეორე თამაში მაიამიში კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. ჰიტს უეჭველი გამარჯვება ესაჭიროებოდა. მათ პირველი თამაში სახლში წააგეს და მეორე მარცხის შემთხვევაში სერია მათთვის, ფაქტობრივად, დამთავრებული იყო. ძალიან დაძაბულ შეხვედრაში მატჩის ბოლო მაიამის რიგითის, ჯამალ მაშბერნის სამქულიანმა გადაწყვიტა. 88:84 მაიამის სასარგებლოდ და სერიის ანგარიში 1:1 გახდა. შემდეგ ორი თამაში უკვე ნიუ იორკში იყო, ლეგენდარულ 'მედისონ სკვერ გარდენში'.

მესამე თამაში კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. ნიუ იორკი მატჩის ბოლოს 76:73-ს იგებდა. გადამწყვეტი შეტევა პატ რაილიმ ტიმ ჰარდევეის მიანდო. მის სამქულიანს, რომელსაც ანგარიში უნდა გაეთანაბრებინა, პატრიკ იუინგმა დააფარა - კიდევ ერთი სიმბოლოდ ქცეული ეპიზოდი და 77:73 ნიუ იორკის სასარგებლოდ.

იუინგი ჩვეულ პოზაში

მეოთხე თამაშში ბრძოლა არ გამოვიდა. ნიქსი მაიამის სასტიკად გაუსწორდა. ანგარიში 89:76 იყო. თამაშის შემდეგ მატჩის უხეშ ხასიათზე თვით პატ რაილიც კი ჩიოდა.

მაიკ ლუპიკა (ნიუ იორკ დეილი ნიუსი): „ნიქსმა გარდენში მაიამი არა მხოლოდ დაამარცხა, არამედ პატ რაილის გუნდი ნიუ იორკის ტაქსს მიაბეს და ქუჩებში ათრიეს.“

ნიუ იორკი სერიაში 3:1 ლიდერობდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. თუმცა პირველი ოთხი თამაშის უხეშმა ხასიათმა, გუნდებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა.

ტიმ ჰარდევეი (მაიამი ჰიტი): „მე ისინი მეზიზღება, მთელი იმ ზიზღით, რომელიც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს."

მეხუთე, ისტორიული თამაში

მეხუთე თამაში კვლავ მაიამიში გაიმართა. ნიქსს საბოლოო ტრიუმფამდე მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდებოდა. თუმცა მაიამიში შეხვედრა მათთვის გადამწყვეტი არ იყო. მეექვსე მატჩი კვლავ ნიუ იორკში უნდა გამართულიყო და ნიქსი აქცენტს სწორედ ამ შეხვედრაზე აკეთებდა. მაიამიში შეხვედრა ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, თუმცა არა სპორტული შედეგის გამო.

მაიამი ადვილად იგებდა, 12 ქულაზე მეტით და თამაშის ბოლომდე სულ ორიოდე წუთი იყო დარჩენილი. შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, ნიუ იორკის ლიდერები უკვე სათადარიგო სკამზე ისხდნენ. ამ დროს ჩარლზ ოუკლი, ნიუ იორკის ყველაზე უფრო tough guy დაჯარიმდა, ამას მოჰყვა შელაპარაკება ოუკლისა და ალონზო მორნინგს შორის. შელაპარაკება გაგრძელდა და მასში სხვა მოთამაშეები ჩაერთნენ. შედეგად, ჩარლ ოუკლი გააძევეს. შემდეგ პოზიციაზე ტიმ ჰარდევეიზე ჩარლი ვორდი დაჯარიმდა. ნიუ იორკმა იცოდა, რომ თამაში წაგებული იყო, თუმცა სურდა, რომ რაც შეიძლება გამომწვევად და უსიამოვნოდ მოქცეულიყო - ჯარიმები და შელაპარაკებაც ამის ნაწილი იყო.

ტიმ ჰარდევეი საჯარიმო ხაზზე დადგა და ჯარიმების სროლა დაიწყო. მისი მეორე სროლის დროს უკეთესი პოზიციის მოსაპოვებლად ნიქსის ჩარლი ვორდი და მაიამის ფი ჯეი ბრაუნი ერთმანეთს ებრძოდნენ. ეს აბსოლუტურად უაზრო მცდელობა იყო, არავინ იბრძვის ასე თავგამეტებით წაგებულ თამაშში, ბოლო წუთებზე, ჯარიმის შემდეგ მოხსნისთვის. ასეთი თავგამეტების მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ გუნდებს ერთმანეთი უკიდურესად სძულდათ და ცდილობდნენ, რომ თითოეულ მომენტში, თითოეულ სათამაშო ეპიზოდში მოწინააღმდეგისთვის მტკივნეულად და აგრესიულად მოქცეულიყვნენ.

პი ჯეი ბრაუნი ჩარლი ვორდზე თითქმის 20 სანტიმეტრით მაღალი იყო და ბრძოლის დროს ადვილად დააგდო. პოზიციისთვის ბრძოლა დიდ ჩხუბში გადაიზარდა და მასში სხვა მოთამაშეებიც ჩაერთნენ. ეს ხდებოდა ზედ ნიუ იორკ ნიქსის სათადარიგო სკამთან და მათი მწვრთნელი ჯეფ ვან განდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩხუბში ჩაერთო. მას მოთამაშეთა გაშველება სურდა. ვან განდის ნიუ იორკის მთელმა სათადარიგო სკამმა მიბაძა. მათ შორის მოედანზე შევიდნენ ალან ჰიუსტონი, ლარი ჯონსონი, პატრიკ იუინგი და ჯონ სტარკსი, რომელმაც სულ რამდენიმე წუთში გაძევების შემდეგ დემონსტრაციულად შუა თითი უჩვენა მაიამის გულშემატკივარს. მაიამის სათადარიგო სკამი მოშორებით იყო, მოედნის მეორე ბოლოში და ისინი სკამზე დარჩნენ.

ცვლილებები წესებში - ნიუ იორკი არ უყვართ ღმერთებს

მოედანზე ჩხუბი NBA-სთვის არახალია. მოთამაშეთა შორის ჩხუბი და გაწევ-გამოწევა იმ დროს ლიგისთვის ყოველდღიურობა იყო. ნიუ იორკ-მაიამის ჩხუბი სულ რამდენიმე წლით ადრე რომ მომხდარიყო, მას ყურადღებას არავინ მიაქცევდა და ეს ფაქტიც ისტორიას არ შემორჩებოდა. მაგრამ 1997 წელი NBA-სთვის ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდია. ამ დროს ლიგის კომისიონერი დევიდ სტერნი ცდილობს, რომ ლიგა ყველასთვის რესპექტაბელური იყოს და სურს, რომ მას მოაცილოს ხულიგნურ-ქუჩისბიჭური იმიჯი, რაც პირველ რიგში მოედანზე ჩხუბთან, აგრესიასთან და მსაჯებისადმი უპატივცემულობასთან ასოცირდება. სწორედ ამ წლებში იწყებს დევინ სტერნი იმ ტიპის ლიგის შექმნას, რომელიც დღეს გვაქვს - ვარსკვლავები ერთმანეთთან მეგობრობენ, მინიმალური კრიტიკა მსაჯების მიმართ, იკრძალება ჩხუბი და გამომწვევი საქციელი ფანების მიმართ - მთელ ლიგაში ერთმანეთის პატივისცემის სული ტრიალებს.

ერთ-ერთი ახალი ასეთი წესი იყო, რომ თითოეული მოთამაშე, რომელიც ჩხუბის ან რაიმე სხვა მიზეზით დატოვებს სათადარიგო სკამს, ავტომატურად უნდა ყოფილიყო დისკვალიფიცირებული შემდეგი თამაშისთვის. ჩხუბის დროს არცერთ ნიქსს არ გახსენებია ეს წესი. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ჩხუბიც ისევე ადვილად შერჩებოდათ, როგორც ათეულობით სხვა დაპირისპირება წინა წლებში.

საინტერესოა, რომ ეს წესი პირველად 1993 წელს შემოიღეს, როდესაც ნიუ იორკი ფინიქსს ეთამაშებოდა და ამ თამაშში პატ რაილის გუნდი ჩხუბში ჩაერთო, მოედანზე კი ნიქსის გრეგ ანტონი შეიჭრა, რომელსაც სათამაშო ფორმაც კი არ ეცვა, სამოქალაქო ტანსაცმელში იყო ჩაცმული.

წესი მარტივი იყო - ნიუ იორკის ლიდერებს დისკვალიფიკაცია ემუქრებოდათ. თუმცა ნიქსის ბანაკში ფიქრობდნენ, რომ არავინ გააფუჭებდა სერიას და ისინი დისკვალიფიკაციას აცდებოდნენ. განსაკუთრებული აქცენტი მათ ლიდერზე, პატრიკ იუინგზე კეთდებოდა - იგი მოედანზე შევიდა, თუმცა ჩხუბში არ ჩართულა. ნიუ იორკს იმედი ჰქონდა, რომ შესაძლებელია დისკვალიფიკაცია სხვა მოთამაშეებისთვის მიეცათ, თუმცა პატრიკ იუინგს ეს არ შეეხებოდა.

ჯეფ ვან განდი: 'რამდენიმე ჩვენი მოთამაშე იმსახურებდა დისკვალიფიკაციას, მაგრამ პატრიკ იუინგი - არავითარ შემთხვევაში.'

ლიგა შეუვალი იყო - ნიქსის ლიდერებმა, რომლებმაც სათადარიგო სკამი დატოვეს - პატრიკ იუინგმა, ჯონ სტარკსმა, ალან ჰიუსტონმა და ლარი ჯონსონმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს. დისკვალიფიკაცია ასევე მიიღო კრის ვორდმა, ჩხუბის ერთ-ერთმა ინიციატორმა.

ნიუ იორკს კიდევ ერთხელ არ გაუმართლა. ხუთი მოთამაშის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ნიქსს შემდეგი თამაშისთვის საკმარისი მოთამაშეები არ უგროვდებოდა. ამიტომაც, წესის თანახმად, იმ ოთხ მოთამაშეს შორის, რომელიც სათადარიგო სკამიდან მოედანზე შევიდნენ, მეექვსე თამაშს ტოვებდა ის ორი, რომელთა გვარებიც ანბანში უფრო ადრე მოდიოდა. ხოლო დანარჩენი ორი კი, რომელთა გვარებიც ანბანში რიგითობის მიხედვით მერე მოდიოდა, მეშვიდე თამაშს გამოტოვებდა. ნიუ იორკს არ გაუმართლა, რადგან ანბანის მიხედვით გადამწყვეტ მეექვსე თამაშს ნიუ იორკში ტოვებდნენ ალან ჰიუსტონი და პატრიკ იუინგი, ხოლო მეშვიდე თამაშს, რომელიც მაიამიში უნდა გამართულიყო, ჯონ სტარკსი და ლარი ჯონსონი. ეს იმას ნიშნავდა, რომ პატრიკ იუინგის გვარი, მაგალითად პ-ზე ან მ-ზე რომ დაწყებულიყო და იგი იუინგი კი არა პიუინგი ან მიუინგი ყოფილიყო, პატრიკი გადამწყვეტ მეექვსე თამაშს, მედისონ სკვერ გარდენში ითამაშებდა.

ახლა კი პირიქით მოხდა: იუინგი ტოვებდა ნიუიორკულ შეხვედრას, რომელშიც ნიქსს გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა და ითამაშებდა მაიამიში, სადაც ფავორიტი უკვე მაიამი ჰიტი იქნებოდა.

ნიუიორკელი გულშემატკივარი დისკვალიფიკაციას აპროტესტებს

კიდევ ერთი არგამართლება იყო ის, რომ დისკვალიფიკაცია მოთამაშეებზე გადანაწილდა. შემდეგ ორ თამაშში ნიქსს ორ-ორი მოთამაშე დააკლდებოდა და არცერთ შემთხვევაში მათ ოპტიმალური შემადგენლობა არ ეყოლებოდათ. ნიუ იორკისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ოთხივეს ერთად გამოეტოვებინა მეექვსე თამაში და თუნდაც წაეგოთ იგი, ბოლო თამაშში ნიქსს ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლებოდა.

ჯონ სტარკსი: „მე არ ვწუხვარ, როგორც მოვიქეცი. ჩემს გუნდელს გამოვექომაგე. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, კვლავ ანალოგიურად მოვიქცეოდი.“

ნიუ იორკმა დისკვალიფიკაცია სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა წესი იმდენად ერთმნიშვნელოვნად კრძალავდა სათადარიგო სკამიდან მოედანზე შესვლას, რომ ნიქსს ვერ დაეხმარა ის მოსამართლეც კი, რომელიც ნიუ იორკის თავგადაკლული ფანი იყო“.

ჯედ რაკაფი (მოსამართლე სამხრეთ ნიუ იორკის რეგიონში): „მე სამი შვილი მყავს, გოგონები, რომლებიც იმ დროს თინეიჯერები იყვნენ. მათი შეყვარებულები ნიქსის გულშემატკივრები იყვნენ. როდესაც ჩემი განაჩენის შემდეგ სახლში დავრეკე, ჩემმა ცოლმა მითხრა: "ხომ ყველაფერს ხვდები?! შენი შვილები ამბობენ, რომ უმჯობესია, დღეს სახლში არ მოხვიდე."

მეექვსე თამაში მედისონ სკვერ გარდენში

ნიუ იორკი სერიას 3:2-ს იგებდა. ერთი გამარჯვება და ყველაფერი დამთავრებული იყო - ისინი კონფერენციის ფინალში გადიოდნენ. თუკი ნიქსს გამარჯვება უნდოდა, ამის ყველაზე კარგი შანსი მათ 'მედისონ სკვერ გარდენში' ჰქონდათ. ნიქსი მხოლოდ 9 კალათბურთელით იყო დარჩენილი - თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდნენ ჩარლი ვორდი, ალან ჰიუსტონი და პატრიკ იუინგი.

ნიუიორკელი გულშემატკივარი: „მე მახსოვს 'მედისონ სკვერ გარდენი' იმ საღამოს. თუ მკითხავთ, ისტორიაში როდის ყოფილა გარდენი ყველაზე ხმაურიანი, გიპასუხებთ, რომ იმ საღამოს, მაიამისთან მატჩის წინ“.

მედისონ სკვერ გარდენი დისკვალიფიცირებული ლიდერების პოსტერებით

ნიუ იორკში ყველას სჯეროდა, რომ ლიგა მათ უსამართლოდ მოექცა. ნიქსმა პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგო, თუმცა მაიამის ლიდერებმა მათი გუნდი თამაშში დააბრუნეს. პატრიკ იუინგის არყოფნაში განსაკუთრებით აქტიური ალონზო მორნინგი გახლდათ. მის 28 ქულას, ტიმ ჰარდევეიმ 20 ქულა დაამატა. მატჩის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა. საოცარი გულშემატკივრობის მიუხედავად, ნიქსმა შეხვედრა 90:95 დათმო. სერია გათანაბრდა 3:3. ახლა ნიქსი გადამწყვეტ თამაშს უკვე მაიამიში თამაშობდა. პატრიკ იუინგი ბრუნდებოდა, თუმცა ნიქსს ჯონ სტარკსი და ლარი ჯონსონი დააკლდებოდა.

მეშვიდე თამაში

მეშვიდე დაპირისპირება უკვე მაიამიში გაიმართა. ტიმ ჰარდევეიმ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. მის ანგარიშზე 38 ქულა იყო. მატჩის დასაწყისშივე მაიამი 18 ქულით წინ გაიჭრა და მთელი თამაშის მანძილზე ნიუ იორკი მაიამის ერთხელაც კი ვერ მიუახლოვდა. დიდი თამაში დადო ნიუ იორკის ლიდერმა პატრიკ იუინგმა - 37 ქულით და 17 მოხსნით ის ერთადერთი ნიქსი იყო, რომელიც მაიამის ბოლომდე ებრძოდა. საბოლოოდ შეხვედრა მაიამის გამარჯვებით დასრულდა - 101:90. ნიუ იორკს ძალიან დააკლდა დისკვალიფიცირებული ჯონ სტარკსი და ლარი ჯონსონი. მათ გარეშე პატრიკ იუინგი მარტო დარჩა, დახმარების გარეშე. დამარცხება ძალიან მწარე იყო. მატჩის შემდეგ ალან ჰიუსტონი ისტერიულად ტიროდა გასახდელში. ნიუიორკელთა სიმწარეს კიდევ უფრო ზრდიდა პატ რაილის კომენტარები.

პატ რაილი: „მე ორი წელი ვიცხოვრე ისე, რომ მუდამ მესმოდა - Riley sucks. ახლა მე ბედნიერი ვირთხა ვარ, დიახ ბედნიერი (რაილი ამ კომენტარში ნიუ იორკის ფანებს უმიზნებს, რომლებიც მას „ვირთხა პატს - Pat The Rat-ს“ ეძახდნენ).

ნიუ იორკმა წააგო სერია, რომელშიც 3:1 ლიდერობდა. წააგო სერია იმ წელს, როდესაც 70-იანების შემდეგ მათ ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავდათ, წააგო სერია იმ წელს, როდესაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ მათ კონფერენციის ფინალი ლეგენდარულ ჩიკაგოსთან ელოდათ, წააგო სერია თავის ყველაზე პრინციპულ მტერთან - პატ რაილისთან და წააგო ისე, რომ კალათბურთში არ წაუგია - დისკვალიფიკაციამდე ნიუ იორკი სერიას იგებდა და გადამწყვეტი თამაშები საკვანძო მოთამაშეების გარეშე ჩაატარა. ამ ფაქტმა ნიუ იორკში მაიამისადმი ზიზღი კიდევ უფრო გაზარდა. ნიუ იორკი მიიჩნევდა, რომ ისინი უსამართლოდ დასაჯეს.

პატრიკ იუინგი: „მათ მე გამარჯვება მომპარეს“.

P.S. კონფერენციის ფინალში მაიამი ჯორდანის ჩიკაგოსთან 1:4 დამარცხდა. ნიუ იორკში კი კვლავ ფიქრობდნენ, რომ სწორედ მათ და მხოლოდ მათ შეეძლოთ ჯორდანის დამარცხება.

1998 წლის სერია

სეზონის წინ, საწვრთნელ ბანაკში ნიუ იორკის მფლობელი „ჯიმი D“ - ჯეიმს დოლანი გამოცხადდა და მოთამაშეებს პირდაპირ უთხრა, რომ მაიამიმ მათი გამარჯვება მოიპარა და ისინი პასუხისმგებლები იყვნენ ამის გამო და თუ მაიამი ნიუ იორკს კიდევ ერთხელ შეხვდებოდა, მათ შური უნდა ეძიათ.

სეზონი ნიუ იორკისთვის უკიდურესად წარუმატებელი აღმოჩნდა. დეკემბერში პატრიკ იუინგი დაიმტვრა. ტრავმა იმდენად სერიოზული იყო, რომ მას თითქმის მთელი სეზონის გამოტოვება უწევდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნიუ იორკს ჩემპიონობაზე ფიქრისთვის თავი უნდა დაენებებინა. ნიქსმა სეზონი ცუდად ჩაატარა. მოთამაშეები გულგატეხილები იყვნენ. ჩიკაგოს დამარცხების ის იდეა, რომელიც გუნდს კრავდა, აქტუალური უკვე აღარ იყო. ჩიკაგომ აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო, მეორე ადგილზე მაიამი გავიდა, რომელმაც პატ რაილის ხელში კიდევ ერთი წარმატებული სეზონი ითამაშა, ნიუ იორკი კი მხოლოდ მეშვიდე იყო. თუმცა ეს იმას ნიშნავდა, რომ პირველივე რაუნდში ნიქსი ისევ და ისევ საძულველ მაიამის ეთამაშებოდა.

ამჯერად აშკარა ფავორიტები უკვე ფლორიდელები იყვნენ. პირველი თამაში მათ ადვილად მოიგეს 15-ქულიანი სხვაობით. მეორე მატჩი კვლავ მაიამიში გაიმართა. ნიქსმა მობილიზება შეძლო და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა 96:86. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუკი ნიუ იორკი შემდეგ ორ საშინაო შეხვედრაში გაიმარჯვებდა, შემდეგ ეტაპზე სწორედ ისინი გავიდოდნენ. ნიუ იორკში მესამე შეხვედრა მაიამიმ მოიგო (90:85) და ახლა უკვე მათ სჭირდებოდათ ერთი მოგება საბოლოო გამარჯვებამდე.

მეოთხე შეხვედრა გადამწყვეტი იყო. წინა წლის მსგავსად, მისი და მთელი სერიის ბედი მოედანზე ჩხუბმა გადაწყვიტა. ნიუ იორკს ბედმა ვალი დაუბრუნა. ჩხუბი ყოფილ თანაგუნდელებს, მაიამის ლიდერ ალონზო მორნინგსა და ნიუ იორკის ლარი ჯონსონს შორის ატყდა. მასში სხვა მოთამაშეები და მწვრთნელებიც ჩაერთნენ. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კი ის იყო, თუ როგორ ჩააფრინდა ნიქსის მწვრთნელი, 180 სანტიმეტრზე დაბალი ჯეფ ვან განდი 210 სანტიმეტრიან ალონზო მორნინგს ფეხში.

პარკეტზე ჩხუბი ამ სერიისთვის ჩვეულ ამბად იქცა

ჯეფ ვან განდი: „ხშირად მეკითხებიან ხოლმე ამ ეპიზოდზე. სიმართლე, რომ გითხრათ, არაფერი მახსოვს, რას ვაკეთებდი და რატომ. იმ მომენტში მივხვდი, თუ რატომ ამტკიცებენ ხოლმე კრიმინალები, რომ სრულ ჭკუაზე არ არიან. უბრალოდ ვერ ვაზროვნებდი, ისე ვმოქმედებდი.“

შეხვედრა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ნიუ იორკმა მოიგო - 90:85. დისკვალიფიკაციამ ამჯერად მაიამის გაუფუჭა საქმე. ჩხუბის ორივე მოთავე შემდეგი, გადამწყვეტი თამაშისთვის დისკვალიფიცირებული იყო - ნიქსს ლარი ჯონსონი დააკლდებოდა, მაიამის კი მათი ლიდერი - ალონზო მორნინგი.

გადამწყვეტი მეხუთე თამაში მაიამიში გაიმართა. ნიუ იორკს შურისძიების კარგი შანსი ჰქონდა. შეხვედრა მათი უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი 20 ქულით მოიგეს. თითქოს ნიქსს ადვილად უნდა მოეგო, თუმცა მაიამიმ შეხვედრაში დაბრუნება შეძლო და თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ფლორიდელები მხოლოდ 2 ქულას აგებდნენ - 72:70. ასეთი „ქამბექის“ შემდეგ მაიამი ფავორიტად გამოიყურებოდა, თუმცა ნიუ იორკი გადამწყვეტ მომენტში მობილიზდა. ჯერ კრის ვორდმა ჩააგდო სამქულიანი, ამას ალან ჰიუსტონის ზუსტი სროლა მოყვა, მატჩის ფინალური აკორდი კი ჩარლ ოუკლის, ნიქსის და ნიუ იორკის სიმბოლოს გარღვევა იყო, როდესაც მასზე იმდენად უხეშად დაჯარიმდნენ, რომ ოუკლი ტრიბუნებზე გადავარდა. ზუსტ საჯარიმო სროლებს ჯონ სტარკსის სამქულიანი მოჰყვა და ნიქსმა 98:81 გაიმარჯვა.

მაიკლ რაპაპორტი: „ჩარლ ოუკლი ჩვენიანი იყო, კაცი, რომელიც გჭირდება გუნდში, რომელიც არ ლაპარაკობს და ყველაზე მეტ შავ სამუშაოს ასრულებს. ოუკლი ნიუ იორკის სიმბოლოა, იმ მშრომელი და მკაცრი მენტალიტეტის სიმბოლო, რომელმაც ნიუ იორკი ააშენა.“

რევანში შედგა, თუმცა ნიუ იორკელები მაინც უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან წინა წლისგან განსხვავებით, იუინგის ტრამვის შემდეგ მათ ჩემპიონობის შანსი აღარ ჰქონდათ. მომდევნო წრეში ნიქსმა ინდიანასთან ადვილად წააგო და ნიუ იორკში კვლავ მძაფრი იყო განცდა იმისა, რომ წინა წელს მათ ჩემპიონობის ძალიან კარგი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან.

1999 წლის სერია

სეზონის წინ ნიუ იორკმა გუნდიდან ამ თაობის გუნდის ორი სიმბოლო, ჯონ სტარკსი და ჩარლზ ოუკლი გაუშვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნიუ იორკში ერთი დიდი ეპოქა ნელ-ნელა სრულდებოდა. 1999 წლის სეზონი უცნაური გამოვიდა. ლოკაუტის, მოთამაშეების გაფიცვის გამო, სეზონი გვიან დაიწყო და გუნდებმა რეგულარულ სეზონში მხოლოდ 50 თამაში ითამაშეს. პატრიკ იუინგს კვლავ ტრამვები აწუხებდა. ნიქსი მთელი წელი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, სეზონი 27 მოგებით და 23 მარცხით დაასრულა და ძლივს გააღწია პლეი ოფში. ნიუ იორკი მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა. აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე მაიამი ჰიტი იყო, რომელიც სწრაფად პროგრესირებდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მაიამი და ნიუ იორკი ზედიზედ მესამე წელს, კვლავ შეხვდებოდნენ ერთმანეთს - უკვე პლეი ოფის პირველივე წრეში და ამჯერად უკვე უპირობო ფავორიტი მაიამი იქნებოდა. მდგომარეობა აღმოსავლეთ კონფერენციაში დიამეტრულად შეიცვალა. თუკი სულ ორიოდე წლის წინ ნიუ იორკი მაიამის სერიოზულადაც კი არ განიხილავდა, ახლა მაიამი, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის როლში, ნიუ იორკს ძალის პოზიციიდან უყურებდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის იყო, რომ კალათბურთის თამაშს თავი დაანება მაიკლ ჯორდანმა, ლეგენდარული ჩიკაგო დაიშალა და სხვა გუნდებისთვის ბევრად უფრო იოლი გახდა ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

აქამდე კალათბურთის ისტორიაში მერვე გუნდს პირველისთვის მხოლოდ ერთხელ მოეგო. მაიამის შანსებს ზრდიდა ის ფაქტიც, რომ პატრიკ იუინგი მთელი სეზონის განმავლობაში ტრამვების გამო ჩვეულ ფორმაში არ იყო. პირველივე თამაში, ფლორიდაში, მაიამიმ ადვილად მოიგო 20-ქულიანი სხვაობით. მაშინ, როდესაც მაიამის წარმატებაში ეჭვი ცოტას თუ ეპარებოდა, ნიქსმა მოახერხა და მაიამის ჯერ ფლორიდაში მოუგო და შემდეგ ნიუ იორკში - 2:1 სერიაში ნიუ იორკი დაწინაურდა.

თუკი ნიქსი მეოთხე თამაშსაც მოიგებდა ნიუ იორკში, მთლიანად სერიაში გამარჯვება მათ დარჩებოდათ. ნიქსს დასაწყისში თამაში მიჰყავდა და ანგარიშში წინაც იყო, თუმცა შეხვედრის ბოლო მაიამის იყო, რომელთაც ნიუ იორკს 'მედისონ სკვერ გარდენში' 15 ქულით მოუგეს (87-72).

თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მაიამის მხოლოდ მეხუთე, გადამწყვეტი თამაშის საშინაო კედლებში მოგება სჭირდებოდა. თამაშის დასრულებამდე 4.5 წამით ადრე მაიამი 77:76-ს იგებდა. ბურთი ნიუ იორკის იყო. ვან განდიმ გადამწყვეტი სროლა ალან ჰიუსტონს მიანდო. ჰიუსტონმა ისროლა ცალი ხელით, ბურთი ფარს მოხვდა, ჰაერში ავარდა და ისევ ფარში ჩაეშვა. ნიუ იორკმა 1 ქულით მოიგო და მეორეჯერ იძია შური მაიამიზე.

ალან ჰიუსტონის სროლა შესული არის NBA-ს 60 ყველაზე დიდ ისტორიულ მომენტში და სროლის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ - ჰიუსტონი აგდებს და მაიამის ტრიბუნები დუმს.


მაიამის დამარცხებამ კარგად იმოქმედა გუნდის მორალზე. იუინგის ტრამვის მიუხედავად, თავისი ლიდერის გარეშე ნიქსი სუპერფინალამდე მივიდა, სადაც სან ანტონიოსთან დამარცხდა ანგარიშით 4:1. ნიუ იორკმა კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან, დაებრუნებინა მანჰეტენზე ნანატრი ჩემპიონობა თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ.

2000 წელი - პატრიკ იუინგის ბოლო სეზონი

2000 წელი ნიუ იორკისთვის ლეგენდად ქცეული პატრიკ იუინგის ბოლო სეზონი იყო. ნიქსი რეგულარულ სეზონში მესამე ადგილზე გავიდა, მეორე მაიამი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზედიზედ მეოთხედ, ამ გუნდებს მოუწევდათ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა.

მაიამი და ნიუ იორკი უკვე კლასიკად ქცეულ დაპირისპირებაში კონფერენციის ნახევარფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს. საშინაო პარკეტის უპირატესობა კვლავ მაიამის ჰქონდა.

სერიის თითოეული თამაში უკიდურესად დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი ბოლო წამებში წყდებოდა ხოლმე. პირველი თამაში მაიამიმ 4-ქულიანი სხვაობით მოიგო - 87:83, მეორე თამაშში ფლორიდაში უკვე ნიქსს დარჩა გამარჯვება 82:76. მატჩის სცენარი კვლავ იგივე იყო - მუდმივი ბრძოლა, უხეშობა, დაცვა აშკარად ჩაგრავდა შეტევას და თითოეულ გუნდს უჭირდა, მიეღწია თუნდაც 80 ქულისთვის.

შემდეგი ორი თამაში უკვე ნიუ იორკში გაიმართა. მესამე თამაშის ბოლო წამებში ნიუ იორკი ორი ქულის სხვაობით აგებდა, 2.4 წამი იყო დარჩენილი, როდესაც პატრიკ იუინგმა ანგარიში გაათანაბრა. დაინიშნა ოვერტაიმი. ოვერტაიმის უკანასკნელ წამებში, მაშინ, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო 75:75, პატრიკ იუინგმა ჯარიმები მოიპოვა, თუმცა 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა და ნიუ იორკი 1 ქულით წინ გავიდა.

ბოლო შეტევა მაიამის იყო, ახალწვეულმა ენტონი კარტერმა 2.1 წამით ადრე 2-ქულიანი ჩააგდო, სროლა, რომელიც ბევრის აზრით, მან წესების დარღვევით შეასრულა. მატჩი მაიამიმ მოიგო 77:76 (ანუ გუნდებმა ოვერტაიმის ჩათვლით ვერ ჩაყარეს 80 ქულა), კარტერის სროლამ კი ბევრი კამათი გამოიწვია და დაძაბულობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა.

2000 წელს პატრიკ იუინგის ბოლო სეზონი იყო

მეოთხე თამაში ნიუ იორკში ნიქსმა მოიგო, ანგარიშით 91:83. მატჩის გმირი ჩარლი ვორდი იყო, თავისი 21 ქულით.

მეხუთე თამაშში ფლორიდაში მაიამი 2 წუთით ადრე თამაშს აგებდა, თუმცა ბოლო 2 წუთში სამი სამქულიანი ჩააგდო - ორჯერ დენ მაჯერლემ, ერთხელ ბრიუს ბოუენმა და ბოლო წამებში მოტრიალებული თამაში ანგარიშით 86:81 მოიგო.

მაიამის საბოლოო გამარჯვებამდე მხოლოდ 1 მოგება სჭირდებოდა. მეექვსე თამაშში ნიუ იორკში ნიქსმა საშინლად დაიწყო, პირველ ნახევარში მხოლოდ 30 ქულა ჩააგდო და თამაშს 45:30-ს, მთელი 15 ქულით აგებდა. თითქმის ყველაფერი წაგებული იყო, თუმცა ნიუ იორკმა მეორე ტაიმში თავისი ყველაზე კარგი დაცვა ითამაშა და მთელი მეორე ტაიმის მანძილზე მაიამის მხოლოდ 25 (!) ქულა ჩააგდებინა. თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ნიუ იორკი მაიამის ჯერ დაეწია, შემდეგ კი პატრიკ იუინგის 2-ქულიანით წინაც გავიდა. ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა, როდესაც ალან ჰიუსტონმა შეხვედრის დასრულებამდე 22 წამით ადრე საჯარიმო სროლების უფლება მიიღო, მან ორიდან ორივე საჯარიმო გამოიყენა და ნიუ იორკი 2 ქულით, 72:70 გავიდა წინ. ბოლო შეტევა კვლავ მაიამის იყო, პატ რაილიმ შეტევა და მთელი სერიის ბედი მესამე თამაშის მსგავსად ლიგის ახალწვეულ ენტონი კარტერს მიანდო. კარტერმა გადაწყვიტა, რომ სამქულიანით შეეტია და ერთი სროლით მოეგო მთელი თამაში და მთელი სერია. კარტერის სამქულიანი არაზუსტი გამოდგა. ნიქსი გამარჯვებას ზეიმობდა.

პატ რაილი: „ეს იცით, რას გავს?! როცა ორი კაცი ერთმანეთს ჩააფრინდება და ახრჩობს, არცერთს არ უნდა მეორეს ხელი გაუშვას და ვერცერთი ვერ ახერხებს, მეორე მათგანის საბოლოოდ დახრჩობას. ეს რაღაც სიგიჟეა.“

მეშვიდე თამაში

კიდევ ერთხელ და უკვე ზედიზედ მეოთხედ, ნიუ იორკის და მაიამის დაპირისპირება გადამწყვეტ, უკანასკნელ თამაშამდე მივიდა. 1997-ში სერიის ბედი მეშვიდე თამაშში გადაწყდა. 1998 და 1999 წლებში მათ ხუთთამაშიან სერიაში მოუწიათ გამარჯვებულის გარკვევა და ორივე შემთხვევაში მატჩის ბედი მეხუთე თამაშში გადაწყდა. ამჯერად, კვლავ მეშვიდე თამაში, კვლავ მაიამიში. უკეთესად თამაშობდა რა რეგულარულ სეზონს, მაიამიმ ზედიზედ ოთხჯერ მოახერხა, რომ გადამწყვეტი თამაში ფლორიდაში ჩატარებულიყო.

პირველი ნახევარი მაიამიმ 11 ქულით მოიგო. საბოლოო გამარჯვება კვლავ ძალიან ახლოს იყო. ნიუ იორკმა შესვენების შემდეგ კვლავ ითამაშა მათთვის საფირმო დაცვა და თამაშში დაბრუნება შეძლო. თამაშის ბოლო წუთებში ანგარიში ჯერ გათანაბრდა, შემდეგ კი ნიუ იორკი 2 ქულით წინ გავიდა. 2 ქულას ასეთ თამაშში, სადაც თითოეული ბურთის ჩაგდება ასეთი რთული იყო, ძალიან დიდი ფასი ჰქონდა - უფრო მეტი, ვიდრე 2 ქულას დღეს. მატჩის დასრულებამდე 92 წამით ადრე ტიმ ჰარდევეიმ თავისი სამქულიანით მაიამი 1 ქულით წინ გაიყვანა.

მატჩის კულმინაცია ლიდერების, ორი ცენტრის, პატრიკ იუინგისა და ალონზო მორნინგის დაპირისპირება გახდა. ალონზომ ბურთის მოპარვა სცადა, არ გამოუვიდა და იუინგმა ეფექტური ჩატენვით ნიუ იორკი დააწინაურა. ბოლო შეტევა კვლავ მაიამის იყო, შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე, მაიამის კლარენს უოტსერსპუნმა ისროლა. ისროლა და ვერ ჩააგდო, ნიუ იორკმა სერია მოიგო.

პატრიკი ალონზო მორნინგის წინააღმდეგ

1997 წლის დასანანი მარცხის შემდეგ ზედიზედ მესამედ, ნიუ იორკმა მოახერხა მაიამის დამარცხება, მისსავე მოედანზე, გადამწყვეტ თამაშში.

თუმცა, სანატრელი ჩემპიონობა ნიუ იორკმა ამ წელსაც ვერ მოიპოვა. კონფერენციის ფინალში ნიუ იორკი ინდიანასთან, თავის კიდევ ერთ პრინციპულ მტერთან (ალბათ ოდესმე ამაზეც დავწერ) დამარცხდა. თავის მხრივ ინდიანასაც არ ჰქონდა სუპერფინალში შანსი შაკის და კობის ლეიკერსთან.

ამ ფაქტმა ნიუ იორკში სინანულის განცდა 1997 წლის სერიის გამო კიდევ უფრო გააღრმავა. მათ მაიამისთან მხოლოდ ერთხელ დათმეს, თუმცა მხოლოდ დისკვალიფიკაციის გამო და ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაზე მაგარი გუნდი ჰყავდათ, როდესაც პატრიკ იუინგი ფორმის პიკში იყო, როდესაც მათ ჯორდანის ჩიკაგოსთან უნდა ეთამაშათ. არავინ იცის, რა უფრო მწარე იყო, 1997 წლის მარცხი ნიუ იორკისთვის, თუ ზედიზედ სამჯერ სახლში წაგება მაიამისთვის.

ამ სერიამ, ბევრი "What if..." გააჩინა. ამ წელს წავიდა პატრიკ იუინგი და ნათელი გახდა, რომ ნიუ იორკში დიდი ეპოქა დასრულდა. გუნდმა მასთან ერთად ჩემპიონობა მაინც ვერ მოიპოვა.

ბილ სიმონსი: „ეს არ მოხდა. ნიქსის ილუზიაში მყოფი გულშემატკივრების გარდა ყველა ხვდებოდა, რომ ეს არც არასოდეს მოხდებოდა. იცით, რას გავდა ეს? კინოში ქალს ქმარი რომ უკვდება, მას არ უნდა ამის დაჯერება და მოთქვამს. ოთახში უხერხული სიჩუმეა, ვიღაც მივა მასთან და ეუბნება - „ის გარდაიცვალა“, ქალი კი მოთქმას აგრძელებს - „არა, არა, ის არ მომკვდარა“ - ზუსტად ასე იყვნენ ნიქსის ფანები.“

P.S. ნიქსი უკვე 20 წელია ჩემპიონობასთან ახლოსაც კი არ ყოფილა. პატ რაილიმ კი მაიამიში დიდი გუნდი ააშენა და 2006-ში მათ ჩემპიონობა მოიგეს.

იყო შანსი, რომ სულ რამდენიმე წლის წინ მაიამი-ნიუ იორკის დაპირისპირება ახალი ძალით დაწყებულიყო. პატ რაილიმ მაიამიში 'დიდი სამეული' - ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი და კრის ბოში შეკრიბა. ორჯერ ჩემპიონი გუნდის წინააღმდეგ, ნიუ იორკმა სცადა, შეეკრიბა თავისი ვარსკვლავური სამეული - კარმელო ენტონის, ამარე სტაუდმაიერის და ტაისონ ჩენდლერის შემადგენლობით. დაპირისპირებას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ ნიუ იორკი ორი წელი ემზადებოდა ლებრონ ჯეიმსის პოტენციური ტრანსფერისათვის. ორი წლის მანძილზე ნიუ იორკში იმედი ჰქონდათ, რომ თუ „მეფე ჯეიმსი“ მშობლიურ კლივლენდს დატოვებდა, კარიერას ნიუ იორკში გააგრძელებდა. თუმცა ნიქსის გულშემატკივართა მრავალმილიონიან არმიას გაწბილება ელოდა - ლებრონი კლივლენდიდან წავიდა, თუმცა არა ელიტურ და პრესტიჟულ ნიუ იორკში, არამედ მაიამიში, პატ რაილისთან.

ამ წამოწყებიდან არაფერი გამოვიდა, მაიამის 'დიდი სამეული' ოთხი წლის განმავლობაში უკონკურენტო იყო აღმოსავლეთით, ამარე ტრამვებმა გააწამა, კარმელო ენტონი არარეალიზებული ტალანტის სიმბოლოდ იქცა, ტაისონ ჩენდლერი კი ვარსკვლავი არასოდეს ყოფილა. ნიუ იორკი და მაიამი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ პლეი ოფში, სერია მაიამიმ ადვილად მოიგო, ანგარიშით 4:1 და როდესაც სერიის პირველ თამაშში მაიამი იოლად, 30 ქულაზე მეტით უგებდა ნიუ იორკს, მაიამის გულშემატკივარი, ხმაშეწყობილად გაჰყვიროდა - New York sucks.

კომენტარები

ბოლო ამბები